ექიმებს თუ დავუჯერებთ, შემოდგომის ბოლოს ადამიანები ინერტულნი ხდებიან, ეზარებათ ბევრი სიარული და, სწორედ ამიტომ, ადვილად ცივდებიან. თქვენ შეგიძლიათ დაუჯეროთ ამ მოსაზრებას, მაგრამ გაგიმხელთ, რომ მე ნამდვილად არ მჯერა. ამის დასტურად, ქართული ინტერნეტფორუმების მომხმარებლები შემიძლია მოვიყვანო. აქტიურ ფორუმელებს ჯერჯერობით არც კომპიუტერთან ბევრი ჯდომის გამო დაუწუწუნიათ და არც გაციებულების ეტყობათ რამე.
გასულ კვირას, პრესა.გე–ს სტატიას: “კონსტიტუციური ცვლილებები - ხელისუფლების წარუმატებელი პოლიტიკური სპეკტაკლი“ საკმაოდ ბევრი მკითხველი ჰყავდა. განსაკუთრებით ფორუმელი – ბათუმელი აქტიურობდა.
ბათუმელი: “არ არის გამორიცხული სააკაშვილი და მისი პოლიტიკური პარტიები მათსავე დაგებულ ხაფანგში გაებან. ამ ყველაფრის პოზიტივი იყო ის, რომ კონსტიტუციაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მან და მისმა პარტიებმა აიღეს. ეს შეიძლება ოპოზიციის ერთერთი კოზირიც შეიძლება გახდეს სწორედ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. თუ ოპოზიცია სწორად დაგეგმავს ამ არჩევნებზე სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟს, გარწმუნებთ 2012 წლის ბოლოს სააკაშვილის "ტყავსაც" ვეღარ იპოვით, რომ ეძებოთ“
შიშველი სააკაშვილის “ტყავი“ გასულ კვირას მხოლოდ ჩვენ კი არა, მთელმა მსოფლიომ ნახა. ამის შემდეგ, ტყავიც მისი იყოს და ხორციც...
ნანა დევდარიანის სტატიაზე, “თავი VIII “საქართველო პრეზიდენტის გარეშე!”, ვინმე ნატო წერს:
ნატო: “ამის წინ, ვიღაცის გადაყრილ წიგნებში დავინახე ბროშურა - ბ.ჟღენტი "დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია და ქართული მწერლობა. 1957წ.“ ავიღე და სახლში წამოვიღე. ვკითხულობდი და ისე ვხარხარებდი, რომ თვალებიდან ცრემლები მდიოდა. მერე შემეცოდა ბატონი ბესო ჟღენტიც და ის მწერლებიც ვისზედაც ის წერს (გალაკტიონი, ჯავახიშვილი...) ეს იყო მაშინდელი ელიტა.
მეტს არაფერს ვიტყვი“
ამ ისტორიაში მთავარი ის არის, რომ აღნიშნული ბროშურა ვირაცამ გადააგდო. ანუ, ერიდებოდა და რცხვენოდა, აღნიშნული წიგნი რომ ჰქონდა. წიგნის გადაგდება ვითომ რამეს შეცვლის ტვინში?!
მართლა 1700 დოლარს ხარჯავს ერთი ტურისტი საქართველოში? გჯერათ ამ ფაქტის?
Yazva: “2008-ში სასტუმროებიდან და რესტორნებიდან სულ შემოსავალი იყო: 224.6 მილიონი ლარი, ხოლო 2009-ში 280.0 მილიონი, ანუ იყო 25%-იანი ზრდა.
ვთქვათ, ჩვენი ტურისტული ბიზნესი კიდევ უფრო დიდი ტემპით გაიზარდა და ზრდამ მიაღწია 50%-ს (აბსურდია მარა მაინც დავუშვათ). ამ შემთხვევაში 2010-ში შემოსავალი იქნება 420 მილიონი ლარი. 1700 დოლარი ეს არის 1,78 კურსით: 3,026 ლარი. გავყოთ ახლა 420 მილიონი 3026 ლარზე მივიღებთ: 138,797 ტურისტს.
