მალე ბერა ივანიშვილის "ჯორჯიან დრიმ სტუდიო" მაყურებელს ახალ შემეცნებით-გასართობ არხს შესთავაზებს, სახელწოდებით - GDS TV. საცდელი მაუწყებლობა 20-საათიანი ეთერით აგვისტოდან დაიწყება და შემოდგომაზე სრულად დაიტვირთება. ამ ეტაპზე ტელევიზიის შენობაში რემონტი ბოლომდე დასრულებული არ არის, მზადდება სტუდიები. არხის დირექტორი რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი გახლავთ, პროდიუსერი - ელენე კოლელიშვილი.
ლევან დაბრუნდაშვილი არაერთი ფილმისა და სარეკლამო რგოლის, ასევე, ბერა ივანიშვილის კლიპების რეჟისორია. რამდენიმე თვის წინ, ბერამ ჩემთან ინტერვიუში თქვა: "როცა ამერიკელებმა "ოცნებების ღამე" ნახეს, ვერ იჯერებდნენ, რომ საქართველოში გახლდათ გადაღებული. სხვათა შორის, სწორედ მათ მირჩიეს, ჩემს ამერიკულ სინგლზე ლევანთან ერთად ვიმუშაო. საფრანგეთში, ამერიკასა და საქართველოში არაერთ რეჟისორთან მიმუშავია, მაგრამ ლევან დაბრუნდაშვილი ჩემი ფავორიტია". ახლა ბერამ ლევანს ტელევიზია ჩააბარა. ის არხის გადაცემებზე და სამომავლო გეგმებზე ელენე კოლელიშვილთან ერთად გვესაუბრება.
ლევანი:
- თავიდან გვქონდა იდეა, სტუდია გაგვეკეთებინა, სადაც გადავიღებდით დოკუმენტურ ფილმებს, მუსიკალურ კლიპებს; მოვამზადებდით ფილმებს სოციალურ თემაზე და ა.შ. ვფიქრობდით, რომ პროდუქტს შევქმნიდით და ტელევიზიებს მივყიდდით. ეს ჩვეულებრივი სატელევიზიო ბიზნესი იქნებოდა, მაგრამ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანის თავმოყრამ გვაფიქრებინა, რომ ტელევიზია თავად უნდა გაგვეკეთებინა. ერთდროულად ბევრი იდეა გაჩნდა. ამდენ პროექტს ვერც ერთი ტელევიზია ვერ შეისყიდდა. ჩვენ ყველა ადამიანს მივეცით საშუალება, საკუთარი პროექტი გამოეგზავნა. ვინც საინტერესო იდეა მოგვაწოდა, მივიღეთ. ტელევიზიის კარი ყველა ნიჭიერი ადამიანისთვის მომავალშიც ღია იქნება. ეს ჩვენი არხის პოლიტიკაა.
- ეთერში გასვლას რამდენი პროექტით აპირებთ?
- სექტემბრიდან მინიმუმ, 15 დიდი პროექტი გვექნება, მათ შორის, 4 მასშტაბური რეალითი შოუ დაიწყება. ძირითადად, ხელოვნების სფეროს მოვიცავთ. დავეხმარებით მხატვრობის, მუსიკის განვითარებას, ქართული კინოს აღორძინებას; ხელს შევუწყობთ წიგნების პოპულარიზაციას. ვაპირებთ ქართულ მითოლოგიაზე დოკუმენტური ფილმების გადაღებას და ა.შ.
- ერთ-ერთ რეალითი შოუზე დეტალურად ვილაპარაკოთ...
