ეუთო-მ დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრაზე შეიტყო ცრუ ინფორმაციის ფაქტებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად მიმართული იყო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის იმიჯის შესალახად
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის მიხედვით, ეუთო-მ დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრაზე შეიტყო ცრუ ინფორმაციის ფაქტებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად მიმართული იყო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის იმიჯის შესალახად
„ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის (ODIHR EOM) მიერ შეინიშნა ნეგატიური კამპანიის მრავალი შემთხვევა. ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტებზე კი, რომლებიც ყველაზე ხშირად მიმართული იყო „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის იმიჯის შესალახად, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის (ODIHR EOM) წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებთან საუბრისას შეიტყვეს“, – წერია ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, ამომრჩეველთან შეხვედრას და წინასაარჩევნო კამპანიის მასალების გამოქვეყნებას ყველაზე აქტიურად განაგრძობს სამი კანდიდატი: დავით ბაქრაძე („ევროპული საქართველო“), გრიგოლ ვაშაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და სალომე ზურაბიშვილი („ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი).
„რეგიონებში რამდენიმე მცირემასშტაბიანი შეკრება გაიმართა და კანდიდატთა უმრავლესობამ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის (ODIHR EOM) წარმომადგენლებს აცნობა, რომ ისინი არჩევნებამდე დარჩენილ ვადაში აპირებენ, უფრო მეტად გააძლიერონ ძალისხმევა და გააფართოონ წინასაარჩევნო კამპანია.
რადგან ყველა კანდიდატს თანაბრად არ მიუწვდება ხელი საბიუჯეტო დაფინანსებაზე, შედარებით მცირე საარჩევნო სუბიქტები ამომრჩეველთან საკომუნიკაციო მთავარ საშუალებად „ფეისბუქს“ იყენებენ, რაც საზოგადოებასთან პირდაპირი ინტერაქციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო კამპანია კონცენტრირებულია დაპირისპირებებზე და არა საპრეზიდენტო მანდატის ფარგლებში არსებულ შინაარსობრივ საკითხებზე.
„საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო კამპანია უფრო თვალსაჩინოა ეროვნული მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში, ვიდრე ღია სივრცეში, განსაკუთრებით დაბალია კამპანიის ხილვადობა რეგიონებში. საარჩევნო კამპანია კონცენტრირებულია დაპირისპირებებზე და არა საპრეზიდენტო მანდატის ფარგლებში არსებულ შინაარსობრივ საკითხებზე“, – წერია ეუთო-ს ანგარიშში.
ეუთო-ს ანგარიშში საუბარია ასევე, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის აკრძალვის მიუხედავად, მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები.
„საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციულ ღირებულებებთან დაკავშირებულმა პოლიტიკურმა დებატებმა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთა ყურადღება მიიპყრო, რომლებმაც საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები მიუხედავად წინასაარჩევნო კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის აკრძალვისა“, – აღნიშნულია ეუთო-ს ანგარიშში.
გარდა ამისა, ყურადღება გამახვილებულია, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში გენდერულ და ეროვნულ უმცირესობათა საკითხებს არც თუ დიდი ადგილი უჭირავს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე საარჩევნო სუბიექტმა შეხვედრები გამართა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ (ODIHR EOM) 24 სექტემბერს დაიწყო ექვსი ადგილობრივი სატელევიზიო არხისა და სამი ონლაინ მედიასაშუალებაზე საუკეთესო საეთერო დროის კამპანიის გაშუქების რაოდენობრივი და თვისებრივი მონიტორინგი.
18 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევის საფუძველზე ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია (ODIHR EOM) თავისი მანდატის შესაბამისად მუშაობას შეუდგა. მისიას ხელმძღვანელობს მისიის ელჩი გერტ-ჰინრიჰ არენსი. მისიის ძირითადი გუნდი შედგება თბილისში მომუშავე 14 წევრისა და 28 ხანგრძლივვადიანი დამკვირვებლისგან, რომლებიც 26 სექტემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდნენ. მისიის წევრები ეუთო-ს წევრი 20 ქვეყნიდან შეირჩნენ. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ეუთო-ს წევრ ქვეყნებს კენჭისყრის დღეს პროცედურებზე დაკვირვების მიზნით 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნა სთხოვა.