აქედან დასკვნა ცხადია: ან 1700 დოლარს არ ხარჯავენ ან მილიონობით ტურისტი არ შემოდის საქართველოში. თან გაითვალისწინეთ რომ აქ შედის ყველა რესტორნის და სასტუმროს (სასტუმროები და სხვა მოკლევადიანი საცხოვრებელი ადგილები ეს საიტიდან ავიღე) შემოსავალი. ანუ თაღლაურაში რომ ხინკალს შევჭამთ ისიც აქ აისახება“
მთავარი ისაა, რეალურად რამდენი ტურისტი ჩამოდის. უპრველესად სწორედ ტურისტების რაოდენობაა გაბერილი...
“ჰელოუნისტები” და “ფსევდომართლმადიდებლები” ერთი მონეტის ორი მხარე ყოფილან.
Shalvar: “რატომ მოხდა ისე, რომ ჩემთვის ზოგიერთი პატივსაცემი პირი - “ლებერალური ტუსოვკის” წევრი, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირსა თუ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მეტ საფრთხეს ხედავს პროგრესისათვის, ვიდრე მიშა სააკაშვილში? ალბათ იმიტომ, რომ ისინი თავად წარმოადგენენ ულტრარადიკალურ მარგინალურ დაჯგუფებას.
ვარდების რევოლუციამდელ “ბნელ” ეპოქაში ასეთმა ხალხმა ვერ დაიმკვიდრა თავი ამ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. და აი მოვიდა, მიშა - თავად მარგინალური ტიპი და გაუფანტა მათ ბავშვობის კოშმარები. მოხულიგნო ელემენტები რომლებიც “ლებერალებს” აბუჩად იგდებდნენ - ციხეში დაიჭირა. წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლებს წაართვა თბილი ადგილი მზის ქვეშ. სწავლა-განათლების საქმე ხსნებეულ “ტუსოვშჩიკებს“ ჩააბარა. ასე განსაჯეთ სახელმწიფო ტელევიზიაც მისცა მათ. და რა… რა მივიღეთ ბოლოს?“
მიჭრილ–მოჭრილი გოგრებით სირბილი კანონის დარღვევა რომ არაა, ეს ცხადია, მაგრამ ახალგაზრდა კაცს “ჰელოუვინზე“ მეტი გასართობი რომ არაფერი ექნება, ესაა ყველაზე დიდი უბედურება...
ამასობაში ზოგიერთები ამბობენ, რომ: ''საქართველო ედავება ოსებს, ოსეთის სამხრეთ ნაწილს''
junge1: “ლოგიკური აზროვნებით დიდად არ გამოვირჩევი,მაგრამ იმ დასკვნამდე მივედი, რომ საქართველო ოსებს ოსეთის სამხრეთ ნაწილს ედავება. არ აქვს მნიშვნელობა ამ კონფლიქტურ რეგიონს სამხრეთ ოსეთს დავუძახებთ, დასავლეთ ოსეთს, თუ აღმოსავლეთს-მთავარი ისაა, რომ ამ მიწას ჩვენ ოსეთის ნაწილად განვიხილავთ, როცა ტერმინ სამხრეთ ოსეთს ვხმარობთ.
ზოგი იტყვის ტერმინს არ აქვს მნიშვნელობაო, მაგრამ წარმოიდგინეთ თაობა, რომელიც ტელევიზორში ისმენს სამხრეთ ოსეთს, ინტერნეტში კითხულობს სამხრეთ ოსეთზე და ასე იბეჭდავს ოსეთს თავში“
ის, რომ დასავლეთის ქვეყნებს პრობლემა ექნებათ ტერმინთან დაკავშირებით, სრული სისულელე მგონია. მათთვის სულ ერთია კონფლიქტურ რეგიონს სამხრეთი ოსეთი ერქმევა თუ ჩრდილოეთი ზიმბაბვე.
