მამუკა ბახტაძე ბულგარეთის ელჩს შეხვდა

მამუკა ბახტაძე ბულგარეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მამუკა ბახტაძემ დიპლომატს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას და მრავალწლიან თანამშრომლობას კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. ამ კონტექსტში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერეო მიმოსვლის პერსპექტივა განიხილეს. 

ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაზე. 

მამუკა ბახტაძემ ბულგარეთის სახელმწიფოს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების კუთხით, ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.