გილოცავთ - მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავზე თურქები ცათამბჯენს ვეღარ ააშენებენ!

გილოცავთ - მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავზე თურქები ცათამბჯენს ვეღარ ააშენებენ!

ბათუმში, გენერალ მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავზე თურქული კომპანია „სისტემ ინშაათი“, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ 3 000 კვადრატული მეტრი მიწა 1 ლარად გადასცა, ცათამბჯენს ვეღარ ააშენებს. ამის შესახებ გარკვეულ დოკუმენტზე დაყრდნობით for.ge-ს განუცხადა მურმან დუმბაძემ, რომელიც შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

მურმან დუმბაძე: ხელთ მაქვს 2012 წლის 20 ივლისით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც თურქული კომპანია შპს „სისტემ ინშაათი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით შეტყობინებას უგზავნის.

ამ დოკუმენტის მიხედვით, „სისტემ ინშაათს“ 11 ივლისს გადაეცა სასტუმრო „რედისონსა“ და ე.წ. ანბანის კოშკს შუა არსებული 4 000 კვადრატული მეტრი მიწა. ეს არის მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავის გადაღმა არსებული ადგილი, რომლის ზუსტი მისამართი ასეთია - ქალაქი ბათუმი, ზღვისპირა პარკის ტერიტორია, რუსთაველის ქუჩა N4.

ახლა ეგ ტერიტორია თავისუფალია?

- დიახ. ეს დაახლოებით ის ტერიტორიაა, სადაც ტრამპი მისი ტაუერის აშენებას აპირებდა თუ აპირებს. მოკლედ, იქ უზარმაზარი სივრცეა გაშლილი.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 17 იანვარს ეკონომიკის სამინისტროსა და „სისტემ ინშაათს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავის მიმდებარე ტერიტორია, 3 000 კვადრატული მეტრი მიწა გადაეცა 1 ლარად თურქულ კომპანიას და იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ახლა ხელთ მაქვს, როგორც აღვნიშნე, „სისტემ ინშაათს“ 4 000 კვადრატულ მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცეს.

როდის იწყება მშენებლობა?

- ამ დოკუმენტის მიხედვით, 2013 წლის 15 ივლისამდე, მერიასთან შეთანხმებული პროექტით უნდა დაიწყოს მრავალფუნქციური, ორმოცსართულიანი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ექსპლოატაციაში  2016 წლის 15 იანვარს უნდა შევიდეს.

„უახლოეს პერიოდში ვაპირებთ სამობილაზიციო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას. შესაბამისად, გთხოვთ, უმოკლეს ვადაში გვაცნობოთ ისეთი ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომელიც დააბრკოლებს ჩვენს მიერ განსახორციელებელ სამუშაოებს. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე არის თუ არა თქვენი კუთვნილი სატელეფონო, ან ინტერნეტის კაბელი და ასეთის არსებობის შემთხვევაში წარმოგვიდგინეთ შესაბამისი ნახაზი“, - აღნიშნულია  20 ივლისით დათარიღებულ დოკუმენტში.

თქვენი აზრით, რამ განაპირობა ადგილის შეცვლა?

- ბათუმელების, საპატრიარქოს და უშუალოდ მეუფე დიმიტრის უზარმაზრაი დამსახურებაა, რომ მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავზე „სისტემ ინშაათმა“ და ეკონომიკის სამინისტრომ ვერ შეძლეს ორმოცსართულიანი, მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა, ანუ ვერ შეძლეს მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავის მოშლა. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ამგვარი გამარჯვება არ მახსენდება. გილოცავთ ამ გამარჯვებას!

გმადლობთ, თქვენც გილოცავთ. რაიმე სიახლე ხომ არ არის თქვენთვის ცნობილიაზიზიეს მეჩეთისაშენებასთან დაკავშირებით?

- ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში საბოლოო გამარჯვებამდე არ მივსულვართ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს აქტიურად რომ აღარ განიხილავს, ეს უკვე წარმატებაა. მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავთან დაკავშირებით გამარჯვებას იმიტომ ვადასტურებ, რომ ოფიციალური დოკუმენტი ხელთ მაქვს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორმოცსართულიანი, მრავალფუნქციური შენობა მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავზე ვეღარ აშენდება.

როგორ აღმოჩნდა თქვენთან 20 ივლისით დათარიღებული დოკუმენტი 21 ივლისს?

- ეს დოკუმენტი აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან ერთ-ერთი დიდი თანამდებობის პირმა მომაწოდა. ის „ქართულ ოცნებასთან“ სერიოზულად არის დაკავშირებული. სამწუხაროდ, სახელსა და გვარს ვერ გეტყვით, რადგან მას ჩემთან ასეთი დათქმა არა აქვს, რომ მისი სახელი და გვარი საჯაროდ დავასახელო.

ეს ის ადამიანია, რომლის მეშვეობითაც ცნობილი გახდა, რომ მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავზე ცათამბჯენის აშენებას აპირებდნენ?

- დიახ, ეს ის ადამიანია, ვინც პირველი დოკუმენტის ასლი მომცა.

თუ იცით, რატომ გადასცეს ათასი კვადრატულით მეტი მიწა თურქულ კომპანიას?

- როგორც ჩანს, ეს იმის სანაცვლოდ მოხდა, რომ ტერიტორია შეაცვლევინეს. ამავე დროს, „სისტემ ინშაათს“ გარკვეული სამუშაოები ჩატარებული ჰქონდა. 

რა ადგილას ჩატარდება ბათუმშიქართული ოცნებისაქცია?

- ბათუმის მერიაში შეტყობინება შეტანილი გვაქვს, რომლის თანახმად 5 აგვისტოს აქციის ჩატარებას ერას მოედანზე ვაპირებთ. მერიიდან პასუხს მომავალ კვირას ველოდებით.

რამდენ ადამიანს ელოდებით ბათუმის აქციაზე?

- ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ვხვდები ხელვაჩაურის, ქობულეთის, ბათუმის მიმდებარე ტერიტორიაზე და არ მინახავს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ 5 აგვისტოს აქციაზე არ მოვა. გარწმუნებთ, რომ აქციის მონაწილეთა რიცხოვნობა 45-50 ათასზე ნაკლები არ იქნება, თუ არა მეტი.

მაღალმთიანი აჭარიდან ელოდებით ხალხის ჩამოსვლას?

- ველოდებით. ალბათ, მეზობელი რეგიონებიდანაც იქნებიან და დედაქალაქიდანაც, მაგრამ თბილისიდან, სამეგრელოდან, გურიიდან და იმერეთიდან დიდი რაოდენობის ადამიანების თავმოყრა შეუძლებელია. დედაქალაქიდან, მაგალითად, მაქსიმუმ ხუთასი-ათასი ადამიანი შეიძლება ჩამოვიდეს, მაგრამ ათი და თხუთმეტი ათასი ადამიანის ერთდროულად ჩამოსვლა შეუძლებელია. ამიტომ, 5 აგვისტოს აქციაზე ძირითადად იქნებიან: ხელვაჩაურიდან, ბათუმიდან, ქობულეთიდან, ზემომთიანი აჭარიდან.

იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი 4 აგვისტოს, შუამთობაზე?

- ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ბეშუმში, საქართველოს ამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კურორტზე 4 აგვისტოს შუამთობა დაიწყება და 5-ში დასრულდება. არ გამოვრიცხავ, რომ ის ბეშუმსაც ესტუმროს.

შუამთობას სააკაშვილიც ესწრება ხოლმე და ახლა როგორ იქნება - სახალხო დღესასწაულში მონაწილეობას ერთად მიიღებენ?

- მართალია ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე სიარულს ვერ აუკრძალავს, სადაც დასჭირდება, იმ ტერიტორიაზე მივა - არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება სააკაშვილი, თუ ბიძინა ივანიშვილი ბეშუმში ჩასვლას გადაწყვეტს, აუცილებლად ჩავა.