ობამას ადმინისტრაციის გზავნილი რუსებს: თავად მორიგდით ქართველებთანო...
ასიდი: “როგორც ჩანს, რაღაცის თავი მაინც გვქონია რუსების მსო-ში შესვლასთან დაკავშირებით და როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ხელისუფლება ერთ ადგილს საკმაოდ გონივრულად ათამაშებს. რაც სამწუხაროდ საკმარისად ხშირად არ ხდება.
მოკლედ, ირკვევა რომ ობამას ადმინსიტრაცია სულაც არ აპირებს მოახდინოს რაიმე სახის ზეწოლა საქართველოზე. როგორც ადმინისტრაციის ერთ–ერთმა წამყვანმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ორი სუვერენული ქვეყნის ბილეტარული ურთიერთობის მოგვარება მათი საქმე არ არის, ეს დავა ამ ორი ქვეყნის გადასაწყვეტია და ისინი ამ ურთიერთობაში ჩარევას არ აპირებენ. მეტიც, მისი თქმით. რადგან რუსები არიან დაინტერესებულნი მსო-ში შესვლით, ეს მათ უნდა გამოიჩნონ ინიციატივა და გადადგან პირველი ნაბიჯი ქართველებთან მოლაპარაკების გზაზე“
ჩვენ რას გვეუბნებიან ამდენ ხანს? ჩვენ რა შუაში ვართ? პირდაპირი მოვაგვაროთ საქმე აფხაზებთან და ოსებთან? პირდაპირ "მოგვარება" როგორ უნდა, ეგ სულ მალე გამოჩნდება...
ჩინოვნიკი თქვენს კარებზეც აუცილებლად დააკაკუნებს! (ბიუჯეტის შევსების მიზნით)
Bestic: “ერთ მშვენიერ დღეს, უბნის ოპერ მუშაკი ყოველგვარი საბუთის და ახსნა-განმარტების გარეშე წყნარად გაცნობებთ, რომ თქვენ დაბარებული ხართ პროკურატურაში... თუ ვინმეს მიწის ნაკვეთი ან გარაჟი, ან სარდაფი, ან რამე გაქვთ მიყიდული მეზობლისთვის, ან ვინმესთვის. ასევე, თუ ვინმეს ბანკში თუნდაც 500 ლარიანი კრედიტი გაქვთ აღებული. მხოლოდ დროის ამბავია, ყველას მოგადგებიან... უფრო მეტიც – თქვენ რომ დაგეხმარათ ახლობელი ცნობით, ისინიც "გაწირეთ" თქვენ და ეს კიდევ უფრო უნდა გიმძიმებდეთ მორალურ მდგომარეობას...
სამაგიეროდ კორუფცია ხომ მოისპობა, ხომ უფრო მიმზიდველი ქვეყანა გავხდებით, ხომ მეტი ტურისტი ჩამოვა, თან ვლამაზდებით: ძეგლები იდგმება იმის დედა ვატირე მიქელანჯელო მიმიქარავს... ასეა, ცხვრის ფარას კეთილი მწყემსის მაგივრად მგლებს რომ ჩააბარებენ,.. ცხვარი კი არა მაგარი თხა უნდა იყო, რომ კორუფციული და რამე მაგდაგვარი აზრები მოგივიდეს (თუნდაც უკიდურესად რომ გიჭირდეს, ან მშობელი და შვილიც რომ გყავდეს სარჩენი და გადასარჩენი)...“
მიშა მგელი ხარ! (ნუ მიშა მაგარიას პათოსში)...
ერთ–ერთ ფორუმელს აინტერესებს, თუ რატომ არ იჭერენ ვახტანგ რჩეულიშვილს, რომელმაც ათასობით ხალხი მოატყუა...
