აუდიოჩანაწერმა თავდაყირა დააყენა მთელი 6 წლის განმავლობაში

აუდიოჩანაწერმა თავდაყირა დააყენა მთელი 6 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" მიერ სამართლიანობის აღდგენად მონათლული პასკვილი

"ქართულ ოცნებას" 28 ოქტომბერს უნდა გასცეს პასუხი ქართულმა საზოგადოებამ, სხვა შემთხვევაში კატასტროფისკენ მივექანებით, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლოდერი გიგი უგულავა, გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

უგულავას შეფასებით, ჩანაწერებმა თავდაყირა დააყენა ბევრი რამ.

"გუშინდელმა მასალამ თავდაყირა დააყენა მთელი ამ 6 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" მიერ სამართლიანობის აღდგენად მონათლული პასკვილი, რომელმაც ქვეყნის რეპუტაცია დააზიანა. ჩვენ გუშინ ვიხილეთ პროკურატურის განცხადება, სადაც პროკურატურა ამბობს, რომ საქმე იმაზე კი არ არის აღძრული, რომ სუბელიანს 50 "ავტომატჩიკი" ჰყავს, რომ მოწმეები გატაცებული და ნაწამები არიან, თურმე ვინ მიუყურადა უკანონოდ მირზა სუბელიანს, ეს ყოფილა პრობლემა",- აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, ყველას სჯერა, რომ ჩანაწერებში ნამდვილად მირზა სუბელიანი საუბრობს და რომ ის ამბობს სიმართლეს.

"დღეს ჩვენ შეიძლება ურცხვად ვიხილოთ "ოცნების" მხრიდან, რომ ამ ჩანაწერს, რომელიც უკანონოდ არის ჩაწერილი, არ აქვს სამართლებრივი ძალა. სამართლებრივ ძალაზე მეტად არის ის სიმართლე, რომელიც ფაქტია და საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა, რომ ჩანაწერში ნამდვილად სუბელიანი საუბრობს. შორს ვარ ილუზიისგან, რომ ამას ვინმე გამოიძიებს. ამიტომ, სწორი პასუხი 28-ში უნდა გასცეს ქართულმა საზოგადოებამ "ქართულ ოცნებას", სხვა შემთხვევაში ჩვენ ნელა მივექანებით კატასტროფისკენ",- განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიო ჩანაწერი გუშინ გაავრცელა.

ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ასევე ჩანაწერში ნახსენები არიან ყოფილი მთავარი პროკურორები არჩილ კბილაშვილი და ირაკლი შოთაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდო-ს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც იყო.

ასევე ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე და ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია. ამასთან, ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ის წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, როდის უნდა დადგეს მისი განაჩენი და რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში - ერთი წელი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი.