ქართული საზოგადოება, პოლიტიკოსები და ექსპერტები უკვე რამოდენიმე დღეა მსჯელობენ NDI-ის, ოქსფორდის უნივერსიტეტის საკონსულტაციო კვლევითი ცენტრის და ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის, აგრეთვე ნაციონალური მოძრაობის ჩატარებულ შიდა კვლევების შესახებ, რომელთა შედეგებიც ერთმანეთისგან განსხვავდება.
სოციოლოგების განცხადებით, კი არსებულმა ცდომილებამ საკვლევ ველში 2-3%-ი უნდა მოგვცეს მხოლოდ, თუ რა თქმა უნდა ველი დაზიანებული არ არის. აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისგან ამ სამივე ორგანიზაციის მიერ გამოკითხული ინტერვიუერების პასუხები . გარდა ამისა, ექსპერტები და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები არა მარტო მეთოდოლოგიური კვლევების, არამედ შიშის ფაქტორებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ინტერვიუერი როგორც წესი, მაშინ არ აცხადებს ვის მისცემს ხმას, როდესაც საქმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას ეხება,ხოლო მათ ვისაც სახელისუფლო პარტიებს აძლევს ხმას, დასამალი არაფერი აქვთ.
პოლიტოლოგი გიორგი მარგველაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საზოგადოებრივი კველევის შედეგები მისთვის სარწმუნო ვერ გახდება მანამ, სანამ ამ კვლევაში შიშის ფაქტორის კოეფიციენტი არ იქნება გაზომილი. „არ ვფლობ ინფორმაციას, რა მეთოდოლოგიით ჩატარდა ეს კვლევები. რა მექანიზმებით მოხდა გარეშე გამღიზიანებლის, ანუ რა ფორმულა მიუყენეს შიშის ფაქტორს. ბევრჯერ დამისვამს ეს შეკითხვა,თუმცა არცერთ სოციოლოგს ჩემთვის ამ შეკითხვაზე პასუხი არ მოუცია. რა კოეფიციენტით გავზომეთ შიშის ფაქტორი ამ კვლევაში? რაც შეეხება ამ კვლევებს შორის ცდომილებას, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცოტა ჭირს- ან უნდა ვთქვათ, რომ ამ სამიდან რომელიმემ არაკეთილსინსინდისიერად ჩაატარა ეს კვლევა ან არაპროფესიონალია. ან შეიძლება აღვნიშნოთ კიდევაც, რომ საზოგადოებრივი აზრი სწრაფად ცვალებადი ფენომენია, რომელიც დღეს ერთ მონაცემს გვაძლევს და ხვალ სხვას. ამ სამივე კვლევამ არა თუ ნათელი შეიტანა სოციოლოგიაში, არამედ ბევრი კითხვებიც გააჩინა“.-აღნიშნავს მარგველაშვილი.
საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს აშკარად აღიზიანებს ამერიკული ინსტიტუტების NDI-ის და IღI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რადგან თვლიან რომ ის საზოგადოებაში არსებულ რეალურ სიტუაციას არ ასახავს, თანაც ერთ-ერთი ინსტიტუტის უკან აშკარად იკვეთება ლევან თარხნიშვილის მეუღლის სახელი. გარდა ამისა, ჩნდება კითხვა-რატომ ევალებათ მაინცდამაინც NDI -ს ან და IღI-ის ჩაატაროს საქართველოში კვლევები, როდესაც ეს ორივე ორგანიზაცია, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლებასთან კარგ დამოკიდებულებაში არიან შემჩნეულნი?
მარგველაშვილის აზრით, როდესაც შენ სოციოლოგიურ მონაცემებს აქვეყნებ, შენ არ ხარ პოლიტიკოსი, შენ ხარ სოციოლოგი და უნდა ისაუბრო ჩატარებული კველევის მეთოდოლოგიაზე. „ აქ პიროვნულ ნდობაზე არ არის საუბარი, საუბარია პროფესიონალიზმზე, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, სანამ ორგანიზაცია შიშის ფაქტორის კოეფიციენტს არ გამოაქვეყნებს, ნებისმიერი ორგანიზაციის კვლევების ეჭვის თვალით შეიძლება შევხედოთ. მე არ ვიცი რამდენად კეთილსინდისიერ კვლევებს ატარებს თარხნიშვილის მეუღლე ან რომელ ორგანიზაციას უკავშირდება მისი სახელი, მაგრამ შემიძლია აღვნიშნო, რომ თარხნიშვილი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო ადრე “,-აცხადებს მარგველაშვილი.
საზოგადოებას გაუჩნდა ერთი შეკითხვაც, რატომ არ აღმოჩნდა ამჟამად ჩატარებულ NDI-ის კველევებში კითხვა- რომელ ინსტიტუციებს ენდობა ყველაზე მეტად საზოგადოება. წინა ჩატარებულ კველევებში პირველ-მეორე ადგილებს ყოველთვის ეკლესია და პატრული იყოფდა. კიდევ ერთ ეჭვს იწვევს NDI-ის იმ რეიტინგების სია, სადაც კითხვაზე მოგწონთ თუ არ მოგწონთ, გამოკითხულთა 92%-მა უპასუხა, რომ მოსწონს ილია მეორე, 60%-მა გიგი უგულავა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი კი 58%-ს მოსწონს.
პოლიტოლოგი თვლის, რომ სწორედ ასეთი კითხვებისთვის უნდა იყოს ღია ორგანიზაცია და ამ შემთხვევაში ლუის ნავარო, რათა საზოგადოებას არ გაუჩნდეს პოლიტიკური კითხვების დასმის სურვილი, როდესაც უცნაური შეკითხვების პასუხებს ისმენს.
„ნავარო და დანარჩენი მკველევარები ოცდაოთხი საათის განმავლობაში უნდა პასუხობდნენ ყველა შეკითხვას დეტალურად, რაც საზოგადოებას აწუხებს. ამ კვლევებს და მათ შედეგებს ადრე ყოველთვის პოლიტიკური განცხადებების ფორმა გააჩნდა. ჭარბობდა უცნაური შეკითხვებიც, მაგალითად, გაყვებით თუ არა ბიძინა ივანიშვილს ქუჩაში, ან სააკაშვილის პრეზიდენტობის შესახებ, როდესაც კონსტიტუციით აკრძალული იყო პრეზიდენტის მესამე ვადით არჩევა. რა ფორმით მოხვდა პატრიარქი გიგი უგულავას, მიხეილ სააკაშვილის გვერდით, როდესაც ამ სიაში მხოლოდ პოლიტიკური ფიგურები არიან? ადამიანური თვალსაზრისით შევაფასეთ თუ პოლიტიკური? ამიტომ ვაცხადებ, რომ მთავარია ფორმულირება, რა ფორმით და როგორ იქნება დასმული შეკითხვა, ან რა გულწრფელობით გასცემს მას პასუხს ინტერვიუერი“,-აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.