ქსნის დაწესებულებაში პატიმრები ერთმანეთის მიყოლებით „გარდაიცვალნენ“

ქსნის დაწესებულებაში პატიმრები ერთმანეთის მიყოლებით „გარდაიცვალნენ“

უფლებადამცველებში ეჭვი გაჩნდა, რომ ამ დღეებში ციხეებში სადამსჯელო ოპერაციის დროს მსჯავრდებულები შემოაკვდათ და მათ გვამებს ნაწილ-ნაწილ აჩენენ. ბოლო დღეებში ძალზე საეჭვო ვითარებაში ზედიზედ სამი პატიმარი გარდაიცვალა - მიხეილ ბაზაზიანი, გიორგი (გივი) გელაშვილი და თამაზ ჩიხრაძე. ეჭვებს ისიც ამძაფრებს, რომ ამ გარდაცვლილ პატიმრებს ერთი საინტერესო შტრიხი აერთიანებთ - ყველა მათგანი ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. მეტიც, გარდაცვლილთა ცხედრებს სხეულებზე დაზიანების კვალი ეტყობათ.

თუმცა ტრაგედია ამით არ დასრულებულა. არაოფიციალური ინფორმაციით, კიდევ სამი პატიმრის გვამი მიასვენეს რუსთავში და ამჯერად ამ ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება ხდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ის, რაც ბოლო დღეებში ხდება, ჩვენი პენიტენციური სისტემისთვისაც კი სამწუხარო სიახლეა.

„ერთდროულად ამდენი პატიმრის გარდაცვალება ეჭვებს ამძაფრებს. საფუძვლიანი ეჭვით, შესაძლოა, ისინი არა ბუნებრივი, არამედ ძალადობრივი სიკვდილით გარდაიცვალნენ. ეჭვებს აძლიერებს ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულმა 700-მდე მსჯავრდებულმა ივნისში წერილობით მიმართა სახალხო დამცველს და აღწერა ის გაუსაძლისი პირობები, წამებები და არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა, რომელიც სისტემატურად ხდება ამ დაწესებულებაში“, - განმარტავს ნანა კაკაბაძე.

მისი თქმით, ამ გაუსაძლის მოპყრობას ადასტურებს მსჯავრდებულთა არაერთი განცხადება, მათ შორის, პაატა მოდებაძის, ზურაბ ნასყიდაშვილის, მირიან ვარდოშვილის, ბესიკ გულედანის მიერ დაწერილი ოფიციალური განცხადებები.

ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, მსჯავრდებულების მასობრივი აღშფოთების მიზეზი გამხდარა ამ დაწესებულებაში განთავსებული ოთხი პატიმრის გაუპატიურება. ამის გამო მასობრივი პროტესტის ინიციატორი მსჯავრდებულების ნაწილი მალევე გადაიყვანეს სხვადასხვა დაწესებულებაში და მათ მიმართ სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარეს. სწორედ ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ ამ სადამსჯელო ოპერაციისას ბევრი მსჯავრდებული შემოაკვდათ და მათ გვამებს თანდათან აჩენენ.

მისივე თქმით, საქართველო პატიმართა რაოდენობით ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ყოველ 100 ათას მოსახლეზე დაახლოებით 540 პატიმარია. გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობაც საგანგაშოა - 2010 წელს, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 142, ხოლო 2011 წელს - 140 პატიმარი გარდაიცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოფიაციალური (სავარაუდოდ, შემცირებული) მონაცემებითაც კი, ყოველ 2-3 დღეში ერთხელ ციხეებში თითო პატიმარი კვდება.

For.ge-სთან საუბარში ადვოკატი ლალი აფციაური ქსნის კოლონიაში მომხდარ ფაქტს ადასტურებს. მეტიც, ადვოკატი ამ ეტაპზე დამოუკიდებელ გამოძიებას ატარებს, ვინაიდან საეჭვო დეტალები მრავლადაა. მისი თქმით, ბაზაზიანის გვამი მან უკვე დაათვალიერა. როგორც ჩანს, გარდაცვლილი კარგა ხნის მანძილზე ჰყავდათ პროზექტურაში, კერძოდ, საყინულეში. იმ პერიოდში მას ისეთი ფორმით დაზიანებები არ ემჩნეოდა, მაგრამ, როგორც კი გვამი ოჯახს გადასცეს და მან ლღობა დაიწყო, ცხვირის არეში დაზიანება უკვე დაეტყო. გარდა ამისა, კანის არე ჰქონდა დაზიანებული და სიწითლე გამოჩნდა. რაც შეეხება გელაშვილს, იგი ასაკიანი მამაკაცი გახლდათ, ადვოკატებმა მაშინ შეიტყეს მის შესახებ, როცა იგი უკვე დასაფლავებული იყო. თუმცა, გარდაცვლილის ოჯახს სთხოვეს, აღეწერათ საეჭვო ნიშნები. ოჯახის გადმოცემით, მასაც ცხვირის არე ჰქონდა დაზიანებული და სახლში რომ მიიყვანეს, ერთი თვალი გადმოუვარდა. ანუ, ბაზაზიანისა და გელაშვილის შემთხვევაში, დაზიანებები სახისა და ცხვირის არეში იდენტურია.