- მაგალითად, ერთ-ერთი რეალითი შოუ იქნება "სინემატოგრაფი". ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსს სცენარებზე. შემდეგ ავიყვანთ 4 ახალგაზრდა დამწყებ რეჟისორს და ყველანაირ პირობას შევუქმნით, 4 სხვადასხვა ჟანრში 4 ფილმი რომ გადაიღონ. დავეხმარებით ფინანსებით, აპარატურით, პროდიუსერებით და მსახიობთა ბაზით. დამწყები რეჟისორები იმუშავებენ პროფესიონალ ოპერატორებთან, რომლებსაც ასისტენტებად დამწყები ოპერატორები ეყოლებათ. ბაზაში ყველას თავისი პორტფოლიოთი შევიყვანთ. ახალგაზრდებს პროფესიონალების გვერდით მუშაობა დიდ გამოცდილებას შესძენს. ყველა პროექტს ეყოლება "მაესტრო" (ეს ჩვენი სამუშაო სახელია), რომელიც მათ ფილმის "გაკეთებაში" დაეხმარება. "მაესტროების" ჯგუფი 4 პროფესიონალისგან შედგება. ესენი არიან: რეჟისორი, მსახიობი, კინომხატვარი და კომპოზიტორი... გარდა ამისა, გვექნება მუსიკალური რეალითი შოუ - "იყავი ვარსკვლავი". ვამზადებთ პროექტს ლეგენდების მაძიებლებზეც. ახალგაზრდები მთაში მცხოვრები ხალხისგან საინტერესო ამბებს ჩაიწერენ. ჩვენამდე მოღწეულ ლეგენდებზე უფრო მეტს გაიგებენ და შემეცნებითი გადაცემების ციკლი მომზადება.
- "ოცნების დილაზე" რას გვეტყვი?
- დიახ, ასე ერქმევა ჩვენს დილის გადაცემას. ეს იქნება განსხვავე-
ბული დილის ეთერი, სადაც ბევრი ახალი სახე გამოჩნდება. ესეც ჩვენი პოლიტიკაა - აღმოვაჩინოთ ახალი სახეები.
- დილის გადაცემის წამყვანები მსახიობები - დათო გელაძე (ჩელე) და სალომე ნინუა იქნებიან?
- ბოლომდე გადაწყვეტილი არაფერია. კასტინგი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
ელენე:
- ის ადამიანები, რომლებიც "რგოლებში" ნახეთ, ჩვენი არხის სახეები იქნებიან, მაგრამ ვინ იმუშავებს დილის ეთერზე და ვინ - სხვა გადაცემებზე, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.
- თქვენი ბაზა მრავალრიცხოვანია?
- საკმაოდ, მაგრამ იმედია, მომავალში კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი გახდება.
- თქვენი დილის ეთერი განსხვავებული რით იქნება?
ლევანი:
- სიუჟეტიც კი განსხვავებულად მომზადდება. არხის სახეები არა მხოლოდ ის ჟურნალისტები იქნებიან, რომლებიც წამყვანებად იმუშავებენ, არამედ ისინიც, ვინც სიუჟეტებს ქუჩიდან მოამზადებენ. ჩვენთან მხოლოდ რესპონდენტზე მიშვერილ მიკროფონს კი არ დაინახავთ, არამედ იმ ჟურნალისტსაც, ვისაც ეს მიკროფონი უჭირავს ხელში. კადრში გამოჩნდებიან ოპერატორებიც, მათ მეორე ოპერატორი გადაიღებს. ჩვენი არხი სტრუქტურულად "დისქავერისა" და "ემტივის" ნაზავი იქნება.
- უცხოელი კონსულტანტები გყავთ?
- არა. ეთერში გასვლის შემდეგ, შეიძლება ბევრ ადამიანს ეგონოს, რომ ყველაფერი უცხოელი სპეციალისტების დახმარებით გავაკეთეთ, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. უბრალოდ, თანამშრომლები ერთად ვმსჯელობთ, რა და როგორ გავაკეთოთ, ერთმანეთს იდეებს ვუზიარებთ და ერთ აზრზე ვჯერდებით.
- ვიცი, რომ ლევანი ბერას ფავორიტი რეჟისორია. ელენე, შენ ამ ტელევიზიაში როგორ მოხვდი?
ელენე:
- სადაც ლევანი და ჯაბა მელქაძე (რეჟისორი) არიან, მეც მათთან ერთად ვარ. წლებია, ერთად ვმუშაობთ ფილმებზე, რეკლამებზე, კლიპებზე და ა.შ.
- თქვენი მსახიობების ბაზაში ზაზა კოლელიშვილის გარდა, სხვა რომელი ცნობილი მსახიობები არიან?
ლევანი:
- ჯერ მოლაპარაკება არც ერთ მსახიობთან არ დაგვიწყია.
- როგორ ფიქრობთ, მსახიობები თქვენთან თანამშრომლობას იოლად დათანხმდებიან? საქართველოში ხომ ყველაფერს პოლიტიკასთან აკავშირებენ...
