ორშაბათიდან თბილისის ტურისტულ ზონებში ქვეითი პატრული იმორიგევებს

ორშაბათიდან თბილისის ტურისტულ ზონებში ქვეითი პატრული იმორიგევებს

მიმდინარე წლის 21 მაისიდან თბილისის ტურისტულ ზონებში საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფი დაიწყებს პატრულირებას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან დეპუტატებს ორშაბათიდან დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ქალაქში ტურისტების ზრდას ახლავს.

„მინდა მოგახსენოთ რამდენიმე სიახლე, რასაც ჩვენ ორშაბათიდან დავიწყებთ. ეს გახლავთ ქვეითი პატრულის კორპუსი. მოგეხსენებათ, საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ეს ერთი მხრივ, არის ეკონომიკისთვის დიდი სარგებელი, თუმცა  სამართალდამცავი სისტემისთვის, ეს გახლავთ სერიოზული გამოწვევა, რამეთუ,  ტურისტების ამხელა ტრაფიკს მოყვება თავისი რისკები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, უკვე განსაზღვრულია კონკრეტული ლოკაციები და მარშრუტები თბილისში, სადაც ორშაბათიდან პატრულირება დაიწყება.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენ განსაზღვრული გვაქვს თბილისში კონკრეტული ლოკაციები და კონკრეტული მარშრუტები. ორშაბათი დღიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას ტურისტულ ზონებში და ყოველთვიურად, მას  მიემატება დამატებით 20 ეკიპაჟი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ასეთი ქვეითი პატრულირების ქვედანაყოფი შედგებოდეს 60 ეკიპაჟისგან, რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლოს თბილისში ტურისტული ლოკაციები“, – განაცხადა მინისტრმა.

გახარიას განმარტებით, ე.წ. ტურისტული პატრული იქნება ეფექტიანი, რომელიც დაიცავს მართლწესრიგს და ასევე ტურისტებს დაეხმარება.

„ეს გახლავთ  ე.წ. ტურისტული პატრულის მსგავსი, რომელიც იქნება ეფექტური, დაიცავს მართლწესრიგს, ასევე დახმარებას გაუწევს ტურისტებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენ ქალაქსა და ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.