დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ნებისმიერ მხარეს მყოფ ადამიანს, რომელმაც შეიგნო მოწოდება და იყო პასუხისმგებლობა, რომ სახლში წასულიყო და ესკალაცია არ დაეშვა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ის გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ და საპარლამენტო უმცირესობის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საჭირო იყო აგრესიულად განწყობილი ნეოფაშისტური ჯგუფის კონტრაქციის დაშლა სამართალდამცველების მხრიდან.
„დრაკონული ნარკოპოლიტიკა, ის სისხლიანი ნარკოპოლიტიკა, რომელმაც ათასობით ადამიანი გამოკეთა ციხეში, აწამა იმ ციხეებში, არის თქვენი შემოქმედება. ძალადობა არის თქვენი სტილი, რომელსაც სამწუხაროდ, დღესაც ქადაგებთ - თურმე სახელმწიფომ ძალადობა უნდა გამოიყენოს იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც თქვენ არ მოგწონთ, რეგრესულად, მოძალადეებად გეჩვენებათ თუ ასე შემდეგ. ჩვენთვის ყველა მოქალაქე აბსოლუტურად იდენტურად გასაფრთხილებელია. თქვენთვის პროგრესი ნიშნავს ყველაზე ლიბერალური ადამიანის მხარდაჭერას, ჩვენთვის პროგრესი არის როგორც ლიბერალური შეხედულების, ასევე კონსერვატიული შეხედულების და ნებისმიერი თუნდაც დამნაშავის უფლებების დაცვა - ასე ვხედავთ ჩვენ მომავალს. კი ბატონო, თუ ვინმე ძალდობდა, იმას პასუხი უნდა გავცეთ, მაგრამ არ უნდა მოვითხოვოთ, რომ დავარბიოთ და დავხოცოთ იქ ის ხალხი“, - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ მადლობა გადაუხადა ნებისმიერ პოლიციელს, ვინც იქ მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავდა.