“ქართული რვალის წკრიალმა დაგიტკბოთ სამარის ძილი, ბატონო ოტია“ (VIDEO)

“ქართული რვალის წკრიალმა დაგიტკბოთ სამარის ძილი, ბატონო ოტია“ (VIDEO)

ზუსტად ერთი წლის წინ, 2011 წლის 14 ივლისს ცნობილი ქართველი მწერალი ოტია იოსელიანი 81 წლის ასაკში, წყალტუბოში, საკუთარი ხელით აშენებულ სამსართულიან სახლში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ეს ამბავი ერთი საათის შემდეგ შევიტყვეთ - იმ დღეს ჟურნალისტები ავლაბარში, მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას ვმართავდით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოკორეპონდენტების საქმესთან დაკავშირებით. მწერალი ავთვისებიანი სიმსივნით იყო დაავადებული. მისი შვილიშვილისგან, ზვიად შვანგირაძისგან ტელეფონით შევიტყვეთ, რომ ბოლო თვენახევრის განმავლობაში დაავადება სწრაფად პროგრესირებდა და ოტია იოსელიანი ლოგინიდან ვეღარ დგებოდა.

მწერლის გარდაცვალების ამბავი რომ გავიგეთ, პირად საუბრებში ზოგი ცრემლით, ზოგი უცრემლოდ ვიხსენებდით როგორ გვაკრიტიკებდა - ქართულს გვიწუნებდა და, მართებულადაც. 

ოტია იოსელიანი საერო პირთაგან ერთადერთი იყო, ვისაც გელათიდან გამოსვენების პატივი ერგო წილად; საკუთარმა ხალხმა ისე დაიტირა და სამარემდე ისე მიაცილა, როგორც იმსახურებდა, განვლილი ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან გამომდინარე - ცრემლით და სიყვარულით. “ქართული რვალის წკრიალმა დაგიტკბოთ სამარის ძილი“, -  სვანეთში თურმე ასე ემშვიდობებოდნენ მიცვალებულს და პოეტი ერეკლე საღლიანიც ასე გამოემშვიდობა ოტია იოსელიანს, სამარის კართან.

ხელისუფლებისთვის გუნდრუკი არასდროს უკმევია. სათქმელს პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ამბობდა. სიმართლის მთქმელი კაცის სახელიც ალბათ, ამიტომ ჰქონდა და მის პანაშვიდებსა და დაკრძალვაზე ცენტრალური ხელისუფლების და ცენტრალური ტელეარხების წარმომადგენლების არყოფნაც სწორედ ამით იყო განპირობებული. საქართველოს კულტურის უკულტურო მინისტრმა ნიკა რურუამ მწერლის დაკრძალვაზე არყოფნა და ოტია იოსელიანის ხსოვნისთვის პატივის არმიგება ასე ახსნა - დაკრძალვებზე სიარულის ვალდებულება არ გამაჩნიაო. მიხეილ სააკაშვილმა იმერეთში გვირგვინი და სამძიმრის წერილი გაგზავნა, რაც ტელევიზიით რამდენჯერმე წაიკითხეს. ეს იყო და ეს.

ოტია იოსელიანი საკუთარი სახლიდან გელათში გადაასვენეს და შემდეგ ისევ საკუთარ ეზოში გადააბრძანეს და დაკრძალეს, სვანური ზარის ფონზე. ცხედარს სასულიერო პირები და ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი უამრავი მამაკაცი მიჰყვებოდა. გელათიდან გამოსვენების და შემდეგ დაკრძალვის ცერემონია შეგიძლიათ იმ ვიდეოში ნახოთ, რომელიც მასალის ბოლოშია მიბმული.

ეს ვიდეოკადრები მწერლის ოჯახმა და მეგობრებმა დაკრძალვის დღეს, 2011 წლის 20 ივლისს გადაიღეს და შემდეგ დაამონტაჟეს. მადლობას ვუხდით ოტია იოსელიანის შვილიშვილს, ზვიად შვანგირაძეს, რომელმაც ზემოხსენებული ვიდეოკადრები მოგვაწოდა. ხუთწუთიანია მასალის ბოლოს შეგიძლიათ ნახოთ, როგორ გამოიყურება მწერლის საფლავი, რომელიც გრანიტის ქვისგან მისმა ვაჟმა დაჩი იოსელიანმა გრანიტისგან გამოაქანდაკა. შეგახსენებთ, რომ ოტია იოსელიანი დაკრძალულია წყალტუბოში, საკუთარი სახლის ეზოში, ხელოვნების ქუჩა N1-ში.