გიორგი ვოლსკი: ჩვენი წინასაარჩევნო ბატალიები დაემსგავსა გლადიატორების ბრძოლას

გიორგი ვოლსკი: ჩვენი წინასაარჩევნო ბატალიები დაემსგავსა გლადიატორების ბრძოლას

„ჩვენი წინასაარჩევნო ბატალიები დაემსგავსა გლადიატორების ბრძოლას, სადაც ადამიანები ცუდს სიტყვებს არ იშურებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ერთმანეთისთვის ვამბობ, მაგრამ ძირითადად ერთი ადამიანის მიმართ ხორციელდება ეს, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. არც ერთი ოპონენტი არ დარჩენილა, რომ არ ეთქვა ის, რაც არის ჩვენს საზოგადოებაში გაგებული, როგორც შეურაცხყოფილი სიტყვა.

შეურაცხმყოფელ სიტყვებს თავი დავანებოთ, ამხელა რაოდენობის დეზინფორმაცია, რაც მოვისმინეთ, მე არ გამიგია. ადამიანები პირდაპირ გვპირდებიან, არც მეტი არც ნაკლები, სამოქალაქო დაპირისპირებას, დანგრევას ყველაფრის და ამ ნანგრევებზე იმ ხელისუფლების აშენებას, რომელიც თითონ აწყობთ და გეუბნებიან, რომ შენ ამას უმრავლესობის წევრები, თქვენ თვითონ ამას ქადაგებთო.

ადამიანებმა, რომლებმაც აგვისტოს ომის წინ, 4-ში, 5-ში, 6-ში, 7 აგვისტოს, ამასაც რომ თავი დავანებოთ, 8 აგვისტოს 12 საათამდე გვარწმუნებდნენ, რომ რუსეთი არ შემოდის და ამათ კიდევ ამ სეპარატისტებს, ამ პროვოკატორებს ჩვენ 2 საათში მოვუღებთ ბოლოს, ესენი გვეუბნებიან დღეს, რომ თურმე სალომე ზურაბიშვილს უთქვამს ინტერვიუში, რომ დაპირისპირებისკენ მივყავდით ამ დაძაბულ რიტორიკას.

როცა მთელი მსოფლიო იმავეს ამბობს, დავანებოთ იმ რეზოლუციას თავი, 130 ადამიანი თუ მეტი, სამოქალაქო პირზე ვამბობ, მე არ ვამბობ, ვინც გმირულად იბრძოლეს და დაეცნენ. ადამინები გახდნენ მსხვერპლი იმისა, რომ ელემენტარულად ვაშაძე, ბაქრაძე, იაკობაშვილი და მთელი ეს გუნდი სააკაშვილის მეთაურობით ამბობდა, რომ არაფერი არ ხდება, ჩვენ ამას უცებ ავიღებთ და ამ პროვოკატორებს ჩავაკმენდინებთ ხმას.

უფრო მეტიც, გვეუბნებოდნენ, რომ მოსკოვი გაკვირვებულიაო, მოსკოვს გაუკვირდაო რა უნდა ამ კოკოითსო, ამ პროვოკატორსო. და თურმე ბატონ ვაშაძეს სთავაზობდნენ, ჩამოდი მოსკოვში და გავარჩიოთ, რა ხდებაო. რას უნდა აკეთებდეს ამ დროს ხელისუფლება, უნდა ჩადიოდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოში და განგაშს ტეხდეს. ამის ფონზე რაც მე მოგიყევით, ვიღაცა ამბობს, რომ თურმე ჰააგაში ერთ-ერთ სასამართლოში, ისარგებლეს რა სადღაც მიცემული ინტერვიუთი სალომე ზურაბიშვილის, აქედან წააგეს თვითონვე სასამართლო პროცესი. ეს არის უზნეობა. ჯერ ერთი, არაფერი დამთავრებული არ არის, პროცესები მიმდინარეობს ერთ სასამართლოში, მეორეში, რუსეთს არ გადაარჩენს არაფერი, მაგათ გამტყუნებას, იმიტომ რომ კარები შემოგიმტვრია. ახლა შიგნიდან თუ გაუღეს ამათ კარები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არის აგრესორი და არ არის ოკუპანტი. მაგრამ განა შეიძლება ავიტანოთ ამდენი ტყუილი, მაშინ როდესაც მე ამ ადამიანებს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ იმაში, რომ კომპეტენცია არ ჰყოფნით, ზუსტად იციან, რაც მოხდა, აქედან გამომდინარეობს ის გავეშებული, გაცხოველებული შეტევა, რომ თითქოს აქ დანაშაული არსებობს იმ კანდიდატურის, რომელიც ვეღარ იგერიებს ამ შემოტევას, იმიტომ რომ ვერცერთ კანდიდატი, სხვა 24-ია მგონი კიდევ მის გარდა, თუ 23, არ ერიდება იმას, რომ ყველა ის რიტორიკა გაიმეოროს, რაც ესმით „ნაციონალური მოძრაობისგან“. ეს არის რეალობა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, რეალურად შეაფასოს, რა მოხდა და ვინ იყო ამის შემოქმედი, დამგეგმავი და განმახორციელებელი", - განაცხადა ვოლსკიმ.