მოძრაობა „საქართველოს გზის“ ლიდერი მამუკა ბალიაშვილი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ახალი მფლობელი ბიზნესმენი ბუბა ქებურიაა. ეკონომიკის სამინისტროს მტკიცების მიუხედავად, თითქოს შენობა არ გაყიდულა, დეპუტატებმა პარლამენტის შენობის დაცლა უკვე დაიწყეს. თუმცა პარლამენტის აპარატის უფროსმა დავით ჯანიაშვილმა პარლამენტის შენობის ახალი მფლობელის შესახებ არაფერი იცის. მეტიც, მან არაფერი უწყის საკანონმდებლო ორგანოს გაყიდვის შესახებაც.
„ცოტა ხნის წინათ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შემოიხედა და პირველად მისგან გავიგე, რომ პარლამენტის შენობა გაიყიდა და ვინმე ქართველმა ბიზნესმენმა იყიდა“, - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა.
უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის შენობა რუსეთსა და საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ბუბა ქებურიამ 50 მილიონ ლარად იყიდა. ამავე ინფორმაციით, მანვე გადაიხადა თანხის ნახევარი - 25 მილიონი ლარი.
ქებურია რესტორან „ამბასადორისა“ და საგამოფენო სახლის მფლობელია. მის სახელს, ასევე უკავშირდება პარიზში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის აშენება. თუმცა, ამ ეტაპზე გაურკვეველია, რა ბედი ელის პარლამენტის ეზოში 1939 წლამდე არსებულ ეკლესიას, რომელიც კომუნისტებმა დაანგრიეს.
მოძრაობა „საქართველოს გზის“ ლიდერი მამუკა ბალიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შენობის ყიდვას არაბი ბიზნესმენები აპირებდნენ, თუმცა მოგვიანებით პარლამენტის შენობა რუსეთსა და საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ბუბა ქებურიამ იყიდა.
რამდენად რეალურ ინფორმაციას ფლობს თქვენი წყარო ქართველი ბიზნესმენის მიერ პარლამენტის ყიდვასთან დაკავშირებით?
- ეს ინფორმაცია პარლამენტის ერთ-ერთმა მოხელემ მომაწოდა, მაგრამ ეს არაა დეპუტატი. ვერ დავიჩემებ, რომ ინფორმაცია რეალურია, მაგრამ სავარაუდოდ, პარლამენტი მართლაც ქართველმა ბიზნესმენმა იყიდა.
პარლამენტის გაყიდვის სხვა ვერსიები თუ არსებობს?
- დიახ, რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, მისულები იყვნენ და პარლამენტის შენობა დაათვალიერეს არაბმა ბიზნესმენებმა. ეს დაახლოებით ერთი თვის წინ იყო. თუმცა მოლაპარაკება ვერ შედგა და ჩაიშალა. ჩემი ინფორმაციით, ამ ფაქტის უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან. 50 მილიონზეა საუბარი. ეს ის მინიმალური თანხაა, რომლის ხელში ჩაგდებასაც რომელიღაც მაღალჩინოსანი ცდილობს. მას სურს, ხელში ჩაიგდოს შენობა და თანხის ნაწილი აკუმულირდეს ნაცმოძრაობის საარჩევნო ფონდში.
იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას ფინანსურად უჭირს, მზად არიან, ასეთ კომპრომისზე წავიდნენ და პარლამენტი ასე იოლად გაყიდონ?
- ეს არ იქნება კომპრომისი. როგორც ჩანს, ეს არის სარფიანი გარიგება. თუ ხელისუფლების წარმომადგენელი, გნებავთ, მაღალჩინოსანი, ყიდულობს პარლამენტის შენობას, იგი ამ 50 მილიონით აფინანსებს ნაცმოძრაობის კამპანიას და ყველამ ვიცით, ძირითადი თანხები რაშიც დაიხარჯება. ამასთან, არჩევნებამდე უმტკივნეულოდ ჩაიგდებენ ამ უმნიშვნელოვანეს შენობას. როგორც ჩანს, იმაზე არ ფიქრობენ, მომავალში რა იქნება. რამდენადაც ვიცი, ბატონ ბიძინასაც პრინციპული პოზიცია აქვს, ჩვენც პრინციპული პოზიცია გვაქვს, რომ პარლამენტის შენობა უნდა იყოს ძველ ადგილას და ძველ შენობაში.
თუ სხვა ხელისუფლება მოვა, პარლამენტის შენობა ვის ხელში გადავა? ახალი მფლობელი რა მოგებას ნახავს?
- არ ვიცი, ტექნიკურად რა მოხდება და ბატონი ბიძინა რას ფიქრობს ამ პროცესთან დაკავშირებით, თუმცა აშკარაა, რომ მავანს და მავანს არ წარმოუდგენია, რომ ოდესმე ხელისუფლების გარეშე იქნება. როგორც ჩანს, იმაზე არ ფიქრობენ, მომავალში რა იქნება.
ანუ ვიღაცისთვის წამგებიანი იქნება პარლამენტის შენობის შესყიდვა?
