იუსტიციის სახლი, მარგალიტი საქართველოს გვირგვინში

იუსტიციის სახლი, მარგალიტი საქართველოს გვირგვინში

რუსთავი, საქართველო - გასულ ხუთშაბათს, რუსთავში, მტვრიან სამრეწველო ქალაქში, რომელიც დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს, იუსტიციის სახლის ახალ შენობაში შევიარე – მაინტერესებდა მართლა იყო თუ არა საჯარო მომსახურების ეს ე.წ. სუპერმარკეტი, კომფორტისა და ეფექტურობის ისეთი გამაოგნებელი სივრცე, როგორადაც ის იყო ჩაფიქრებული. აღმოჩნდა, რომ მართლაც იყო.


ახალი, თეთრი ქვით ნაგები ეზოს ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა, მომღიმარი, პოლიგლოტი, მოყვითალო-მომწვანო უნიფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ქალი შემომეგება, კონდიცირებულ მოსაცდელ სივრცეზე მიმითითა, სადაც მისი უნიფორმის შესაფერისი, მოყვითალო-მომწვანო ფერის ავეჯი, ბრტყელმონიტორიანი კომპიუტერები, საბავშვო სათამაშოები და უფასო, უკაბელო ინტერნეტი დამხვდა. მან მაცნობა, რომ მოლოდინის დრო საშუალოდ 40 წამია.

დაპირებისამებრ, სულ რამდენიმე წამში, (რაც სულ არ გავდა რიგითი სატრანსპორტო დეპარტამენტის, დაბინდულ, ჭრიალა ფანჯრებს ამერიკაში), მე, ათიოდე, კარგად განათებული სამუშაო მაგიდიდან, ერთერთთან გამომიძახეს, სადაც საჯარო მოხელემ მკითხა, თუ რით შეუძლია დამეხმაროს. აქ სულ ორი წუთის წინ შემოვაბიჯე, მაგრამ ჩემი ეშმაკობა უკვე გამოაშკარავდა.

რუსთავის იუსტიციის სახლში (ასეთი ცენტრი, ამ პატარა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც სულ 4.6 მილიონს შეადგენს, ექვსია) იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ან პასპორტი განმეახლებინა, ან ქონება დამერეგისტრირებინა, ან ახალი კომპანიის დაარსება გამეფორმებინა. მე არ მჭირდებოდა არც ერთი იმ 250 სახეობის მომსახურებიდან, რომელიც ამ ერთ ჭერქვეშაა შესაძლებელი. მე იმისთვის მოვედი, რომ საკუთარი თვალით დამენახა, როგორ მუშაობენ ეს ახალი, ცნობილი, მრავალფუნქციური ადმინისტრაციული სამსახურები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას საქართველოს დრამატული და ასიმეტრიული განვითარების იდეალურ სიმბოლოს ქმნიან.

მას შემდეგ, რაც 2003 წლის არაძალადობრივი „ვარდების რევოლუციით“ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყნის მომავლის მისეული ხედვა გრანდიოზული, მართვის სტილი სულსწრაფი, თუმცა ხშირად ეფექტური იყო. თითქმის ყველა მის მიერ წამოწყებული კამპანია, სწრაფ ქმედებას, ხისტ მეთოდებსა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას ეფუძნებოდა.

მაგალითად, სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს შემოიღეს ბიომეტრიული პასპორტები, ხოლო პოლიციელები სპეციალური iPad-ებით აღიჭურვნენ, ისეთით, რომელიც მათ ეჭვმიტანილ კრიმინალებზე ინფორმაციის მოძიების საშუალებას ადგილზევე აძლევდა; მისი მმართველობის დროს მოხერხდა ის, რომ გადასახადების სისტემა (რაც შეადგენდა 1990-იანი წლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას – იმ დროს თითქმის არავინ იხდიდა კომუნალურ გადასახადებს) განახლდა არგადამხდელებისადმი სასტიკი პოლიციური ზომების გამოყენებისა და ახალი საგადასახადო აპარატების შემოღების მეშვეობით. ახლა ეს საგადასახადო აპარატები თითქმის ყოველი ქუჩის კუთხეში დგას და მათი მეშვეობით მოქალაქეები თითქმის ყველა ამ ტიპის პრობლემას აგვარებენ: იხდიან მობილური ტელეფონების გადასახადებს, პარკინგის ბილეთების საფასურს და აზარტული თამაშების დავალიანებებს.

იუსტიციის სახლები განვითარების ამ ტენდენციის შემადგენელი ნაწილია. ეს არის მყვირალა, თუმცა იმედისმომცემი რეაქცია საბაზისო პრობლემებზე – მათ გამო უვლით კმაყოფილების ჟრჟოლვა უცხოელ დამკვირვებლებს. გასულ თვეში, სახლმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გაუჩერებლად ლაპარაკობდა ასეთ შენობებზე და ერთ-ერთ მათგანს ზღვისპირა ბათუმში, „შთამბეჭდავი“ და „აღსანიშნავი“ უწოდა, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოს „საჯარო მომსახურების გაუმჯობესებისთვის“ ჯილდო გადასცა. ყირგიზეთის, ყაზახეთის, უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები ამ ცენტრში, რუსთავში იმისთვის დადიან, რომ ყურად იღონ.

საკითხავი ის კი არ არის, რამდენად კარგია იუსტიციის სახლები; ისინი მართლაც კარგია. კითხვა იმაში მდგომარეობს, მხოლოდ ეს კმარა თუ არა. გასული 9 წლის განმავლობაში სააკაშვილმა თავისი ქვეყნის რეფორმირებისათვის თამამი ნაბიჯები გადადგა და ამისთვის საერთაშორისო საზოგადოების ხმამაღალი ქება დაიმსახურა.

მაგრამ რატომაა, რომ მთავრობა, რომელმაც სხვადასხვა სახის რეფორმებში, საბჭოთა ქვეყნების უმეტესობისათვის, გაუგონარ წარმატებებს მიაღწია ასე უსუსურად დამარცხდა სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესში? როგორ ხდება, რომ საქართველოს, რომელმაც მოახერხა ათწლეულობით დაცული საარქივო მასალის ცენტრალური ბაზის შექმნა, მთლიანად შეცვალა საჯარო მომსახურება და იუსტიციის სახლების ისეთი ფლოტი ააშენა, სადაც თანამშრომლების უნიფორმა და ავეჯი ერთ ფერშია გადაწყვეტილი, ამავე დროს ისეთი სასამართლო სისტემა აქვს, რომელსაც ბრალდებულთა 98 პროცენტისათვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს?

საქართველოს იუსტიციის სახლები მარგალიტია მის გვირგვინში, მაგრამ მარტოოდენ კაშკაშა მინის შენობებით, კრიალა მომწვანო-მოყვითალო მოსაცდელებით და სენსორული კომპიუტერებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ.
foreignpress.ge