„მაესტროს“  მხარდასაჭერი - სოლიდარობის აქცია  სტიკერებიანი თეფშების ფონზე

„მაესტროს“ მხარდასაჭერი - სოლიდარობის აქცია სტიკერებიანი თეფშების ფონზე

ტელეკომპანია „მაესტროს“,  „მე-9 არხის“ და „გლობალ ტივის“  სტიკერებიანი ერთჯერადი თეფშებითა და  პლაკატები წარწერით - SOS საქართველოში მოქმედმა მედია გაერთიანებებმა მთავარ პროკურატურასთან ტელეკომპანია  „მაესტროს“  მხარდასაჭერად სიმბოლური თეფშების აქცია გამართეს და ბოლო დღეებში „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს.

მედიასაშუალებების წარმომადგენლების შეფასებით,  პროკურატურის გადაწყვეტილება ტელეკომპანია „მაესტროს“ თეფშების დაყაღადაღებასთან დაკავშირებით უკანონოა და მათი განცხადებით,  ეს ქმედებები თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მცდელობას წარმოადგენს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, თუ  მსგავსი ქმედებები  გაგრძელდა, სხვა მედიასაშუალებებიც ანალოგიურ სიტუაციაში  ჩავარდებიან.

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორის ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, აქციის მიზანი  „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ საზოგადოების, საქართველოში არსებული საელჩოებისა და უცხოური ორგანიზაციების ინფორმირებაა.

„აქციის მიზანია საზოგადოებამ,  საელჩოებმა  და უცხოურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც დღესდღეობით  საქართველოში არჩევნების დაკვირვებაზე მუშაობენ ხელისუფლების ეს ქმედება გაიგოს.  შევეცდებით მათ  აქციებითა და სხვადასხვა  შეხვედრებით ინფორმაცია მივაწოდოთ.  მედია თუ  სოლიდარული იქნება,  გვახსოვს ფოტოგრაფების საქმე,  მაშინ შედეგი აუცილებლად იქნება“, - განაცხადა კიკაბიძემ.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ღლონტის განცხადებით, ეს მხოლოდ „მაესტროს“ პრობლემა არაა და ახლა ყველაფერი მედიის ერთსულოვნებაზეა დამოკიდებული. როგორც ღლონტი განმარტავს, „მაესტროს“ თეფშები დაყადაღებულია.  შესაბამისად,  მათ რეგიონებში მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების საშუალება არ ეძლევათ.

გამომდინარე აქედან, ღლონტის თქმით, ტელეკომპანია „მაესტროს“  ქსელის გაფართოებისა და  უფრო მეტი აბონენტისა და მაყურებელი შეძენის საშუალება არ ეძლევა.

 „ეს მთელი მედიის პრობლემაა. ჩვენ ყოველ დილით ტელეეთერში გვაქვს პრესის მიმოხილვა და თითოეულ ოჯახში „მაესტროს“ მეშვეობით პრესაც შედიოდა . შესაბამისად, თუ მეტი მედია საშუალება გაერთიანდება, როგორც ეს ფოტოკორესპონდენტების შემთხვევაში მოხდა, შედეგს მივაღწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ფაქტს ხელისუფლება ბიზნესისა და პროკურატურის კერძო დავაში განიხილავს“.- განაცხადა ღლონტმა.

„რეზონანსის“ რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, აუცილებელია მედიასაშუალებებმა სიმართლე თქვან და სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძოლონ.

„სამართლიანობის აღდგენის მიზნით შევიკრიბეთ და იმ უკანონო გადაწყვეტილებებს ვაპროტესტებთ, რომელიც  საქართველოს ხელისუფლებამ „მაესტროსთან“ მიმართებაში მიიღო. მათ ძალიან უხეშად დაარღვიეს კანონი და აქ მოვედი იმიტომ რომ ამ მედიასაშუალებას  სოლიდარობა გამოვუცხადო“, - განაცხადა ტუღუშმა.

ტელეკომპანია  „მაესტროს“ მხარდასაჭერ აქცია „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის ინიციატივით გაიმართა.“

for.ge- ის დამფუძნებლის და მთავარი რედაქტორის გია იაკობაშვილის განცხადებით, ის, რასაც ხელისუფლება „მაესტროსთან“  მიმართებაში ჩადის, არა მხოლოდ მაესტროს, არამედ პირდაპირ არჩევნების, ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგაა  მიმართული.

როგორც იაკობაშვილი განმარტავს, ჟურნალისტებსა და მედიასაშაუალებებს პროფესიული საქმიანობის შესრულებისა და ინფორმაციის შეუფერხებლად გავრცელების საშუალება უნდა მიეცეს. მისი თქმით,შესაბამისად, „მაესტროს“ სატელიტური ანტენების თავისუფლად დამონტაჟების შესაძლებლობაც უნდა მისცენ.

„ჩვენ ვართ მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ჩვენი პროფესიული მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ, მით უმეტეს მაშინ, როცა არჩევნები ახლოვდება. არჩევნებში კი ამომრჩეველს მით უფრო გაუადვილდება გადაწყვეტილების მიღება, რაც უფრო მეტად იქნება ინფორმირებული“, - განაცხადა იაკობაშვილმა.

პროკურატურასთან მაესტროს მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა „გლობალ ტვ“- ის ხელმძღვანელი ზურაბ ბაზლიძეც. როგორც მან ფრომ.გე-სთან  საუბარში აღნიშნა,  სატელიტური თეფშები საქართველოში საერთოდ გაქრა.

„საქართველოში ბაზრობაზე თუ მაღაზიებში  თეფშებს ვერსად  ნახავთ.  აქედან გამომდინარე, თუ თეფშების შემოტანა  და თეფშების დამონტაჟება აკრძალულია „მაესტრო“ და „გლობალ ტვ“  რა შუაშია.  აქ  კურსია აღებული ამჯერად სატელიტური თეფშების დამონტაჟება არ მოხდეს, რათა მომხმარებლამდე  ინფორმაციის მიტანა ვერ მოხერხდეს. დანარჩენი  ყველაფერი აქ არგუმენტების მოყვანის დონეზეა“, - განაცხადა  ბაზლიძემ.

პროკურატურის შენობასთან ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდასაჭერი, სოლიდარობის აქცია დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა.

აქციაზე მყოფი მედიაგაერთიანების წარმომადგენლები ერთსულოვნები იყვნენ, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ თეფშების დაყადაღება თავისუფალი მედიის შევიწროების  ფაქტია და მათ   ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს ერთობლივი, კონსოლიდირებული ძალებით წინ აღუდგენ ამ ფაქტებს და ქვეყანაში თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას ხელი შეუწყონ.