ცხინვალელ ჟურნალისტს, ერთ–ერთ მთავარ ოს „საველე მეთაურ“ თემურ ცხოვრებოვს მხოლოდ იმის გამო გაუსწორდნენ, რომ მან ქართულ–ოსურ სამოქალაქო ფორუმში მონაწილეობა მიიღო. აღნიშნული ფაქტი დაგმეს თბილისში და ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზშიც.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch–ი კი რუსეთსა და საერთაშორისო საზოგადოებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტულ რეჟიმზე ზეწოლისკენ მოუწოდებს. უფლებადამცველების განცხადების თანახმად, ცხინვალელ აქტივისტსა და ჟურნალისტს თემურ ცხოვრებოვს ცხინვალის ცენტრში ათკაციანი ჯგუფი დაესხა თავს და უმოწყალოდ ცემა. მას მოკვლით ემუქრებოდნენ. ინფორმაციის თანახმად თავდამსხმელთა ჯგუფში სეპარატისტთა პარლამენტის სამი წევრიც იყო.
„ჰუმან რაითს ვოჩი“ ამ ინციდენტის სასწრაფოდ გამოძიებას ითხოვს და აცხადებს, რომ ცხოვრებოვი მძიმე დაზიანებებით იქნა ჰოსპიტალიზირებული. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას მოკვლით ემუქრებოდნენ იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ხელი მოაწერა ქართველ აქტივასტებთან ერთად ერთობლივ მოწოდებას, სადაც ნათქვამია, რომ სეპარატისტებმა და საქართველოს მთავრობამ ჰუმანიტარულ საკითხებში ურთიერთთანამშრომლობას უნდა მიმართონ.
როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, „რუსეთმა და საერთაშორისო საზოგადოებამ მარიონეტულ რეჟიმზე ზეწოლა უნდა მოახდინონ, რათა მან ჟურნალისტ თემურ ცხოვრებოვის ცემის ფაქტზე პასუხისმგებლობა აიღოს და სამოქალაქო და პოლიტიკური ცხოვრებისათვის ნორმალური პირობები შექმნას“.
„ჩვენ შეგვძრა ცხოვრებოვზე თავდასხმის ფაქტმა და შეშფოთებული ვართ სამხრეთ ოსეთში აქტივისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ვითარებით“, – აცხადებს ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი ჰოლი კარტერი.
ამასთან, ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელზე თავდასხმის ფაქტი რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გამოიძიოს.
ქართულმა მხარემ ამ ფაქტის გამო მწუხარება უკვე გამოთქვა. როგორც საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი აცხადებს, „ჟურნალისტის ცემის ფაქტი სამწუხაროა, თუმცა კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ იგი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა ცემეს“.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იგი ქართველებთან საუბრის გამო ცემეს. იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება ურთიერთობების აღდგენასა და შენარჩუნებას ცდილობს, ასეთი ვანდალური ქმედებები იმისკენ არის მიმართული, რომ საოკუპაციო ჯარების ხელშემწყობი რეჟიმები მაქსიმალურად იყვნენ დისტანცირებულნი ყველასგან, მათ შორის – საერთაშორისო საზოგადოებისგან, რათა ის უმსგავსობები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, შეუმჩნეველი დარჩეს“, – აცხადებს თემურ იაკობაშვილი.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრი მნიშვნელოვანს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ცხოვრებოვის ცემასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა განცხადებები გააკეთეს და ინციდენტის გამოძიება მოითხოვეს.
იაკობაშვილის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიების დაშვებას მოითხოვს, სწორედ მსგავსი ვანდალური ფაქტები და მათი აღკვეთის აუცილებლობაა.
აღსანიშნავია, რომ თემურ ცხოვრებოვის მხარდასაჭერად ხელმოწერები ჩრდილოეთ ოსეთის ჟურნალისტებმაც შეაგროვეს. მათ ღია მიმართვა ცხინვალის რეჟიმს გაუგზავნეს, – იუწყება ინტერნეტგამოცემა „კავკაზსკი უზელი“. მიმართვის დაწერის იდეის ავტორის, ალან ცხურბაევის განცხადებით, მიზანი არა მომხდარის მიზეზების გარკვევა, არამედ იმის დაფიქსირებაა, რომ ასეთი შემთხვევები არ უნდა ხდებოდეს.
იგი მიზეზებისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული ანტიქართული განწყობის მიუხედავად, თემურ ცხოვრებოვის ცემას ცალსახად უარყოფითად აფასებს. ცხურბაევის განმარტებით, სწორედ ამიტომ გადაწყდა, ინციდენტის გამოძიების თხოვნით დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებისთვის მიემართათ.
ცხინვალის რეჟიმისთვის გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ ოსეთის ჟურნალისტები ცხოვრებოვის ცემის ფაქტით აღშფოთებულები არიან.
„ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს ველური თავდასხმა თემურის საზოგადოებრივ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, რადგან მას ცემამდე ემუქრებოდნენ. სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია, რაც ჩვენს კოლეგას შეემთხვა. ამიტომ მივმართავთ პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის, როგორც კონსტიტუციის გარანტს, ამ საქმის გამოძიება პირადად გააკონტროლოს“, – ნათქვამია ჩრდილოეთ ოსეთის ჟურნალისტების მიმართვაში.
მიმართვას ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედი გაზეთების, რადიოსადგურების, ჟურნალებისა და საინფორმაციო სააგენტოების 12 ჟურნალისტი აწერს ხელს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქე, ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის წევრი, გაზეთ „21-ე საუკუნე-ს“ რედაქტორი, ერთ-ერთი მთავარი ოსი საველე მეთაური თემურ ცხოვრებოვი 24 ივლისს ცხინვალში სცემეს. მასზე თავდასხმაში დე-ფაქტო პარლამენტის სამი წევრი უშუალოდ მონაწილეობდა.
ცხოვრებოვის მიმართ ცხინვალის რეჟიმის აგრესია ქართულ-ოსურ სამოქალაქო ფორუმში მისმა მონაწილეობამ განაპირობა.