ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთებულია „რუსთავი 2“-ის ეთერით, გადაცემა P.S-ში რუის-ურბნისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის შესახებ გადაცემული სიუჟეტით. მათი აზრით, სიუჟეტში შეურაცხმყოფელი სარკაზმი ისმოდა ერთ-ერთი უმაღლესი სასულიერო პირის საქმიანობისა და პიროვნების მიმართ. სასულიერო პირებმა „რუსთავი 2“-ის შენობის წინ ეს სიუჟეტი გააპროტესტეს. მათ მიაჩნიათ, რომ მეუფე იობი მუდამ გამოირჩევა უკომპრომისო დამოკიდებულებით. იგი არ იღებს არც ხელისუფლების დახმარებას და არც დავალებებს.
ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის შესახებ For.ge-ს ჯვრის მამის ტაძრის წინამძღოლი მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი ესაუბრება.
„რუსთავი 2“-ის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეთ, რას აპროტესტებდით?
- ჩემი პოზიციაა, რომ დავიცვა ქართული, მართლმადიდებლური საღი აზრი და პოზიცია. იქ იყო საუბარი იმის შესახებ, რომ თურმე მეუფე იობს რაღაც უთქვამს, ამათ სხვანაირად გაიგეს. მოკლედ, ჩვეულებრივი ცილისწამება იყო. მეუფე იობს ნამდვილად არ სჭირდება ჩემი მხარდაჭერა და არც ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ჩემი მხარდაჭერა. პირიქით, ერთიც და მეორეც აქეთ გვიჭერს მხარს, მთელ ქვეყანას და მთელ ერს. უბრალოდ, ვალდებულად ჩავთვალე თავი და ყოველთვისაც ვალდებულად ჩავთვლი, რომ მართლმადიდებლურისა და ქართულის გვერდით დავდგე.
მეუფე იობის ბოლოდროინდელი გამონათქვამები არ მოსწონს ხელისუფლებას. მეუფემ ასეთი რამეც ბრძანა, რომ, თუ ეს ხელისუფლება დარჩება, საქართველო აღარ იარსებებს, გაქრება. როგორ გგონიათ, ხელისუფლების დაპირისპირება მეუფის წინააღმდეგ რით დასრულდება?
- სამწუხაროა, როცა ადამიანი (და ამ შემთხვევაში, ხელისუფლება), ტრადიციას უარყოფს და ჩვენს მართლმადიდებლურ კანონებს უგულებელყოფს, რაღაც საშინელება შემოდის და მხარს უჭერს, მათ შორის, გეიაღლუმს და ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს ქართველობის, მართლმადიდებლობის და არა მარტო ქართველობის, ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული. როგორ შეიძლება ამის გაკეთება. რომ ამბობენ ეს დალოცვილები, უმცირესობას შევუწყოთ ხელიო, ყველა იძახის, უმცირესობაა დასაცავიო და ამ დროს, უმრავლესობას პატივისცემა აღარ უნდა?! ამ უმცირესობების დაცვის პერიოდში იჩაგრება უმრავლესობა, ქართველობა და მართლმადიდებლობა, ეს არის უბედურება.
ხელისუფლება არგუმენტად იყენებს, რომ თითქოს სასულიერო იერარქია არ უნდა ერეოდეს საერო ცხოვრებაში.
- როგორ არ უნდა ვერეოდე?! მე ოჯახი მაქვს, მშობლები, და-ძმები, მეუღლე, შვილები, ნათლიები, ნათლულები, მთელი ერი ჩემი შვილები არიან და ესენი, ყველანი, საერო ხალხია. როგორ არ უნდა ჩავერიო და არ უნდა დავუდგე გვერდზე?! მათი სახით ხომ იგივე მე ვარ?! რა მნიშვნელობა აქვს, მერე რა, რომ ეკლესიაში ვარ და სასულიერო პირი გახლავართ, ე.ი. არ დავიცვა ჩემი სამშობლო და ჩემი ქვეყანა?! ეს ასე არ არის. ცუდად არის გაგებული, შვილო.
მეუფე იობს, მეუფე სერაფიმეს ჰქონდათ საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება, თუ ყველაფერი საპატრიარქოს იერარქებისთვის უნდა შეეთანხმებინათ?
- საპატრიარქოს აზრიც იგივეა, რაც მეუფის. ყველა ეპისკოპოსის აზრი იგივეა. უბრალოდ, ამას ზოგიერთი ამბობს, ზოგი - არა. ეს არის სიმართლე, თორემ როგორ შეიძლება, საღი აზრი უარყოფილ იქნას საპატრიარქოში?! ეს საპატრიარქოს შეურაცხყოფაა. საპატრიარქოს არ უთქვამს, რომ არ დაიცვათ ქვეყანა და არ დაიცვათ მართლმადიდებლობა, არ დაიცვათ ქართველობა.
როგორც ჩანს, საპატრიარქოში აზრი ორადაა გაყოფილი, ამის თქმის შესაძლებლობას ის იძლევა, რომ სინოდის გადაწყვეტილებით, სასულიერო პირთათვის აიკრძალა საპროტესტო აქციებში მონაწილეობა.
- ასე არ არის. საპატრიარქოში ნამდვილად არ არის აზრი გაყოფილი. ნათქვამია, ქვეყანა გაიყო და ბზარმა ჩემს გულზე გაიარაო. თვითონ ადამიანია გაორებული და გაყოფილი. საპატრიარქოში ორ ადამიანს სხვადასხვა აზრი რომ ჰქონდეს, ეს დიდი დანაშაული არაა.
მაშინ, რას ნიშნავდა სინოდის გადაწყვეტილება? პირდაპირ გეტყვით, ითქვა, რომ სინოდის გადაწყვეტილება დაშინებით იყო მიღებული.
- იცით, რა, შვილო, არათუ მარტო სინოდის გადაწყვეტილება, თვითონ უფლის ნება, რომელიც ჩვენ მოგვაწოდა, ადამიანებს, ვალდებულნი ვართ, რომ დავიცვათ. სინოდის გამოტანილი განჩინება თუ სხვა რამ, ვალდებულნი ვართ დავიცვათ, მაგრამ ხდება, რომ ხანდახან ადამიანები, ჩვენი უძლურების გამო თუ მომატებული ემოციიდან გამომდინარე, ვერ ვიცავთ ამა თუ იმ წესს. თორემ, ვალდებული ხარ ადამიანი, არ მოიპარო, არ იმრუშო, ცილი არ სწამო. კი გვინდა, შევასრულოთ, მაგრამ ამ ცნებებს ბოლომდე ვერ ვასრულებთ. ძალიანაც მინდა, რომ შევასრულო, რა თქმა უნდა, წმინდა სინოდის მცნება, მაგრამ ახლა რომ გავიგებ, რომ სადმე ბატონი ბიძინას აქცია იქნება და იქ ჩემი შვილები წავლენ, მე რა გულმა უნდა მომითმინოს, სახლში დავჯდე?! აუცილებლად გავყვები, თუნდაც იმიტომ, რომ მათი უსაფრთხოება დავიცვა, რადგან ზოგი ქვას ისვრის და ზოგი - ტალახს. მე აუცილებლად გადავეფარები ჩემს შვილებს. ღმერთმა ამის ძალა მომცეს. აბა, როგორ, ჩემს სულიერ შვილებს წინ გავუშვებ, რომ ქვა ესროლონ და ტალახი და მე სახლში ვიჯდე?
ნაციონალების ღონისძიებებში მონაწილეობა საპატრიარქოს წარმომადგენლებს არ ეკრძალებათ, მაგრამ ეკრძალებათ ივანიშვილის აქციებში მონაწილეობა. ეს ორმაგი სტანდარტი ხომ არ არის?
- ვისაც უნდა, ქუთაისის პარლამენტში მიდის, ვისაც უნდა - ბატონი ბიძინას აქციაზე. წეღანაც მოგახსენეთ, დაყოფილი აზრი აქვს ადამიანს, ხშირად ვერ გადაუწყვეტია, საით წავიდეს, არჩევანი ვერ გაუკეთებია. ახლა ორ კაცს შორის ერთი რომ მარჯვნივ წავა, მეორე - მარცხნივ, ეს დიდ უბედურებას არ წარმოადგენს.
NDI-ს კვლევის თანახმად, პატრიარქი ყველაზე მოსაწონ ადამიანად დასახელდა, თუმცა ეკლესიის როლის შესახებ და საპატრიარქოს როლის შესახებ NDI-ს არაფერი უთქვამს. ამ დროს კი მოსაწონად დასახელდა პატრული, შსს, თავდაცვის უწყება. რას ემსახურება ეკლესიის როლის მიჩქმალვა?
- ძალიან ბევრ ერისკაცს, სასულიერო პირს, მთავრობის წარმომადგენელს ვიცნობ, რომლებიც სხვადასხვა ინსტიტუციებში მოღვაწეობენ. ერთხმად ყველა მათგანი აცხადებს, რომ ნეტა, ყველაფერი ისე ხდებოდეს, როგორც პატრიარქს უნდა ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის. ეკლესიის დასახელებისგან კი ამ უცხოურმა ორგანიზაციამ თავი, ალბათ, იმიტომ შეიკავა, რომ ეკლესიას რატომ დაასახელებდნენ, როცა ეკლესია მოაზრებული აქვთ, რომ თითქოს იგი დემოკრატიას უშლის ხელს. ამ დროს კი ეკლესია ყველაზე მეტი დემოკრატია, ყველაზე მეტი კონსერვატორიცაა და ყველაზე დიდი რესპუბლიკელიცაა. და რაც მთავარია, ეროვნული მოძრაობის წინამძღოლია.
რისი თქმა შეგიძლიათ, ნამდვილად ერევა ხელისუფლება ეკლესიის საკითხებში?
- ვისთან ერევა და სად ერევა, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ადამიანები ვართ და თუ გსურს, შენს საქმეში ჩარევ ვინმეს, თუ გსურს - არ ჩარევ. თორემ, მცდელობა, შეიძლება, ნამდვილად ჰქონდეს ყველას, რომ შენს საქმეში და, მით უმეტეს, ეკლესიის საქმეში ჩაერიოს. პირადად ჩემთან არავინ ერევა. შესაძლოა, დღესაც ბევრს აქვს მცდელობა, ჩემს საქმეშიც ჩაერიოს, მაგრამ მე თუ მინდა, ჩავრევ, თუ მინდა - არა.