უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც ქსნის N7–ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრები საჯარო ლექციებს ისმენენ. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ, ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დისტანციური სწავლების დანერგვის მიზნით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საჯარო ლექციების კურსი დაიწყო.
იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს საჯარო ლექციები ქსნის კოლონიაში, როგორია პატიმართა აქტივობა, რა თემებზე მოისმინეს მათ ლექციები და მომავალში რისი გაკეთებაა დაგეგმილი, პრესა.გე შეხვდა და ესაუბრა ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსს, ქეთი ქოქრაშვილს, რომელიც ამავდროულად, სრული პროფესორი გახლავთ.
ოთხკედელშუა გამომწყვდეული ადამიანებისთვის, რომელთაც ოჯახის წევრების ნახვის უფლება თვეში ერთხელ ეძლევათ, ალბათ, დადებითი მოვლენაა კვირაში ერთხელ საჯარო ლექციების მოსმენა, მაგრამ ურიგო არ იქნება, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, ქსნის N7–ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრების ცემა–წამების აღკვეთაზეც თუ იზრუნებს.
წამების მსხვერპლთა თანადგომის საერთაშორისო დღეს, 26 ივნისს, სასტუმრო “თბილისი მერიოტში“ შეკრებილმა საზოგადოებამ – უფლებადამცველებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც საპყრობილეებში მონიტორინგს ახორციელებენ და სახალხო დამცველმა, სიტყვით გამოსვლისას, ქსნის N7–ე საპყრობილეზე გაამახვილეს ყურადღება, როგორც პატიმართა ცემა–წამებით განთქმულ დაწესებულებაზე.
“ხშირია თავად სასჯელაღსრულების სისტემაში განთავსებულ პირთა საჩივრები, ცემასთან, ან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებით. ამგვარი ფაქტების შესახებ ხშირად ვიღებთ შეტყობინებას ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა, სიტყვით გამოსვლისას და კონკრეტული დაწესებულებები, მათ შორის, ქსნის კოლონია მიუთითა:
“2010 წლის პირველ ნახევარში, შემოსული განცხადებები და საჩივრები ძირითადად შეეხებოდა: გეგუთის N8, ქსნის N7 დაწესებულებებს და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებას. თუმცა, ერთეულ განცხადებებში სხვა დაწესებულებებიც იყო მოხსენიებული. როგორც წესი, პატიმრების საჩივრები შეეხება ფიზიკურ ანგარიშსწორებას; თუმცა, ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი ჩივიან დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ მოპყრობაზე“.
ჩვენს კითხვაზე – წამების კუთხით რომელ საპატიმრო დაწესებულებაშია ყველაზე რთული ვითარება? ა/ო წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას“ პრეზიდენტმა მარიამ ჯიშკარიანმა მოგვიგო – “მაგალითად, ქსნის N7 საპყრობილეში პირობებიც არაადამიანურია, სამედიცინო მომსახურება უვარგისი და ცემის ფაქტებიც ხდება“.
ახლა რაც შეეხება საჯარო ლექციებს, რომელსაც კვირაში ერთხელ ისმენენ ქსნის N7–ე დაწესებილების მსჯავრდებულები – პირველი ლექცია, XIX-XX საუკუნის საქართველოს ისტორიაზე, მსჯავრდებულებს პროფესორმა მარინა მესხიამ წაუკითხა. მეორე ლექცია იურიდიულ სფეროს ეხებოდა და მსჯავრდებულებს იურისპრუდენციაზე ქეთი ქოქრაშვილი ესაუბრა, რომელიც პროფესიით იურისტი გახლავთ. მისივე განმარტებით, ლექციებს დაახლოებით 500–მდე მსჯავრდებული ისმენს ხოლმე.
“თავიდანვე ვიკითხეთ შეიძლებოდა თუ არა მსჯავრდებულებთან დიალოგში შესვლა (რათა ამ ლექციებს მონოლოგის ფორმა არ ჰქონოდა), რაზეც სამინისტროს წარმომადგენლებმა და ამ დაწესებულების ხელმძღვანელებმა მოგვიგეს, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავდნენ. პირველ ლექციასთან შედარებით, მეორეზე მსჯავრდებულების აქტივობა უფრო მეტი იყო; პირველ ლექციაზე დიალოგი ფაქტიურად არ შედგა, რადგან აშკარად გაოცებულები იყურებოდნენ – მგონი ეგონათ რომ ეს ყველაფერი პიარისთვის კეთდებოდა, რადგან პირველ ლექციაზე ტელევიზიაც იყო მოსული. ცხადია მეორე ლექციაზე აღარ იქნებოდა, არც მესამეზე, რადგან ბუნებრივია, ყოველი კვირის ახალ ამბებში ვერ გავა ერთი და იგივე თემა.
გუშინ უკვე, ტელევიზიის გარეშე ეს ურთიერთობა უფრო უშუალო იყო, მსმენელები უფრო გამოცოხლებულები იყვნენ. ერთი რამ შევატყვე– როდესაც მე კითხვას ვსვამდი, თავიანთი აზრის დაფიქსირებას ცოტა ერიდებოდნენ; როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რაიმე არასწორად არ ეთქვათ. ისინი იურისტები არ არიან და ბუნებრივია, ყველა კითხვაზე ვერ ექნებათ სწორი პასუხი, მაგრამ სტუდენტებთან ლექციის წაკითხვის დროს, მიჩვეული ვარ, რომ ეს არ იყოს მონოლოგის რეჟიმი, იყოს დიალოგი და სტუდენტები სწორ დასკვნამდე სწორედ ასე მივიდნენ.
ანუ ეს მათი მონოლოგი უფროა, ვიდრე დიალოგი; მე უბრალოდ, ჩართული ვარ ხოლმე ამ პროცესში. ცხადია, ეს მეთოდი მსჯავრდებულებთან ვერ გამომადგა, მაგრამ გუშინ ქსნის N7–ე დაწესებულებიდან ძალიან კმაყოფილი წამოვედი, რადგან ვთვლი, რომ ამ ადამიანებსა და ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ წრეს შორის კავშირი შედგა“, – ამბობს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი, ქეთი ქოქრაშვილი.
მისივე განმარტებით, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ლექციების წაკითხვაში არანაირ ანაზღაურებას არ იღებენ, ამ საქმიანობას თავიანთი კეთილი ნებით, საზოგადოებრივ საწყისებზე ახორციელებენ.
“ეს პროცესი გაგრძელდება. ტექნიკური უნივერსიტეტის თითოეულ პროფესორ–მასწავლებელს ორ–სამ თვეში ერთხელ შეიძლება მოუწიოს საჯარო ლექციის წაკითხვა და ამას ჩვენ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვაკეთებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ; ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, რითაც ჩვენს თანამოქალაქეებს მცირედ დახმარებას ვუწევთ. მე მაგალითად, მზად ვარ ყოველ კვირა ვიარო და წავიკითხო ლექციები, მაგრამ უბრალოდ, ჩემი ლექციები მუდმივად საინტერესო არ იქნება“, – გვითხრა ქეთი ქოქრაშვილმა.
ქსნის კოლონიაში მყოფ მსჯავრდებულებს შემდეგ საჯარო ლექციებს ინფორმატიზაციის და არქიტექტურის სპეციალისტები წაუკითხავენ. ქსნის კოლონიის შემდეგ საჯარო ლექციები რუსთავის კოლონიიაში მყოფმა მსჯავრდებულებმაც შეიძლება მოისმინონ.