საგზაო რუკამ უნდა მიგვიყვანოს იმ მომენტამდე, როცა საქართველო იგრძნობს მზადყოფნას, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადოს სურვილი და პრეტენზია, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციის საკითხზე განაცხადა.
კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ საგზაო რუკის კონცეფციაში შეიძლება ასევე დაფიქსირებული იყოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების თარიღიც.
"შესაძლებელია განაცხადის გაკეთების თარიღი იყოს დაფიქსირებული დოკუმენტში. განაცხადს აკეთებს ინდივიდუალურად ქვეყანა. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ევროკავშირის მხრიდან იყოს რეგიონული მიდგომა საერთოდ გაფართოების მიმართ და როგორც წესი, რეგიონული მიდგომაა, მაგრამ განაცხადს ყოველთვის ინდივიდუალურად აკეთებს ნებისმიერი ქვეყანა და ეს ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
მისივე განმარტებით, არც ევროკავშირს და არც მის რომელიმე აქტორს არ გააჩნია ხისტი დღის წესრიგი ან საქართველოს მიმართ რაიმე საწინააღმდეგო, მაგრამ მისივე თქმით, თუ საქართველო განვითარების უფრო სწრაფი ტემპით წავა, ევროკავშირს შეუძლია ქვეყანას გაწევრიანების პერსპექტივა მიანიჭოს.