გრიგალის და ძლიერი სეტყვის შედეგად გურჯაანის, თელავის და ლაგოდეხის რაიონებში რამდენიმე ათასი ოჯახი დაზარალდა. საცხოვრებელ სახლებს გადახდილი აქვს სახურავები, ჩამონგრეულია კედლები, დატბორილია რამდენიმე ასეული სახლი. სოფლებში 100%–ით არის განადგურებული მოსავალი, დახოცილია შინაური ფრინველი და პირუტყვი. დაგლეჯილია მრავალწლიანი ხეები, დაზიანებულია მანქანები, ჩახერგილია გზები, დაწყვეტილია ელექტროენერგიის მავთულები. არიან დაშავებულები.
„დილის 4–ის შემდეგ უცებ გრიგალი ამოვარდა. ინგრეოდა ყველაფერი. ბავშვებს ფანჯრებიდან ვყრიდით და ვინც დაბლა იდგა, იჭერდა. დროზე გავასწარით, თორემ შიგ დავიხრჩობოდით, ან ნანგრევებში მოვყვებოდით“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ვაჩნაძეანში მცხოვრებმა თინა სოლომნიშვილმა.
„ჩემს ეზოში გადმოფრინდა ჩემი სახლიდან დაახლოებით 80 მეტრში მდებარე სახლის სახურავი და ყველაფერი დაამტვრია. ძლივს გადავრჩით ცოცხლები. ქალი შიშისგან ავად გახდა და როდის როდის მოვიდა სასწრაფო და საავდმყოფოში წაიყვანეს. 75 წლის კაცი ვარ და ასეთი რამ არ მახსოვს“, – აღნიშნა ვაჩნაძეანში მცხოვრებმა გიორგი დანელიშვილმა.
გურჯაანში დილიდანვე მობილიზებული იყო სამაშველო, სახანძრო სამსახური, ასევე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, განსხვავებით თელავისგან, სადაც მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდა.
თელავის რაიონს და გურჯაანის სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თელავში არ მუშაობს პურსაცხობები, რის გამოც ქალაქში პურის დეფიციტია.
„საავადმყოფოში სამი დაშავებული პაციენტი გადავიყვანეთ. ერთ ქალბატონს კიდურის მოტეხილობა და სხეულზე ექსკორაციები აღენიშნებოდა. მეორე ქალბატონს კი ნერვიულობის ფონზე ინსულტი განუვითარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ჯერ არ ვიცი მესამე პაციენტის მდგომარეობა. დაშავებულები სტაციონარში არიან მოთავსებული და ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. გამოძახება დაახლოები 6 საათზე დაფიქსირდა, თუმცა უგზოობის გამო პაციენტების საავადმყოფოში გადაყვანა ახლახანს მოვახერხეთ“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის სასწრაფო–სამედიცინო დახმარების დირექტორმა მანანა ბერიკაშვილმა.