საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ალიანსის ლიდერების მიერ გაკეთებული დაპირებიდან 10 წლის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს ნატო-ში სწრაფი გაწევრიანება გამორიცხა, -ამის შესახებ ფრანგული სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს.
„ნატო-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ, ეს არის გერმანიის პოზიცია“, – განაცხადა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.
„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, ნატო-ს ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა მერკელისა და მაშინდელი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ზეწოლის შედეგად, უარი თქვეს შავი ზღვისპირა პატარა ქვეყნის წევრობის ფორმალურ გზაზე დაყენებაზე. 20-წევრიან სამხედრო ალიანსში გაწევრიანების სურვილის შესახებ საქართველოს განაცხადმა მისი საბჭოთა ეპოქის მმართველი რუსეთი განარისხა. მრავალწლიანი დაძაბულობის კულმინაცია გახდა 2008 წლის აგვისტოს მოკლე ომი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის გამო“, – წერს „ფრანს პრესი“.
„ეს არის საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და დიდი უსამართლობა“, – უთხრა მერკელმა სტუდენტებს.
სააგენტო „ფრანს პრესი“ აღნიშნავს, რომ სიმბოლურ ჟესტად, მერკელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გაემგზავრა, სადაც რუს „მესაზღვრეებს“ მავთულხლართები აქვთ გაჭიმული.
Deutsche Welle
გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტისას თავშესაფრის მაძიებლების საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.
„საქართველოდან ჩასული მიგრანტების რიცხვის ზრდის შემდეგ, კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია მალე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს. ეს კომენტარი გაკეთდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან დედაქალაქ თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საიდანაც მერკელმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისი სამდღიანი ტურნე დაიწყო. მერკელმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ქართველებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა, გერმანიაში გაიზარდა ამ ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების გადაწყვეტილების გამო, ქართველი თავშესაფრის მაძიებლების გერმანიაში ლტოლვილებად აღიარება უფრო გართულდება. ეს ასევე გაუმარტივებს ბერლინს იმ აპლიკანტების დაბრუნებას, რომლებსაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ“, – წერს „დოიჩე ველე“.
მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე ფედერალური ოფისის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 2625 ადამიანმა მოითხოვა, რაც მიმდინარე წელს საერთო აპლიკანტების რაოდენობის 2,7 პროცენტია.
Reuters
სააგენტო Reuters-ის ცნობით, მერკელმა დაარწმუნა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომ გერმანია გააგრძელებს რუსეთთან დიალოგს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში მისი ჯარების არსებობის საკითხთზე.
სააგენტო Reuters-ი ენერგეტიკულ საკითხებზეც წერს. სწორედ ენერგოპროექტები იქნება მთავარი განსახილველი თემა აზერბაიჯანში მერკელის ვიზიტისას. როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი ხაზს უსვამს „მერკელის ღიაობას, იპოვოს ხელმისაწვდომი გაზის ალტერნატიული წყაროები იმის მიუხედავად, რომ ის კვლავ უჭერს მხარს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2-ს“, რომლის საშუალებითაც რუსეთიდან გაზი ბალტიის ზღვის გავლით გერმანიას პირდაპირ მიეწოდება“.