ბევრად უფრო მეტის გადამხდელი ვარ, ვინც დაიჭერს კობახიძეს და შეკრეჭს თმას, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებაში დღეს დაბალი დონის ადამიანები არიან. მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებით გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.
სააკაშვილის კომენტარს ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში “ფეისბუქის” გვერდზე ასე ეხმაურება:
“გუშინ წუწუნებდა რომ გიული გვარჩენსო, ახლა ბევრ ფულს გადავიხდი ვიღაცის დასაბანადო. იქნებ ჩამოყალიბდე “გიულიჩ” გაქვს ფული თუ არა?”, – წერს ხალვაში.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშველმა განაცხადა, რომ ამსტერდამში ცხოვრებაში მას დედა ეხმარება. ვრცელი რეპორტაჟი მას უკრაინულმა ტელეარხმა “1+1” მიუძღვნა.
სააკაშვილის თქმით, ბინა მას ამსტერდამში თვეში 300-350 ევრო უჯდება, ჯამში კი კომუნალური ხარჯები 400 ევრომდე აღწევს. „ავტომობილი ველოსიპედით შევცვალე, კოსტუმები კი – ჯინსებით. დედაჩემი, რომელსაც კარგი ანაზღაურება აქვს, ეხმარება ჩემ ცოლ-შვილს საქართველოში და ხანდახან ცოტას მეც მეხმარება,“-ამბობს სააკაშვილი.
2018 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს კიევში სახლს დედა უშენებს. ამის შესახებ გიული ალასანიამ თვითონ ილაპარაკა. მისი თქმით, სახლი იმ თანხით შენდება, რომელიც თბილისში მშობლების სახლის გაყიდვიდან მიიღეს.