„გაუგებარია რა ელოდებათ მოქალაქეებს, რომლებსაც დაზღვევა არ აქვთ“

„გაუგებარია რა ელოდებათ მოქალაქეებს, რომლებსაც დაზღვევა არ აქვთ“

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის პროგრამების ხელმისაწვდომობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მოსახლეობის 60%-ის ჯანმრთელობა დაზღვეული არ არის. ჯანდაცვის პროგრამების გაუქმებით სრულიად გაუგებარი ხდება რა ელოდებათ მოქლაქეებს, რომლებსაც დაზღვევაც არ აქვთ.

 

პარლამენტში ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრ სანდრო ურუშაძეს მოუსმინეს. სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. საპარლამენტო ოპოზიცია მინისტრს კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს და მათზე დროულ რეაგირებას მოითხოვს.

 

ოპოზიცია ჯანდაცვის პროგრამების მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომობას მოითხოვს. მათი თქმით, უნდა ამუშავდეს საავადმყოფოები, რომლებიც დღეისთვის არ ფუნქციონირებს.  ხელისუფლების ოპონენტები ექიმებისთვის შრომითი პირობების გაუმჯობესებასაც მოითხოვენ.  

 

ჯანდაცვის მინისტრი მის უწყებაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ სანდრო ურუშაძემ ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„სხდომაზე კონკრეტული და მწვავე შეკითხვები დაისვა. შევეცადე, წარმომედგინა ჩვენი ხედვა ყველა იმ მიმართულებაზე, რაც დაკავშირებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. კომისიიის წევრები დაინტერესდნენ ინფრასტრუქტურული პროექტებით, ახალი ჰოსპიტლების მშენებლობის პრობლემებით. ასევე იმ კონკრეტული ხარჯებითა და მიმართულებებით, რომლებიც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას უკავშირდება“, - აღნიშნა ურუშაძემ.

 

მისი თქმით, საუბარი შეეხო უწყებაში მიმდინარე რეფორმებს, კერძოდ – რა ძირითადი ამოცანები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს.

 

„შეხვედრა დიალოგის კარგი დასაწყისია. მზად ვართ, დიალოგს რეგულარული ხასიათი მიეცეს. დარწმუნებული ვარ, როგორც თავმჯდომარემ, ასევე საბჭოს წევრებმა მიიღეს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ როგორ გვაქვს წარმოდგენილი ჯანდაცვის პრობლემების ადმინისტრირება 2011 წლისთვის“, - აღნიშნა ურუშაძემ.

 

„საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის პროგრამები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, – ამის შესახებ ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

 

„ჩვენთვის მთავარია, ჯანდაცვა ჩვენი მოქალაქებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. თუმცა ვერ ვხედავთ, რომ მთავრობა საპასუხო ნაბიჯებს დგამდეს. ასევე ვერ ვხედავთ, როგორ აპირებს მოსახლეობის უზრუნველყოფას. 60%-ისთვის რომელზედაც დღეს მთავრობა საუბრობს, დაზღვევა ხელმისაწვდომი არ არის“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.

 

მისი თქმით, თუ რეფერალური პროგრამა უქმდება, ხოლო ასაკობრივი შეზღუდვები წესდება კარდიოქირურგიაზე, ონკოლოგიაზე, მაშინ გაუგებარია, რა ელოდებათ მოქლაქეებს, რომლებსაც დაზღვევაც არ აქვთ.

 

„ეს არის მთავარი კითხვა, რომელზედაც პასუხი ჩვენ ვერ მოვისმინეთ. იმედი გვაქვს, რომ კონსულტაციების გზით რაღაცას მაინც მოვახერხებთ, რომ ჩვენი მოქალაქეების მდგომარობა ცოტათი მაინც უკეთესი გახდეს“, - აღნიშნავს ვეფხვაძე.

 

„უნდა ამუშავდეს საავადმყოფოები, რომლებიც დღეისთვის არ ფუნქციონირებს“,  – აცხადებს სხდომის დასრულების შემდეგ გია თორთლაძე.

 

„ყველა შეკითხვაზე მივიღეთ პასუხი. კონკრეტული საავადმყოფობის მიმართ, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა, დამაიმედებელი და საინტერესო მიდგომების შესახებ მივიღეთ ინფორმაცია. ის საავადმყოფოები, რომლებიც არ ფუნქციონირებს, უნდა ამუშავდეს, ხოლო კონკრეტული კომპანიები, რომლებმაც ვალდებულებები არ იკისრეს, შესაბამისი სანქციებით უნდა დაისაჯოს“, - აღნიშნა თორთლაძემ.

 

მისი თქმით, შეხვედრაზე მხარები შეთანხმდნენ, რომ დეკემბრის დასაწყისში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და ასეთი შეხვედრები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.

 

„ქართული დასის“ ლიდერის, პარლამენტარ ჯონდი ბაღათურიას ინიციატივას, ექიმების ანაზღაურების გაზრდის შესახებ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძე მიესალმება.

 

„რატომაც არა. ჩემთვის მხოლოდ მისაღები იქნება შრომის პირობების დ იმ გარემოს გაუმჯობესება, რომელშიც ექიმები მუშაობენ“, - აღნიშნავს ურუშაძე.

 

მისივე თქმით, აუცილებელია ექიმებისთვის პირობები არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც გაუმჯობესდეს, რომ მოხდეს კავლიფიციური სამედიცინო პერსონალის მოზიდვა.

 

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, ექიმებს პაციენტის მომსახურებში სადაზღვეო კომპანიები მხოლოდ 0.30-0.40 ლარამდე უხდიან.

 

ბაღათურია ჯანდაცვის სამინისტროსგან ყველა შეჩერებული ჯანდაცვის პროგრამის აღდგენასაც მოითხოვს.

 

„დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს ყველა ჯანდაცვის პროგრამა. მინიმალური პენსია  საარსებო მინიმუმის ზღვრამდე უნდა გაიზარდოს, – აცხადებს ბაღათურია.