რუსკა მაყაშვილი

რუსკა მაყაშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ბერა ივანიშვილის გამო დაბლოკეს

რუსკა მაყაშვილთან ინტერვიუს ჩაწერას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვფიქრობდი. მაშინ მსახიობი მუსკომედიის თეატრში მაკა ნაცვლიშვილის სპექტაკლ "ფსიქოზი 4.46"-ის პრემიერაზე ვნახე. იმ დღეს რუსკამ გაორებული სარა კეინის თამაშისას კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სერიალებში ნათამაშები კომიკური გმირების პარალელურად, სცენაზე ტრაგიკული, თვითმკვლელი გმირის თამაშიც არაჩვეულებრივად შეეძლო. მაშინ ამ თემაზე ჩვენი შეხვედრა არ შედგა, მალე "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაიწყო და რუსკამ წამყვანის ამპლუა მოირგო.

ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდა, ამას ინტერვიუში თავადაც აღიარებს, მაგრამ ყველას უკვირდა, გოგონა, რომელიც ძალიან კარგად ცეკვავს, რატომ გახდა ცეკვის კონკურსის წამყვანი. ამის შემდეგ ბევრი სათქმელი დაუგროვდა, თუმცა შეკითხვებს ძირითადად პირად ცხოვრებაზე, სერიალსა და ამ პროექტზე უსვამდნენ. იყო პერიოდი, როდესაც პრესასთან ურთიერთობაში ტაიმ-აუტი აიღო, თუმცა ამჯერად სიამოვნებით დაგვთანხმდა და ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მკითხველს აინტერესებს, გულწრფელად გვიპასუხა. საუბარი სპექტაკლით დავიწყეთ. და მეტად სკანდალურ თემაზეც გადავედით... რუსკამ გაგვიმხილა, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" დაბლოკეს...

- რუსკა, სპექტაკლში შენ და მარიამ კიტია თამაშობთ, როგორ მოხვდი სარა კეინის "ფსიქოზში"?
- მაკა ნაცვლიშვილმა თავიდან ლაშა ბუღაძის პიესა "ნავიგატორის" დადგმა დაიწყო, რეპეტიციებიც მიმდინარეობდა, თუმცა ყოველთვის უნდოდა, რომ სარა კეინის "ფსიქოზი" დაედგა. თავიდან მიაჩნდა, რომ ამისთვის ჯერ პატარა იყო. მეც ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა ამ როლის თამაში. ერთ დღეს თავად დამირეკა, გადავწყვიტე, "ნავიგატორი" აღარ დავდგა და მუსკომედიაში "ფსიქოზს" ვდგამო. ძალიან გამიხარდა, მითხრა, რომ მე და მარი კიტია ვიქნებოდით სარა კეინები. მარის მანამდე გამარჯობით ვიცნობდი, ძალიან ნიჭიერი არტისტია, შემდეგ დავიწყეთ რეპეტიციები…

- ეს იყო შენთვის, როგორც მსახიობისთვის, ყველაზე სერიოზული გამოწვევა?
- არა, მანამდე მაკას სპექტაკლ "საპნის ოპუსში" ვითამაშე, რომელიც რუსთაველის თეატრში დაიდგა და დიდი ამბები მოჰყვა. ეს იყო ექსპერიმენტი, დათო გაბუნიას ძალიან მძიმე პიესაა, ამავე დროს, ცოტა ირონიულიც. რეალურად ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული როლი თეატრში. შემდეგ წამოვიდა კიდევ რაღაც როლები, მაგრამ სარა კეინი უკვე განაცხადი იყო, რასაც ჩავეჭიდე. არ ვიცოდი, გამომივიდოდა თუ არა, მაგრამ მაკას რატომღაც ჩემი სჯერა და ფიქრობს, რომ კომედიური როლების გარდა სხვა რამეც შემიძლია. ამისთვის დიდი მადლობა მას.