- არა მგონია, უარი გვითხრან.
ელენე:
- ამ ქვეყანაში ბევრი კარგი მსახიობია. 1 თვეში ყველა ნახავს, რას ვაკეთებთ, როგორი ხარისხი გვექნება და რას ვემსახურებით.
- მაუწყებლობა როდიდან დაიწყება, ზუსტი თარიღი ცნობილია?
ლევანი:
- აგვისტოს დასაწყისში ვგეგმავთ. ეს იქნება ინტერნეტტელევიზია. გვინდა, სიხშირე სატელიტურ ანტენებზე გვქონდეს. მუშაობას 20-საათიანი ეთერით დავიწყებთ და მალე 24-საათიან რეჟიმზე გადავალთ.
- კიდევ რა სიახლეს გეგმავთ?
- ჩვენ ვიმუშავებთ გარე პროდაქშენზეც - ანუ ტელევიზიის გარეთ შეიქმნება სხვა სტუდიები. მაგალითად, თუ საინტერესო იდეას შემოგვთავაზებთ, ჩვენ დავამტკიცებთ ამ პროექტს და საეთერო ბადეში ჩავსვამთ. ოღონდ, პროდუქტზე პასუხისმგებელი შემქმნელი იქნება.
ელენე:
- მოკლედ, ყველაფერს GDS-ის დახმარებით გადაიღებთ, ჩვენთან მზა მასალას მოიტანთ და ეთერში გავუშვებთ.
ლევანი:
- ანუ - ისე, როგორც დათო გოგიჩაიშვილმა ჩამოაყალიბა თავის დროზე "ღამის შოუს სტუდია". ის "იმედთან" ამ ფორმატით თანამშრომლობს. ეს საზღვარგარეთ აპრობირებული მეთოდია. ვფიქრობ, კარგი ფორმაა და ამის წყალობით ბევრი ადამიანიც დასაქმდება.
- თქვენს იუმორისტულ გადაცემებზე არაფერი გითქვამთ.
ელენე:
- რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. ეთერში გავა იუმორისტული სერიალი "ცუდი ბიჭები", მაგრამ მხოლოდ ამაზე არ გავჩერდებით.
ლევანი:
- ჩვენი მიზანია, ყველა გადაცემა საქართველოში წარმოებული იყოს. არ გვინდა, ეთერი ნაყიდი პროექტებით დავტვირთოთ.
- ისეთი ფორმატის გადაცემას თუ გეგმავთ, როგორიც ვანო ჯავახიშვილის ან ოთარ ტატიშვილის შოუებია?
- ვფიქრობთ, მაგრამ ამაზე ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია.
- "ცუდი ბიჭები" ვინ იქნებიან?
- ლევან გოგორელიანი, ამიკო ჩოხარაძე და თემო მჟავია. სასაცილო სერიალი გამოგვივიდა. ეს არის სამი ადამიანის თავგადასავალი, რომელთაც უცნაური ბავშვობა და სიყმაწვილე ჰქონდათ. ისინი მუშაობას იწყებენ და სწორედ საქმის შესრულების დროს იწყება კურიოზებიც. "ცუდი ბიჭების" რეჟისორები ჯერჯერობით, მე და ჯაბა მელქაძე ვართ, მაგრამ ვეძებთ ახალგაზრდა ნიჭიერ რეჟისორებს, რომლებსაც ბევრ რამეს ვასწავლით; მერე კი, იმედია, საქმეს დამოუკიდებლად გაართმევენ თავს.
- ბერა როგორი პარტნიორია?
- მასთან თანამშრომლობა კომფორტულია. ძალიან ნიჭიერი ადამიანია, ბევრი რამ იცის; კომუნიკაბელურია და დიდი დიაპაზონი აქვს, ფიქრი ბევრი მიმართულებით შეუძლია. კარგად ერკვევა ხელოვნების არაერთ დარგში.
- ბევრი საინტერესო იდეა მოგაწოდათ?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ.
- ტელევიზიაში ბატონი ბიძინა თუ იყო მოსული?
ელენე:
- დიახ, რამდენჯერმე მოვიდა. როგორც ვიცი, ყველაფრის საქმის კურსშია და გვგულშემატკივრობს.
- წარმატებას გისურვებთ!
- გმადლობთ.