სომეხ მეცნიერთა ერთმა ნაწილმა ვარძია ვარძუნიკად მონათლა. როგორც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია აცხადებს, სომხეთში დაბეჭდილი 14-ტომიანი "სომხური არქიტექტურული ძეგლების" რამდენიმე ტომში თბილისში, კახეთში, ჰერეთში, აჭარასა და ჯავახეთში არსებული უძველესი ქართული ძეგლები სომხურ ტაძრებად არის გამოცხადებული.
სამუშიას განცხადებით, სომხეთში გამოცემული ეს მრავალტომეული უცხოეთში არსებულ სომხურ ძეგლებს ეძღვნება და საკმაოდ მაღალი დონის პოლიგრაფიული გამოცემაა. "მისი ავტორი, სამველ კარაპეტიანი კი ატნიქართული განწყობით და არაპროფესიონალიზმით არის ცნობილი", - ამბობს სამუშია.
მისი თქმით, მას ხელთ ჩაუვარდა ამ გამოცემის მე-9 ტომი, რომლის სახელწოდებაა "ჯავახჰქი" და არა ჯავახეთი.
"წიგნის სახელწოდებაშივეა ნათქვამი, რომ ჯავახეთი სომხეთის ტერიტორია იყო. ამ წიგნს ქართულმა სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი", - აღნიშნა სამუშიამ.
სამუშიას განცხადებით, აღმაშფოთებელია ის, რომ ამ გამოცემის თანახმად ვარძიაც სომხურ ძეგლად არის გამოცხადებული. "თურმე ვარძია ვარძუკინი ყოფილა და მართლმადიდებელ სომხებს აუშენებიათ", - განაცხადა სამუშიამ.
მისივე თქმით, არსებობს ასევე ასეთი წიგნი "რუსეთს ისტორია-სომხური კვალი", რომელიც, სამუშიას თქმით, მან ბრიტანეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ნახა. ამ წიგნში ყველა ქართველი მეფე, მათ შორის - დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე სომხებად არიან გამოყვანილები.
სამუშია მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა გამოიცეს ქართველი მეცნიერების ნაშრომები ინგლისურ ენაზე და დარიგდეს ყველა ქვეყნის ბიბკიოთეკაში.
"მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ჯავახეთი, რომელიც სომხეთის ტერიტორიად არის გამოცხადებული, არის საქართველოს მიწა", - დასძინა სამუშიამ.