- რით განსხვავდებოდა სხვა როლებისგან?
- ყველა როლზე მუშაობა განსხვავებულია, მაგრამ ეს ძალიან მძიმე იყო. ნაწარმოები ბევრჯერ წავიკითხე, რომ გამეგო, რას წერდა მწერალი. მანამდე მის ბიოგრაფიას ახლოს გავეცანი. თან მძიმე პერიოდიც დაემთხვა, ორი კვირა რეპეტიცია შეჩერდა და როცა გავაგრძელეთ, ქალაქში მოთოვა. ვისაც სპექტაკლი უნახავს, იცის, რომ დეკორაცია მხოლოდ აბაზანისა და თეთრი ბალიშებისგან შედგება. ღამის ოთხ საათზე, რეპეტიციიდან რომ გამოვდიოდით, გარეთაც თოვდა, უცნაური შეგრძნება მეუფლებოდა. ფაქტობრივად, როლიდან ვერ გამოვდიოდი. ამ ყველაფრით "დაგრუზულს" გარეთაც იგივე სიტუაცია მხვდებოდა. ვიძინებდი და დილას სხვა საქმეზე გავრბოდი. ღამე ისევ რეპეტიციებს ვუბრუნდებოდი. რომ გითხრათ, ბოლომდე გავიგე, რისი თქმა უნდოდა მწერალს, მოგატყუებთ. მე მგონი, ვერავინ იტყვის ბოლომდე, რა უწერია. ზოგადად ეს პიესაც არ არის. სარა კეინმა 28 წლის ასაკში მოიკლა თავი, აქ მისი ფიქრები და გრძნობებია ჩამოწერილი, არც ერთი სასვენი ნიშანი არ წერია და არც მიზანსცენები აქვს აღწერილი. როცა წაიკითხავ, შენ რაც გინდა, იმას გააკეთებ, როგორც გინდა, ისე დადგამ. შეიძლება, ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ რეალურად მიზანში უნდა მოარტყა. მანამდე ინტერნეტში ბევრი დადგმა ვნახე, მაგრამ არც ერთი არ მომეწონა. ისედაც, წასაკითხადაც ძალიან მძიმეა და მერე ამ ყველაფრის გაათმაგება არ ღირს. ჩვენს სპექტაკლზე ერთ რეცენზიაში დაწერეს, დავარცხნილი სარა კეინიაო, სწორი შეფასებაა.

- ამ როლმა თუ მოახდინა გავლენა შენს შინაგან სამყაროზე?
- დიახ, ადრინდელისგან განსხვავებით, ახლა ბევრს ვფიქრობ ყველაფერზე. შემიძლია, მთელი დღე ვიჯდე და რაღაცებზე ვიფიქრო. ფიქრს შორს მიჰყავხარ. ეს სპექტაკლი ბევრი რამის გაანალიზებაში დამეხმარა. სპექტაკლი მძიმეა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ცუდ ხასიათზე დადგე, პირიქით, სტიმულს გაძლევს, ცხოვრების გაგრძელება გინდება. მელოდიასავითაა, ისმენ და ბოლომდე მიჰყვები.

- რუსკა, საკუთარ თავს თუ ამსგავსებ შენს გმირს?
- ერთი, რითაც მგავს, ეს დეპრესიაა. ხანდახან მაქვს პერიოდები, როცა დეპრესიაში ვვარდები, მაგრამ მგონია, რომ ეს გოგონა ამას არავის ანახვებდა და ამიტომაც დაემართა გაორება, მერე გაგიჟდა. სხვა არაფრით ვგავარ.

- მახსოვს, ერთხელ გულისტკივილით აღნიშნე, რომ ვინც შენს სამსახიობო მონაცემებს აკრიტიკებს, შენი სპექტაკლები არ უნახავთ.
- მასაზე მაქვს საუბარი, რომელიც ტელევიზორს უყურებს და თეატრში არ დადის. მარტო ანჩო და ის პერსონაჟები იციან, რაც კინოსა და სერიალებში მითამაშია. ამიტომ ყველა ინტერვიუში ვამბობ და ამის თქმა არასოდეს დამეზარება, მოვიდნენ თეატრში ჩემი ნამუშევრების სანახავად და მერე შემაფასონ. კრიტიკის არ მეშინია, პირიქით, თუ არ გაგაკრიტიკეს, უინტერესოა, ცუდია, როცა შენზე აღარ ილაპარაკებენ. კრიტიკა არ მაკნინებს, პირიქით, სტიმულს მაძლევს. ყოველთვის ვკითხულობ, როდესაც ჩემზე ცუდს წერენ.

