გია ხუხაშვილი: გიორგი გახარიამ კრიზისების წარმატებული პრევენციის პირველი პრეცენდენტი შექმნა

გია ხუხაშვილი: გიორგი გახარიამ კრიზისების წარმატებული პრევენციის პირველი პრეცენდენტი შექმნა

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ კრიზისების წარმატებული პრევენციის პირველი პრეცენდენტი შექმნა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ხედავდა რამდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ გახარიას ქმედებით დასტურდება, რომ ხელისუფლებაში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებზეც შეიძლება რაღაც ნორმალური სახელმწიფოებრივი სისტემის აგება.

“რაც შეეხება გახარიას მოქმედებას, მან ამ ხელისუფლების პირობებში კრიზისების წარმატებული პრევენციის პირველი პრეცენდენტი შექმნა. ასეთი პრეცენდენტი აქამდე არ ყოფილა და ეს არის ამ ხელისუფლების მთავარი სისუსტე. ჩვენ ვუყურებდით რამდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ თბილისის მერი და პრემიერ-მინისტრი. რას ბოდიალობდნენ თავადაც არ იცოდნენ. ეს იმას აჩვენებს, რომ ხელისუფლებაში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებზეც შეიძლება რაღაც ნორმალური სახელმწიფოებრივი სისტემის აგება. რაც შეეხება აქციას, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების მხრიდან ეს ყველაფერი გულწრფელი იყო, თავად გზავნილი იყო აბსოლუტურად გაუგებარი და საკმაოდ ანტაგონისტური, რადგან ერთ აქციაზე გამოდიოდე ძალადობის წინააღმდეგ და ამასთან ერთად მოთხოვნაში გქონდეს ნარკოტიკების ლიბერალიზაცია, ეს ორი საკითხი თანხვედრაში ვერ მოდის იმისთვის, რომ მასშტაბები შეეძინა ამ ყველაფერს და სხვადასხვა სოციალური ჯგუფები მიეერთებინა. თავის მხრივ, ამ ყველაფერმა მოახდინა პროვოცირება დაპირისპირებული მხარის აქტუალიზაციის. მათი აქტუალიზაცია ხდება სწორედ მაშინ, როცა მსგავსი რამეები ხდება, ვინაიდან ნორმალურ ვითარებაში ისინი კაპიტალს ვერ აგროვებენ და გადიან თამაშიდან. ზღვარზე გავიარეთ, მაგრამ აქციამ აჩვენა, რომ ეს ყველაფერი იყო ხელოვნური. ამასთან, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა მოკვდა. პოლიტიკური ელიტა არ არსებობს. საზოგადოება გამოდის წინა ხაზზე, როცა პოლიტიკური ელიტა გაკოტრებულია და ეს კრიტიკა ეკუთვნის როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურ ელიტას მთლიანად“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, კარგია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს მაინც აღმოაჩნდა იმის უნარი, რომ ამ ყველაფრის ჩაქრობა მომხდარიყო.

“სიმართლე გითხრათ, მე მესმის პირადი თავისუფლების მოთხოვნა, ჩვენ ამის უფლება გვაქვს, მაგრამ ეს კეთდება სხვა ფორმით. ამიტომაც არაფრით არ დასრულდა მათი მოთხოვნები. რას მიაღწიეს?! ვერც ვერაფერს და ვერც მიაღწევენ. ძალიან ხელოვნური სახე ჰქონდა ამ ყველაფერს. რაც მოხდა, თავისთავად მაინც კარგია, მშვიდობიანად დასრულდა და შვილები სახლებში გვყავს. გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების მიმართ ბევრი პრეტენზიები დაგროვდა, არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ იყოს გამოსვლები, მაგრამ არა ამ ჯგუფის ორგანიზებით. როცა ამ გამოსვლებს ვაკრიტიკებ, მე არ ვგულისხმობ პროტესტის ფორმას. მე ვგულისხმობ იმას, რომ უფრო კარგად უნდა გამოკვეთონ რა უნდათ. რა არის მათი მთავარი მიზანი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.