ზურა55: “ათასობით დაუმთავრებელი ბინა, ასობით მეანაბრე, მოსახლების მიერ გადაყრილი უამრავი ფული. წლებით ლოდინი. ეს თაღლითობაა და ხელშეკრულების უხეში დარღვევაა. ვახოს რომ ეკითხებოდნენ ხელშეკრულებას რატომ არღვევთო, პასუხი იყო: წადით და სადაც გინდათ მიჩივლეთ!
ბოლოს “ცენტ–პოინტს“ სახელი გადაუკეთა როცა სულ გაკოტრდა და დაარქვა – “დექსუსი“. სადაც უმრავლესობა იგივე აფერისტები მუშაობენ, შეცივალა მარტო დაცვა.
მაქვს კითხვა: როდესაც ქვეყანაში ჯართის მოპარვის გამო კაცს წლობით სვამენ ციხეში, რატომ არ იჭერენ ამ თაღლითს რომელიც პირად საუბარში გიდასტურებს კიდეც თაღლითობას. რატომ არ იჭერენ?“
საქართველო იშვიათი ქვეყანაა სადაც საზოგადოების დიდ ნაწილს უხარია ბევრი ადამიანის დაჭერა. ხელისუფლებასაც მეტი რა უნდა...
იცნობდეთ ლილოს “ზონდერებს“! აი როგორ ხდება “ზონდერების“ ლუსტრირება
Precursor: “გამოქვეყნდა ლილოს ბაზრობის ინციდენტის ამსახველი კადრები.ამ კადრებზე დაფიქსირებულნი არიან ზონდერები:
მამუკა ჭუმბურიძე
რევაზ ვარდიაშვილი
დავით ბარელაძე
ლაშა ცქვიტინიძე
კობა ჭუმბურიძე
მიხეილ ქობეშავიძე
შერმადინ ხურციძე
კახა თანდიაშვილი
ჩვენ თუ სამოქალაქო საზოგადოებაზე გვაქვს პრეტენზია, ეს ხალხი უნდა მოვიკვეთოთ! ყველაზე მცირე, რაც შეგვიძლია - აღარავინ არ უნდა მიესალმოს, არ უნდა გაიზიაროთ მათი არც ლხინი და არც ჭირი, ისინი უნდა იქცნენ საყოველთაო დაცინვისა და ზიზღის ობიექტებად!“
ამ ხალხს ნამდვილად არ ვიცნობ და არც მინდა ვიცნობდე...
ძველი ფორუმული პათეტიკიდან: ლუსტრაციის კანონი აუცილებელია ქვეყნის მტრების, ხელისუფლებაში არ მოსაშვებად!
Zvizvi: “ვინ უნდაგამოავლინოს ლუსტრაციის კანონმა? დღეს, ვინც უცხო ქვეყნების აგენტები არიან, იმათზე ინფორმაცია სად იქნება? იმ ქვეყნებში მხოლოდ, ვისი აგენტებიც არიან, თორემ ჩვენმა ხელისუფლებამ რომ იცოდეს, რად უნდა მაგას საზოგადო ლუსტრაცია, ისედაც ხომ უნდა დაიჭიროს? უცხო ქვეყნებს მოვთხოვთ საიდუმლო ფაილების გახსნას და ეგრევე გაგვიხსნიან თუ როგორ უნდა გამოვავლინოთ დღევანდელი აგენტები?
რაც შეეხება იმათ, ვინც საბჭოთა დროს თანამშრომლობდა უშიშროებასთან, მაგათთან მიმართებაში ეგ კანონი იქნება აბსოლუტურად უაზრო: მაშინ მეტ-ნაკლებად ყველა გამოჩენილი ფიგურა რაღაც გაგებით თანამშრომლობდა რეჟმთან. მის დავალებებს ასრულებდა. სხვანაირად ელიტაში მოხვედრა შეუძლებელი იყო...“
ასეა თუ ისე, ვეთანხმები ამ კანონის მიღებას. თუმცა, საქართველოში ამ კანონის ამოქმედება ძალიან რთული იქნება. ეს ალბათ ხელისუფლებაშიც იციან.