- როდისმე გინანია სატელევიზიო პოპულარობა?
- არა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ტელევიზიაც, თეატრიც, კინოც. სამი სხვადასხვა სფეროა. თეატრი საერთოდ სხვა ორგანიზმია, სერიალი ცალკეა და კინო სხვაა. რასაც ჩემს პროფესიაში ვაკეთებ, ხშირ შემთხვევაში არ ვნანობ. ვფიქრობ და მერე ვაკეთებ.

- თეატრი მაინც პირველ ადგილას დგას?
- ადრე ასე ვამბობდი, მაგრამ ბოლოს ძალიან შემიყვარდა კინო, ახლა ვეღარ ვარჩევ, ორივე ძალიან მიყვარს.

- დედამ, მსახიობმა თამარ მაყაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა, რუსკას ჭორებისგან ვიცავო, როგორც მსახიობს გაკრიტიკებს?
- ერთადერთი, რისგანაც მიცავს, ეს ჭორებია. პირად ცხოვრებაში არასოდეს ერევა. თან ახალგაზრდაა და ვმეგობრობთ. კარგი დედაა, მკაცრია და მისი დღემდე მერიდება, არასოდეს ვატყუებ. რაც შეეხება პროფესიას, ამ კუთხით ყოველთვის კრიტიკულია, მაგრამ ობიექტური. არ არსებობს, ჩემს როლზე ადვილად თქვას, კარგიაო. ყოველთვის სწორად აფასებს და ვიცი, რომ არ მომატყუებს, თუ მოეწონა, ყოველთვის აღნიშნავს.

- ბოლო დროს, "ვეფხისტყაოსნის" თრეილერის გამო, სადაც ნესტან-დარეჯანს ასახიერებდი, ბევრმა გაგაკრიტიკა. ადარებდნენ ანჩოს გმირს, რომელიც სერიალიდან გახდა პოპულარული….
- სწორედ ამას ვამბობ, ანჩოზე ლაპარაკობს ის მასა, ვისაც ჩემი სპექტაკლები არ უნახავს. რეალურად კი, ვინც მიცნობს, ამ პროექტით დაინტერესდნენ. ჯერ ერთი - ანჩო აღარ ვარ, ეგ დავამთავრეთ, წარსულს ჩაჰბარდა. მეორეც, გადავიღებთ ამ ფილმს და მერე შეაფასონ.

- ინერვიულე კრიტიკაზე?
- არა, არ ვნერვიულობ ასეთ რაღაცებზე. მაკრიტიკონ, წერონ, იკითხონ, იჭორაონ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ამბიციური ადამიანი არ ვარ. იმიტომ ვარ მშვიდად, რომ რაც შემიძლია, იმას გავაკეთებ, რაც არ შემიძლია, არც შევეჭიდები.

- რუსკა, როდესაც ამდენ რამეში ხარ ჩართული, არ გიჭირს დროის განაწილება?
- სამი წელია, ასეთ რეჟიმში ვარ, მაგრამ როცა გინდა, ყველაფერს მოასწრებ. წელს ყველგან მაგვიანდებოდა და მეჩხუბებოდნენ, ამ დროს ძალიან პუნქტუალური ვარ.

- წელს იყო პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები", სადაც ერთ-ერთი წამყვანი იყავი, ნანობ, რომ დათანხმდი ამ წინადადებას?
- დიახ, ესეც ალბათ ერთ-ერთი ინტერესი იყო, გამომივიდოდა თუ არა, მაგრამ ვნანობ, რომ დავთანხმდი, მიმაჩნია, რომ არ გამომივიდა. აწი აღარ შევეჭიდები ასეთ რაღაცას (იღიმება).

