მნიშვნელოვანია, ცნობილი ადამიანების, ბიზნესის და საქმიანი წრეების ჩართულობა ამ გეგმის განხორციელებაში

მნიშვნელოვანია, ცნობილი ადამიანების, ბიზნესის და საქმიანი წრეების ჩართულობა ამ გეგმის განხორციელებაში

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი ჩვენი მთავრობისთვის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უმოკლეს ვადაში შეიქმნება კონკრეტული გეგმა. 

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები, თბილისის მერი და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა გახდეს ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. დღეიდანვე უკვე ვიწყებთ მუშაობას, რათა უმოკლეს პერიოდში მოხდეს არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შეფასება, შევაფასებთ უმოკლეს პერიოდში თუ რა საჭიროება არსებობს ევროპული თანამედროვე სტანდარტის მიხედვით და რა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას ქვეყანაში იმისთვის, რომ მივიღოთ სწორი გაშლა და ხელმისაწვდომობა გეოგრაფიულად. რაც შეეხება ფინანსურ ხელმისაწვდომობას, ჩვენ ეს ინფრასტრუქტურა უნდა გავხადოთ ხელმისაწვდომი მთლიანად მოსახლეობისთვის, მათ შორის ეკონომიკურად შეჭირვებული ფენებისთვის. ეს არ იქნება დროში გაწელილი სტრატეგია. უმოკლეს ვადაში მოხდება შეფასება და დაიდება გეგმა თუ რა გვჭირდება“, - განაცხადა პრემიერმა. 

მისივე თქმით, დღეს არსებული უამრავი კვლევის საფუძველზე, საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენების რაოდენობა გაიზარდა, სპორტული აქტივობა საშუალო მაჩვენებლის ნახევარსაც არ უდრის. 

„ეს მაჩვენებელი დღეიდან სამი წლის განმავლობაში უნდა გავაორმაგოთ და მივაახლოვოთ ევროპულ მაჩვენებელს. ეს არის გეგმა, რომელიც უმოკლეს პერიოდში დაიდება. უახლოეს დღეებში შეიკრიბება სამუშაო ჯგუფი. ჩვენი მიზანია, რომ მართვის ერთიანი მოდელი და კონცეფცია ჩამოვაყალიბოთ თუ როგორ უნდა იმართოს ინფრასტრუქტურა. დღეს ძალიან გაბნეულია ეს ყველაფერი. 80% ჩვენი ინფრასტრუქტურის სახელმწიფოს ხელშია, მხოლოდ 20%-ი არის კერძო. მნიშვნელოვანი იქნება ცნობილი ადამიანების ჩართვა, კამპანია, აქტივობები, ბიზნესის და საქმიანი წრეების ჩართულობა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელებაში“, - აღნიშნა პრემიერმა.