ერთხელ გადახდილი 2.5 მილიონის შემდეგ, ახალი 3.4 მილიონიანი ჯარიმა

ერთხელ გადახდილი 2.5 მილიონის შემდეგ, ახალი 3.4 მილიონიანი ჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს „ელიტა ბურჯი“ 3,4 მილიონი ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბრალდება გახდა, რომლის თანახმადაც „ელიტა ბურჯი“ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კონკრეტულ საქმიანობას ახორციელებდა. ამასთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახური ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიის, შპს "ელიტა ბურჯის" საფინანსო დოკუმენტაციის მონიტორინგს ახორციელებს.

„დოკუმენტაციის შესწავლის პროცესში დადგინდა,რომ კომპანიამ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მომსახურების მიზნებისათვის, 2012 წლის განმავლობაში ორი ერთეული ოფსეტური ბეჭდვის აპარატი 679.487.94 ლარის მთლიანი ღირებულებით შეიძინა. შპს „ელიტა ბურჯს“ პოლიგრაფიული და მასთან დაკავშირებული საქმიანობა წარსულში არ განუხორციელებია. შესაბამისი დანადგარები და აღჭურვილობა კომპანიის მიერ შეძენილია საგანგებოდ პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობის მხარდასაჭერად. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული საქმიანობისათვის შპს „ელიტა ბურჯმა“ მრავალმილიონიანი დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ოფშორული კომპანია CHISTA ENTERPRISES LIMITED"-ისგან. ასევე "RINGOLD FINANCIAL LTD", რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილი წარმოადგენს“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ საბანკო გადარიცხვებში პირდაპირ ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილის სახელი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვერსიით, მის მიერ შპს „ელიტა ბურჯის“ ჩადენილი მორიგი სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემდეგ, კომპანიამ ოფსეტური ბეჭდვის აპარატები და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ატრიბუტი 1,729,521.55 ლარად ბიძინა ივანიშვილის ძმის - ალექსანდრე ივანიშვილის კომპანია "გლობალ ტვ"–ს ამერიკელ მეწილეს ალექსანდრ როზენჰესს მიყიდა. ამ უკანასკნელმა გარიგების შედეგად, ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიის მიერ დაფუძნებულ შპს „ლიზინგი ოცდამეერთეს“ 180.000 ლარად ნაყიდი მიწა არარეალურ თანხად - 1.900.000 აშშ დოლარად მიყიდა.

„აღნიშნული ქონების ალოგიკურ თანხად გასხვისებაზე თანხმობა დამფუძნებლის წარმომადგენელმა, ბიძინა ივანიშვილის დის შვილმა - კახა კობიაშვილმა გასცა. სწორედ ამ საეჭვო გარიგების შედეგად მიღებული თანხით ალექსანდრე რონზჰესმა შპს „ელიტა ბურჯისაგან“ ტიპოგრაფიული საქმიანობისათვის განკუთვნილი ყველა ტექნიკური საშუალება და მასალა შეიძინა, რომლითაც ეს კომპანია დღემდე კანონსაწინააღდმეგო მომსახურებას უწევდა ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს. შპს „ელიტა ბურჯი“ ერთხელ უკვე დაჯარიმდა პოლიტიკური სუბიექტის ააიპ მოძრაობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ფაქტზე. უკანონო შემოწირულების განხორციელების ფაქტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „ელიტა ბურჯი“ კვლავ სამართალდამრღვევად სცნო. ამავდროულად ყადაღა დაადო მის საბანკო ანგარიშებს და უძრავ-მოძრავ ქონებას. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საქმის მასალები განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა", - აცხადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

