მედიასაშუალებების წარმომადგენლები „მაესტროს“ სატელიტურ ანტენებზე ყადაღის დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვენ

მედიასაშუალებების წარმომადგენლები „მაესტროს“ სატელიტურ ანტენებზე ყადაღის დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვენ

"მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა  „თბილისი-მერიოტში“ შეხვედრა გამართეს და პროკურატურისგან ყადაღის დაუყოვნებლივ მოხსნა მოითხოვეს. როგორც გაირკვა, „მაესტროს“ მხარდამჭერ აქციებს კამპანიური ხასიათი ექნება, დღეს კი ეს კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

მედიასაშუალებების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღება უკანონობაა, რითიც შეილახა როგორც გამოხატვის თავისუფლება, ისე ადამიანის უფლება, მიიღოს შეუზღუდავი ინფორმაცია.

შეხვედრას გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში და რედაქტორის მოადგილე მალხაზ გაგუა ესწრებოდნენ, ასევე, ინტერნეტგამოცემა For.ge-ს წარმოადგენდა დამფუძნებელი როზი ჯღამაია, „ალიას“ - რედაქტორი დიმიტრი ტიკარაძე, „კვირის პალიტრას“ - დამფუძნებელი ირაკლი თევდორაშვილი, რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე, ტელეკომპანია „კავკასიას“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სხვა მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ერთობლივი მიმართვაც გაავრცელეს, რასაც  ორშაბათს მედიაორგანიზაციები თავისი გამოცემების პირველ გვერდზე გამოაქვეყნებენ. ასევე, მიმართვა გავრცელდება ინტერნეტ და ტელე-მედიასაშუალებებით.

როგორც სპეციალურ მიმართვაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „მაესტროს“ დიდი რაოდენობით ანტენები ჩამოართვეს, რაც ამ მედიასაშუალებას დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს, პროკურატურის ნაბიჯი უკანონოა და რაც მთვარია წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის განვითარებასთან და საზოგადოების ინფორმირებულობას ხელს უშლის.

„პროკურატურისგან მოვითხოვთ სამართლის აღდგენას. ეს არ არის მხოლოდ „მაესტროს“ პრობლემა. ინფორმაციის გავრცელების შეზუდვა ყველა ჩვენგანის პრობლემაა. როგორც არ უნდა უწოდონ ამას ფარული გარიგებები, ეს არაა სარწმუნო და ამას ვეწინააღმდეგებით მედიასაშუალებების წარმომადგენლები“, - აცხადებენ  მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

ამდენად, ისინი ყველა ლეგიტიმურ საშუალებას მიმართავენ, რათა დაუყოვნებლივ მოიხსნას ყადაღა. მიმართვას ხელს 20-მდე დამოუკიდებელი მედიასაშუალების წარმომადგენელი აწერს.

უკვე ცნობილია, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდაჭერის მიზნით, ოთხშაბათს, 17.00 საათზე, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება. მოგვიანებით კი  დაიგეგმება აქციები და ღონისძიებები დიპლომატიურ, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელებთან.
For.ge მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ესაუბრა.

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე აცხადებს, რომ პიარ-აქცია - „მაესტრო“ ყველა ოჯახში“ გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ სატელიტური ანტენები დააყადაღეს.

„პროკურატურას წერილით მივმართავთ, რომ მოიხსნას უკანონო ყადაღა და მოგვეცეს ჩვენი საქმიანობის გაგრძელების საშუალება. რასაკვირველია, რეგიონებშიც ვეცდებით სატელიტური ანტენების გავრცელებას. სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ეს არ არის მხოლოდ „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღება, ეს არის მთლიანად მედიის გავრცელების შეზღუდვა. რასაკვირველია, ჩვენი ჯგუფი ამზადებს მიმართვას უცხოელი დიპლომატებისადმი,“ - გვითხრა ბაჩო კიკაბიძემ.

გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ ის, რაც პროკურატურამ გააკეთა და შემდეგ უკვე სასამართლომ „დააკანონა“, სრული უკანონობაა. ამიტომ უნდა აღდგეს კანონიერება და დაუბრუნდეს ანტენები მას, ვისაც ეკუთვნის, კერძოდ, „მაესტროს“.

„არ შეიძლება, სიკეთე წავართვათ ადამიანებს. მით უფრო, რომ მოდის არჩევნები და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინფორმაციის მიწოდება. თუ პროკურატურა ჩვენს მიმართვას არ შეისმენს, არ გავჩერდებით. ჩვენ გვინახავს, თუ როგორ აქტიურად იბრძვის მედია საკუთარი უფლებებისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ თეფშებს დავიბრუნებთ“, - აცხადებს ლაშა ტუღუში.