„სასჯელაღსრულების სამინისტროს დიაგნოზით, ბაზაზიანი და გელაშვილი თურმე გულ-სისხლძარღვთა დაავადებით დაღუპულან, მაგრამ ეს დაავადება ცხვირის არის დაზიანებასა და თვალის ბუდიდან გადმოვარდნას არ იწვევს. არაერთხელ მითქვამს, რომ რატომღაც ეს დიაგნოზი „ხელწამოსაკრავად“ მიაჩნია სასჯელაღსრულებით სამინისტროს. მოგეხსენებათ, გული ისეთი რამ არის, რომ შესაძლოა, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი ერთ წამში გათავდეს. რატომღაც ამ მარტივად დამაჯერებელ ვერსიას გვთავაზობენ. თუმცა სასჯელაღასრულებით სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, მთელი საპატიმროები გულსისხლძარღვთა დაავადებით დასნეულებული ადამიანებით ყოფილა გადავსებული“.

ლალი აფციაურსაც აეჭვებს, რომ ეს ადამიანები ერთსა და იმავე დღეებში გარდაიცვალნენ. თანაც, მისი ინფორმაციით, საუბარია არა მარტო ექვს პატიმარზე, არამედ ათეულობით პატიმარზე.

„დაზუსტებული ინფორმაციაა, რომ ქსანში მართლაც მოხდა პატიმრის გაუპატიურება, რაც გააპროტესტეს სხვა პატიმრებმა. ასეთი პრეცენდენტი არ ყოფილა, რომ 700 პატიმარს გაეპროტესტებინა გარკვეული ფაქტი. ეს 700 კაცი მერე ქნის კოლონიიდან გადაიყვანეს, ზოგი კარცერებშია მოთავსებული, ზოგი კი სხვაგან გაამწესეს. ამიტომ ეს ადამიანები მოსაძებნია, რაც ადვოკატების საქმეა“, - მიიჩნევს აფციაური.

ადვოკატი ლია მუხაშავრია For. ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში პატიმართა რიცხვი ნამდვილად მაღალია. მისი თქმით, მართალია, 1996 წელს ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გაუქმდა, მაგრამ მას შემდეგ უამრავი ადამიანი ციხეებში მაინც იღუპება, რაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხია.

ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ ქსანში მომხდარი ფაქტის გამოძიება ყველამ უნდა მოითხოვოს. თანაც, მომხდარის შესახებ დასკვნა იმდენად სარწმუნო უნდა იყოს, რომ ოჯახის წევრებმა დაიჯერონ, რომ ძალადობრივი სიკვდილის ნაცვლად, ეს ჩვეულებრივი გარდაცვალება იყო.

„ტრაგედიის მიუხედავად, გარდაცვლილთა ოჯახის რომელიმე წევრმა გამძლეობა უნდა მოიკრიბოს, აუცილებლად მიმართოს ადვოკატს და საქმეში საკუთარი მხარის ადვოკატი ჩართოს. როცა 700 პატიმარი ხელმოწერებს აგროვებს და ასეთი წერილი გამოდის ციხიდან, ეს კატასტროფულად საგანგაშო ვითარებას ადასტურებს. რა თქმა უნდა, ასეთი მძიმე სიტუაცია ძალიან სწრაფად არ შეიცვლება, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ პენიტენციურ სისტემაში რადიკალური ზომების მიღება არ მომხდარა, არ შეცვლილა ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა, არავინ დასჯილა და გამოძიება არ ჩატარებულა, თუ რამ გამოიწვია ასეთი მასობრივი საპროტესტო ღონისძიება. ამიტომ, რადგან ასეთი ზომები არ მიღებულა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იქ მდგომარეობა კვლავინდებურად აუტანელია. ერთია, რომ პატიმარი არ უნდა მოუკვდეს მთავრობას ციხეში და, თუ მაინც დაფიქსირდება გარდაცვალება, დანაშაულის შემთხვევაში, დამნაშავე უნდა დაისაჯოს,“ - აცხადებს ლია მუხაშავრია.