„ელიტა ბურჯის“ ადვოკატი, სანდრო ბარამიძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჯარიმა უკანონოა და მისი დაანგარიშების წესთანაც აქვს პრეტენზია.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩემულობს, რომ „ელიტა ბურჯმა“ „ქართული ოცნებას“ მომსახურება გაუწია კოალიციის სიმბოლიკის ბრენდირების გზით, ანუ მან კოალიციის სიმბოლიკა მაისურებზე და ბენდენებზე დაბეჭდა. ეს არის პოლიგრაფიული მომსახურება. სინამდვილეში ეს ასე არ არის, მაგრამ ვთქვათ, „ელიტა ბურჯმა“ ეს მართლაც გააკეთა. თანხას მიაქციეთ ყურადღება – ის 680 000 ლარი, რომლის ხუთმაგი ოდენობითაც „ელიტა ბურჯი“ დააჯარიმეს, არის ოფსეტური ბეჭდვის მანქანების ღირებულება. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - თუ „ელიტა ბურჯმა“ მომსახურება გასწია, მაშინ რატომ აჯარიმებ მას მანქანების ღირებულებით? ეს იგივეა, რომ ვთქვათ, რესტორანში შევიდე, იქ უფასოდ გამიმასპინძლდნენ სადილით, და შემდეგ დამაჯარიმონ არა იმ სადილის ღირებულების ხუთმაგი ოდენობით, არამედ მთლიანი რესტორნის უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულებით“, - აცხადებს სანდრო ბარამიძე.

მისი თქმით, სწორედ ასე მოიქცა სასამართლო, როდესაც „ელიტა ბურჯი“ იმ თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა, რაც ოფსეტური ბეჭდვის დანადგარები ღირს. ადვოკატის თქმით, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ემსახურება ერთადერთ მიზანს - რომ კოალიციამ წინასაარჩევნო კამპანია ვერ ჩაატაროს.

სახელმწიფო აუდიტის ბრალდებაზე, რომლის თანახმადაც „ელიტა ბურჯმა“ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ოფშორული კომპანიიდან მრავალმილიონიანი დაფინანსება მიიღო, სანდრო ბარამიძე აცხადებს, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და კონტროლის პალატის წარმომადგენელს არ მიუთითებია, 600 გვერდიანი მასალიდან, რომელიც ადვოკატს გუშინ ჩაბარდა, კონკრეტულად რომელი დოკუმენტი ადასტურებს ამ ბრალდებას.

აქვე სანდრო ბარამიძე აღნიშნავს, რომ საქმის მასალები (600 გვერდი) მას გუშინ საღამოს ჩაბარდა, პროცესი კი დღეს დილით იყო ჩანიშნული. ამიტომ ადვოკატმა საქმის გასაცნობად დრო ითხოვა, მაგრამ მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა.

„სასამართლომ არ მომცა გონივრული დრო, რომ საქმეს გავცნობოდი, თითქოს 600 გვერდიანი საქმის მასალების გაცნობა ერთ ღამეში არის შესაძლებელი“, - ამბობს ბარამიძე.

ამიტომ იგი ვერაფერს ამბობს სახელმწიფო აუდიტის იმ ბრალდებაზე, რომლის თანახმადაც, „ელიტა ბურჯმა“ ოფსეტური ბეჭდვის აპარატები „გლობალ ტვ“-ს ამერიკელ მეწილე ალექსანდრე რონსჰესს მიჰყიდა. სანდრო ბარამიძის განცხადებით, ვინაიდან მას საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ მიეცა, მან უბრალოდ არ იცის, ამ შემთხვევაში რაზე საუბრობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური და შესაბამისად, ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე თვის წინ „ელიტა ბურჯი“ 2.5 მილიონი ლარით ერთხელ უკვე დაჯარიმდა. მაშინაც მას „ქართული ოცნებისთვის“ შეღავათიანი ფასებით მომსახურების გაწევაში ედავებოდნენ. ის ჯარიმა „ელიტა ბურჯმა“ უკვე გადაიხადა. რაც შეეხება მისთვის დღეს დაკისრებულ 3.4 მილიონ ლარიან ჯარიმას, ადვოკატი ბარამიძე ამბობს, რომ კომპანია ამ ჯარიმას არ გადაიხდის და საქმე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.