პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეორგოლის შინაარსს მუქარად აღიქვამს და აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტმა „უკვე დაიწყო მუქარები“. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
„დიახ სამართლიანი არჩევნების ნორმალურად ჩატარება იყო შეუძლებელი. კარგად მახსოვს თქვენი გადაწერილი ოქმები, რომელსაც ზოგჯერ 100%-მდეც ვერ ამრგვალებდით და 102, 103% გეწერათ. 2012 წელს რაც მოხდა ეგ თქვენი დამსახურება ნამდვილად არ არის. სპეცნაზი გყავდათ მობილიზებული ყველა უბანზე და ხაშურში შევარდით კიდევაც. საბოლოო შედეგი თქვენი დამსახურება ნამდვილად არ ყოფილა და ვისიც იყო ყველამ ვიცით.
რაც შეეხება „ვინმე ჩუგოშვილს”, ნამდვილად არ გეცოდინებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციები სულ არ გაინტერესებდათ და არასდროს მიგიქცევიათ ყურადღება, რას ამბობდნენ“, - წერს ჩუგოშვილი.