"გახარია არის სუბელიანის მძევალი, ან სუბელიანს გაიმეტებენ ან გახარიას მოუწევს გადადგომა"

„რესპუბლიკური“ პარტიის პოლიტიკური მდივანი. თამარ კორძაია P.S-ის ეთერში გავრცელებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება. კორძაიას თქმით, ქვეყანას დღეს ქურდული მენტალიტეტის მქონე ადამიანები მართავენ და ამ ჩანაწერების გავრცელების შემდეგ შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა მოუწიოს.

„გახარია არის სუბელიანის მძევალი, ან სუბელიანს გაიმეტებენ ან გახარიას მოუწევს გადადგომა. საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერიოს და დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ, რომ მოქალაქეები არიან რეალურად ამ კლანური ხელისუფლების მძევლები,“-აცხადებს კორძაია.

სკანდალური ჩანაწერები გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული. ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი.

საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.