პოლიციის უჩვეულო „სიდინჯე“ - კითხვის ნიშნები არევაძის საქმეში

პოლიციის უჩვეულო „სიდინჯე“ - კითხვის ნიშნები არევაძის საქმეში

რუსთავის საქალაქო სასამართლოში „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ქვემო ქართლის კოორდინატორის, თორნიკე არევაძის საქმის განხილვა გრძელდება. არევაძესთან ერთად ეჭვმიტანილის სტატუსითაა დაკავებული მოქალაქე, ვახტანგ დანელია.

არევაძე და დანელია 9 მარტს რუსთავის რესტორან ,,ქალაქურში“ გარდაბანელი ნაზიმ კამბაროვის ფიზიკურ შეურაცხოფაში არიან ეჭვმიტანილნი. კამბაროვი, რომელიც ახლო წარსულში ჩხუბისთვის თავადაა ნასამართლევი ამბობს, რომ დანელიამ მას კეფის არეში იარაღი, ხოლო, არევაძემ სახეში მუხლი ჩაარტყა.

საქმეში რიგ საინტერესო დეტალებთან ერთად საყურადღებო, რუსთავის შსს-ს ორი თვით დაგვიანებული რეაქციაა. საქმე იმაშია, რომ რესტორან „ქალაქურში“ ინციდენტი 9 მარტს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მაშინვე მივიდნენ რუსთავის პოლიციის საქალაქო სამმართველოსა წარმომადგენლები, მათ ეჭვმიტანილები არც გაუჩხრეკავთ და არც დაუკავებიათ. მათი დაკავება, 2 თვის შემდეგ, 8 მაისს გადაწყვიტეს.

18 ივლისს, რუსთავის საქალაქო სასამრთლოში პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა, მიხეილ ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ იმ მომენტში არევაძის და დანელიას გაჩხრეკის და დაკავების საჭიროებას ვერ ხედავდა. მისი თქმით, მათი დაკავების და ჩხრეკის ჩატარების გადაწყვეტილება მხოლოდ დაზარალებულის სტატუსით საქმეში ცნობილი კამბაროვისა და სუფრის სხვა წევრების დაკითხვის შემდეგ მიიღო.

მიუხედავად დეტექტივ-გამომძიებლის ასეთი განცხადებისა, არევაძის მხარე თვლის, რომ რუსთავის პოლიციაში არევაძეთი მოგვიანებით მხოლოდ იმიტომ დაინტერესდნენ, რომ მან მათ სათაყვანებელ უკვე, ყოფილ მინისტრ მერაბიშვილზე 27 აპრილს ტელევიზიით უარყოფითი ხასიათის განცხადებები გააკეთა.

„თორნიკემ მითხრა, რომ დაკავების შემდეგ დიდი ზეწოლის ქვეშ მოხვდა. მისი თქმით, მთავარ სამმართველოში პოლიციის მაღალჩინოსნებმა წამოაძახეს - ბიჭო, შენ პატარებს შეეშვი და დიდებზე გადახვედიო. მხედველობაში ჰქონდათ შს მინისტრთან დაკავშირებით არევაძის მიერ გაკეთებული განცხადება. 27 აპრილს თორნიკემ „ობიექტივის" ეთერით რუსთავში მერაბიშვილთან გამართულ ფარულ შეხვედრებზე ისაუბრა. სწორედ, ამან გამოიწვია მათი გაღიზიანება. შსს-ს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების შემდეგ არევაძე მალევე დააკავეს... „ - აცხადებს „სახალხო კრების“ რუსთავის კომიტეტის თავმჯდომარე, ნუგზარ გველესიანი.

თორნიკე არევაძის ახლობლები კი აცხადებენ, რომ „ქალაქურში“ მომხდარი ინცინდენტის შემდეგ არევაძე თავად მივიდა პირველ განყოფილებაში და განაცხადა, რომ მზად იყო იმ დღის დეტალები გაეხსენებინა. თუმცა, მაშინ სამართალდამცავები არევაძით  არ დაინტერესებულან. „პოლიციაში უთქვამთ, წადი, შენ არ ხარ საჭიროო“ - იხსენებს არევაძის დედა, ლოლა ჭიპაშვილი.

საინტერესოა ისიც, რომ 9 მარტს რესტორანში მომხდარ კონფლიქტში გასარკვევად მისული სამართალდამცავები ვერ თანხმდებიან ერთ დეტალზეც – პოლიციელთა ნაწილი აცხადებს, რომ იმ დღეს იარაღზე არაფერი სმენიათ. თუმცა, ახლა, განსხვავებულ განცხადებებეს აკეთებენ ადგილობრივი სამართალდამცავები ამირან სოლოღაშვილი და მიხეილ ხაჭაპურიძე. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულისგან გაიგეს, რომ მას საუბარი ჰქონდა იარაღზე. მათი თქმით, ეს საუბარი ეჭვმიტანილმა დანელიამაც მოისმინა და მათ წინაშე პერანგი შეიხსნა. დანელია მათ აჩვენებდა, რომ იარაღი არ ჰქონდა.

გაუგებარია – თუ ადგილზე მისულ რუსთავის პოლიციის ლამის ნახევარს დაზარალებული უხსნიდა, რომ იარაღი ჩაარტყეს, რატომ იმავე წუთს არ დაიწყო ამ იარაღის ძიება? მითუმეტეს, როდესაც ვინმეს დაკავება პოლიციას არასოდეს დაზარებია, რატომ დააკავა ეჭვმიტანილები ორი თვის შემდეგ და არა იმავე დღეს, „ცხელ კვალზე“?

ეჭვს აჩენს ის გარემოებაც, რომ რუსთავში არ არის რთული კრიმინოგენული ვითარება, პოლიციაც არ უჩივის საქმეების უჩვეულო სიმრავლეს და, წესით, რესტორანში მომხდარი რიგითი ჩხუბის გამოძიებას ორი თვე არ სჭირდება.