- ეს მაინც ღია ეთერის ბრალი ხომ არ იყო?
- არა, ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც შეუძლია. თავიდან დავთანხმდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს არ არის ჩემი პროფესია, ვერ დავიჭირე ის მუღამი, რაც გადაცემის წაყვანას სჭირდება, თან ღია ეთერში. მოკლედ, არ მინდა.

- მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემდეგ სეზონზე მიიღებდი მონაწილეობას პროექტში, როგორც ერთ-ერთი კონკურსანტი.
- ახალ ამბავს გეტყვით, დიახ, ვიცოდი, რომ ვმონაწილეობდი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" და სულ რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ რუსკა მაყაშვილი აღარ მონაწილეობს ამ პროექტში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა "იმედის" შენობაში ვსხედვართ, ვსაუბრობთ და ახალ "შუა ქალაქში" გადავედი, ასე თქვეს, რუსკა მაყაშვილი ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაშია და აღარ მიიღებს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობასო.

- ვინ თქვა?
- არ ვიცი, ასე ლაპარაკობენ. ვერ დაგიკონკრეტებთ.

- რეალურად რის გამო დაგბლოკეს?
- რუსკა მაყაშვილი რაღაც სულელური ჭორის გამო დაბლოკეს.

- თუმცა ამ ჭორის გადამოწმება ძალიან ადვილად შეიძლებოდა.
- გადამოწმება რად უნდა, მოვიდნენ და მკითხონ. არ ვიცი, ან რუსკას ასე ბლოკავენ, ან მიიჩნევენ, რომ რუსკა ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაშია.

- ამ შემთხვევაში "მეცხრე არხს" თუ გულისხმობენ, ეს საინფორმაციო არხია და იქ რას უნდა აკეთებდე?
- არა, ახლა რომელიც იხსნება, იქ (ბერა ივანიშვილის ტელევიზია - ავტ.). ჩემი აზრით, ეს ჭორი იმიტომ გავრცელდა, რომ ლევან დაბრუნდაშვილი, რომელმაც "ვეფხისტყაოსნის" თრეილერი გადაიღო, ახლა ბერას ტელევიზიაში მუშაობს და სარეკლამო თრეილერში "ვეფხისტყაოსნის" კადრებია ჩასმული. მე ამას ვაბრალებ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მე იქ ვმუშაობ?! შემოთავაზებაც კი არ მქონია. რომც მქონოდა, არც დავთანხმდებოდი, იმიტომ რომ "იმედში" ვარ და არ ვაპირებ აქეთ-იქით სირბილს. რომც ვიყო ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში, ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა "ცეკვავენ ვარსკვლავებში".

- პირველ სეზონზე, ფაქტია, რომ დიდი შრომა ჩადე პროექტში.
- ორი დღეა, რაც ეს ამბავი გავიგე. არავის ვაბრალებ, არც ვიცი, საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი, უბრალოდ, ვიცი, რომ მე "ცეკვავენ ვარსკვლავებში" აღარ ვმონაწილეობ, იმიტომ რომ დადის ჭორი, რაზეც უკვე ვილაპარაკე.

- რუსკა, ბერას იცნობ?
- არა, არ ვიცნობ, მაგას ვამბობ, რომ მისი ტელევიზიიდან შემოთავაზებაც არ მქონია.

- უცნაურია, ყველა დარწმუნებული იყო, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იცეკვებდი.
- არ მინდა, სხვანაირად ჩამომართვან, ვიცი, რომ ყველა ელოდება ჩემს ცეკვას, მაგრამ გავიგე, რომ ამ პროექტში აღარ ვარ. არ ვიცი, რამ გამოიწვია, რატომ, რისთვის, საიდან მოიტანეს ეს ყველაფერი.

- მახსოვს, ერთხელ ჭორი მოგიგონეს, რომ რობერტ სტურუას თეატრიდან გაშვების გამო…...
- დიახ, დაწერეს, რომ რუსთაველის თეატრიდან და "იმედიდან" გამაგდეს იმის გამო, რომ რობერტ სტურუას მხარი დავუჭირე.

