რეპში მოსმენილი სიტყვები და მიდგომები სახელმწიფო პოლიტიკის აქცენტებს საერთოდ არ უკავშირდება, - ამის შესახებ მარიხუანას შესაძლო ლეგალიზებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვის პასუხად, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის შეფასებით, არასწორი იყო მარიხუანას თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის მიერ დაშვებული რაოდენობა, რაც პრაქტიკულად ლეგალიზაციას ძალიან უახლოვდება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი იმასაც ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია მარიხუანას წარმოებისა და გავრცელების დაშვება.
“არა მგონია, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი უნდა ისჯებოდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია ნარკოტიკებით შემოსავლის მიღებაზე - იქნება ეს მცირე თუ დიდი დოზა, უნდა ისჯებოდეს, თან ძალიან მკაცრად. იმ პროექტში, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, ჩვენ უნდა გადავხედოთ დოზებთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს ის თემაა, რაზეც ძირითადი კამათი მიმდინარეობს ექსპერტთა ჯგუფებს შორის. შეთანხმებულია პრინციპი, რომ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა შემცირდეს, ვებრძოლოთ ნარკოტიკების რეალიზატორებსა და გამავრცელებლებს და მოხდეს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.