ადამიანის უფლებათა დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლის ფასი არის ნული

ადამიანის უფლებათა დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლის ფასი არის ნული

ადამიანის უფლებათა დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლის ფასი არის ნული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

შს მინისტრმა პარლამენტში გამოსვლა სამინისტროში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე საუბრით დაიწყო.

მისი თქმით, ერთ-ერთი ძირითადი რეფორმა, რომელზეც სამინისტრო მუშაობს, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებაა.

„2018 წლის იანვარში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომლის მიზანია ისეთი დანაშაულების გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა, სხვადასხვა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული. დეპარტამენტმა, შექმნის დღიდან შეიმუშავა შიდა და გარე მონიტორინგის მექანიზმები, გაიდლაინები და რეკომენდაციები გამომძიებლებისთვის, აქვს აქტიური კომუნიკაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატთან.

უკვე შეიქმნა რისკის შეფასების სისტემა და მონიტორინგის მექანიზმი ოჯახურ დანაშაულებზე, რომლებიც პრაქტიკაში მიმდინარე თვიდან დაინერგება. ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დროებითი მოთავსების იზოლატორებში – განახლდა ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს იზოლატორების ახალი კამერებით და სამედიცინო პერსონალით აღჭურვის პროცესი“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.