„მე-9 არხის“ გენერალური დირექტორის კახა ბექაურის თქმით, „მაესტროს“ ბუნებრივი მიზანია, რაც შეიძლება, მეტ მაყურებლამდე მიიტანოს ის პროდუქტი, რასაც აწარმოებს.

„ერთადერთი საშუალება, რაც „მაესტროს“ გააჩნია, სატელიტიური თეფშების მეშვეობით ინფორმაციის გავრცელებაა. ეს ბუნებრივი მიზანია, რადგან პირდაპირ უკავშირდება მისი რეიტინგის ზრდას და რეკლამის დამკვეთთა თვალში „მაესტროს“ მიმზიდველობას უწყობს ხელს, რაც, ცხადია, „მაესტროს“ ფინანსურ დამოუკიდებლობას განაპირობებს“.

კახა ბექაურის განმარტებით, ერთადერთი, ვისიც ხელისუფლებამ შეიძლება, შეისმინოს, დასავლელი დიპლომატებია, თორემ ქართული საზოგადოების მოთხოვნას ხელისუფლება რომ არ შეისმენს, ეს კარგა ხანია, ცნობილია. ამდენად, მედიასაშუალებების წარმომადგენლები შეეცდებიან, საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართონ ამ საქმეში და მათთანაც გამართონ შეხვედრები.

„აქციებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით უცხოელებს დავანახებთ და კარგად გავაგებინებთ, თუ რას ვითხოვთ და ხელისუფლება რაში გვიშლის ხელს, რატომ გვიზღუდავს გავრცელებას. ამასთან, ჩვენი გააქტიურება მარტო საარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება, არამედ იმას, რომ ტელევიზიებს უზღუდავენ იმას, რა პროდუქციასაც ისინი აწარმოებენ - ესაა ინფორმაციის გავრცელება, რაც, წესით, მეტ მაყურებლამდე უნდა მივიდეს. ესაა მთავარი ამოცანა ყველა ტელევიზიის, რომ მისი  რეიტინგი გაიზარდოს, რეკლამის მიმცემისთვის მიმზიდველი გახდეს. ამისთვის ვიბრძვით და ესაა ყველა ტელევიზიის ბიზნესმოდელი. ამ მხრივ კი განსაკუთრებით იმ მედიასაშუალებებს ზღუდავენ, რომლებიც ხელისუფლების კონტროლქვეშ არ არიან“.    

რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე აცხადებს, რომ ინფორმაციის შეუზღუდავი გავრცელება მნიშვნელოვანია და ეს არჩევნების დროს მოხდება, არჩევნების წინ თუ არჩევნების შემდეგ, პირადად მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

„ის, რომ არჩევნებისთვის კიდევ უფრო მეტად გვჭირდება ინფორმაცია, ეს დღის წესრიგში უფრო მეტად აყენებს ამ საკითხს, თორემ, ინფორმაციის გავრცელება  ყოველთვის აუცილებელია. ამიტომ, მარტო აქციების მოწყობით არ შემოვიფარგლებით, ჩვენ ყველა სექტორს მოვიცავთ. ეს იქნება ხელისუფლებასთან მუშაობა, საელჩოებთან მუშაობა, საზოგადოებასთან მუშაობა თუ  ქუჩის აქციები“, - განმარტავს მამალაძე.  

ჟურნალისტი შორენა შავერდაშვილი აცხადებს, რომ სატელიტურ თეფშებზე ყადაღა უნდა მოიხსნას, რადგან კონკრეტულად ეს არის ჩარევა მედიის საქმიანობაში, ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის მცდელობა. შავერდაშვილის თქმით, ინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრინციპულია წინასაარჩევნოდ. პროკურატურის გადაწყვეტილება თეფშების დაყადაღების შესახებ კი აბსოლუტურად უკანონოა, რადგან პროკურატურას არ წარმოუდგენია არცერთი სარწმუნო არგუმენტი, თუ რატომ მოხდა თეფშების დაყადაღება.

„უნდა გაუქმდეს უკანონო ყადაღა. „Must Carry“ , რაც მნიშვნელოვანი პრინციპი იყო და ხელისუფლებისგან მის დანერგვას მივაღწიეთ, აბსოლუტურად ამოვარდნილია ამ კონტექსტიდან. „Must Carry“-ს აზრი არ ექნება, თუ სხვადასხვა საშუალებით არ გავრცელდება ინფორმაცია. ამიტომ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ყველა მედიასაშუალება ჩაერთვება მიზნის მისაღწევად“.