- თუმცა რეალურად მართლა მხარს უჭერდი.
- სულ რომ ხიდის ქვეშ ვცხოვრობდე, მხარს ყოველთვის დავუჭერ, მაგრამ საიდან იგონებენ ამ ჭორებს, ვერ ვხვდები. მერე ამას ყველგან ავრცელებენ, სულ პროგრამაში ვარ. არ მოდიან და მე არ მეკითხებიან, მართალია თუ არა. ელემენტარული ლოგიკაა, მაშინ რატომ გადავედი სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან" "შუა ქალაქში", ჯაშუში ვარ თუ რა ვარ, არ ვიცი (იღიმება).

- "შუა ქალაქზე" ვისაუბროთ მაშინ, როგორ მიიღე შეთავაზება? სერიალი, რომელშიც მანამდე თამაშობდი, ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო.
- დიახ და ალბათ ახლაც არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფორმატი შეიცვალა, ვერ ვხვდებოდი, იქ რას ვაკეთებდი. აქ ძალიან თბილი, ოჯახური სიტუაციაა, ჩემთვის ძალიან ახლობლები არიან და ამიტომაცაა, რომ აქ ვარ და არსად არ წავალ, სანამ არ გამაგდებენ. მკითხეს, მოდი, "შუა ქალაქში" შევიყვანოთ ახალი პერსონაჟი, შენც ამ ანჩოს როლიდან გამოხვალო. თავიდან არ დავთანხმდი, ვნერვიულობდი, მაგრამ ბოლოს დამითანხმეს. აქედან წასვლას, მირჩევნია, ისევ აქ ვიყო ჩემიანებთან ერთად.

- ახალ პერსონაჟზე მოგვიყევი.…
- კატო ნიკას ძიძაა, რომელიც სპორტული, ცოტა მკაცრი და ამ დროს კომიკური პერსონაჟია. ამ ეტაპზე კატოს გმირი უკვე აიტაცეს, შემდეგი სეზონიდანაც ალბათ გავაგრძელებთ.

- ზაფხულში დასვენებას არ აპირებ?
- სამი წელია, არ დამისვენია და ორი კვირა აუცილებლად უნდა დავისვენო, თორემ გავაფრენ. მეგობრებთან ერთად წავალ სადმე, ჯერ არ ვიცი სად, მაგრამ აუცილებლად გავატარებ რამდენიმე დღეს კვარიათში, როგორც ყოველ წელს.

- რუსკა, ბოლო პერიოდში პრესასთან ურთიერთობას ერიდებოდი. ამბობდი, რომ ჟურნალისტებმა გაწყენინეს.
- ადრე მაწყენინეს, თემა ისევ ჭორები იყო. ბევრჯერ მილაპარკია პირად ცხოვრებაზე, ყველამ ყველაფერი გაიგო, ერთ დღეს გადავშალე ერთ-ერთი ჟურნალი და ჩემი ინტერვიუ მხვდება, რომელიც არ მიმიცია.

- სადაც ეწერა, თითქოს გიხაროდა შეყვარებულთან დაშორება...
- დიახ, აი, მე გიორგის დავშორდი და რაღაც სისულელეები. თან მობეზრებული მქონდა ერთსა და იმავეზე ლაპარაკი და ცოტა ხანს შევისვენე.

- დღეს რამე ხდება ახალი შენს პირად ცხოვრებაში?
- არა, მარტო ვარ.

- ჩიტივით თავისუფალი?
- დიახ, ჩიტივით თავისუფალი (იღიმება). დაგეგმილი არ მაქვს, რომ ვინმე შემიყვარდეს ან არ შემიყვარდეს. მარტო ვარ და ძალიან კარგად. ცხოვრების დინებას მივყვები.

- თუმცა ალბათ რამდენიმეწლიანმა სასიყვარულო გამოცდილებამ გიორგი ყიფიანთან ბევრი რამ გასწავლა.
- რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობამ ძალიან ბევრი რამე მასწავლა. კარგიც და ცუდიც. კარგი ბრჭყალებში (იღიმება).