- ვიღაცისთვის წამგებიანი იქნება, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ თანხები, რომლითაც ეს ადამიანები ქონების ხელში ჩაგდებას ცდილობენ, სწორედ ბიუჯეტიდან მოპარული თანხებია. ამდენად, ეჭვი მეპარება, ამ ადამიანებს დიდად ადარდებდეთ, მოპარულ თანხებს რაში დახარჯავენ.
რატომ შეიკავეს თავი არაბმა ბიზნესმენებმა შენობის შესყიდვისგან? ისინი თანხის ნაკლებობას არ განიცდიან.
- ალბათ, არაბი ბიზნესმენებისთვის თანხა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე 50 მილიონია და შესაძლოა, რამდენიმე ნულითაც მეტი. თავშეკავების მიზეზებს რაც შეეხება, არაბი და, ზოგადად, უცხოელი ინვესტორები საქართველოში რომ ინვესტიციას საერთოდ აღარ დებენ, ესეც ფაქტია. რა მდგომარეობაშიც ჩააყენა უცხოელი ბიზნესმენები მიხეილ სააკაშვილმა და დღევანდელმა მმართველობამ და რეჟიმმა, ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ, სულელი უნდა იყოს უცხოელი ბიზნესმენი, თავისუფალი თანხა საქართველოს ეკონომიკაში ჩადოს.
მაშინ თავიდან რატომ დაინტერესდნენ არაბები პარლამენტის შესყიდვით?
- ინტერესი იყო, პირობებსაც გადახედეს, თუმცა შემდეგ ნახეს საქართველოში არსებული მდგომარეობა - არჩევნები კარზეა მომდგარი, ხელისუფლება არჩევნებამდე ყიდის რაღაცეებს და რამდენად სამართლებრივია გასხვისების პროცესი, ესეც საგულისხმოა.
ვინ არის ბიზნესმენი ბუბა ქებურია?
- რომ გითხრათ, რომ ამ ბიზნესმენის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ყველა მისი ცხოვრებისეული დეტალის შესახებ ცნობილია, თუ საიდან იშოვა ამხელა თანხა, ასე არ არის. ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ იგი საფრანგეთში მოღვაწეობდა. მათ შორის, ბიზნესები ჰქონდა სხვადასხვა სახელმწიფოებში. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საფრანგეთში აღარ ცხოვრობს და სხვა ქვეყანაშია გადასული. ამბობენ იმასაც, რომ აშენებული აქვს პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოში მიხეილ სააკაშვილის ბიზნესს კურირებს. თუ ეს ინფორმაცია სარწმუნოა და ეს ადამიანი მართლაც კურირებს პრეზიდენტის ბიზნესებს, მაშინ მარტივად დგას საკითხი, რატომ დაინტერესდა იგი პარლამენტით. ცხადია, პარლამენტის შენობით დაინტერესებული ყოფილა არა ეს კონკრეტული ადამიანი, არამედ - საქართველოს პრეზიდენტი.
თანხა კი ამ ბიზნესმენმა გაიღო?
- კი ბატონო, თუმცა ამ თანხის წარმომავლობა უფრო სხვაგან უნდა ვეძებოთ - პრეზიდენტის ოჯახში. ეს ის თანხებია, რომლებიც ბიუჯეტიდან ხვდება სააკაშვილის საკუთრებაში.
ბიზნესმენ ქებურიას პარიზული ისტორიის შესახებ ინფორმაცია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან მიიღეთ?
- არა, ამასთან დაკავშირებით ქალბატონ სალომესთან არ მისაუბრია.
ქებურია პარლამენტის შენობის წინ ბანერების გაკვრას აპირებს, საიდანაც ცნობილი გახდება, თუ რისი გაკეთება იგეგმება ამ ადგილას. თქვენი ინფორმაციით, ამ შენობაში რა განთავსდება?
- საუბარია, რომ უნდა იყოს სავაჭრო ცენტრი. სხვა ინფორმაციით, აქ აპირებენ სასტუმროს მოწყობას. რაც არ უნდა იყოს, ბატონ ბიძინასა და ჩვენი შეუვალი პოზიციაა, რომ ეს არის შენობა, სადაც მომავალში საქართველოს პარლამენტი კვლავაც განთავსდება.
თუ მაინცდამაინც, დღევანდელი პარლამენტის შენობის დანგრევა სურთ, ის მაინც შემოგვთავაზონ, რომ პირველსახეს შეუნარჩუნებენ. ამის მიუხედავად, არ იცვლება ჩემი პოზიცია, რომ ამ ადგილას კვლავ უნდა დარჩეს პარლამენტის შენობა. კომუნისტური არქიტექტურის მიუხედავად, ეს შენობა შემორჩა თბილისს და, სავარაუდოდ, კიდევ უნდა შემორჩეს.
მართალია, რომ პარლამენტის შენობისთვის ქებურიამ 50 მილიონი ლარი გაიღო?
- 25 მილიონი უკვე გადაიხადა. ამბობენ, რომ მეორე 25 მილიონს მოგვიანებით გადაიხდის.
ეკონომიკის სამინისტრო შენობის გაყიდვის ფაქტს რატომ მალავს?
- ისევ და ისევ, ჩემი აზრი მინდა, გამოვთქვა, რომ ამის უკან საქართველოს პრეზიდენტის ინტერესებია.