გიორგი გახარია: გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით

გიორგი გახარია: გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით

ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ დაპირებები არ შესრულდება, ყოველთვის შეგვეძლება, თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ ვიცეკვოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

გახარიამ აქციის მონაწილეებს დაპირებები გააცნო, მათ შორის ნარკოპოლიტიკის გადახედვა.

“ჩვენი, ყველას საერთო ამოცანაა, რომ დღეს ეს საღამო მშვიდობიანად დავასრულოთ. თქვენ იცით, რომ უკვე მეორე დღეა თქვენი გამოხატვის თავისუფლება აქ, ამ მოედანზე არ შეუზღუდავს არავის. ასევე, იცით, რომ თითოეული პოლიციელი დღესაც და გუშინაც ზრუნავდა თქვენს უსაფრთხოებაზე. იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, რომელიც გახლავთ, რომ ერთობლივად ვიპოვოთ გამოსავალი, საკმაოდ რთული ამოცანებიდან, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო რეჟიმში. ჩემი მხრიდან გპირდებით, რომ ხვალ, დილის 10:00 საათზე, თქვენს წარმომადგენლებთან ერთად, დეტალურად განვიხილავ პარასკევ დღეს მომხდარს. ყველა ის ადამიანი, რომელზეც შევთანხმდებით, რომ უფლება იქნა დარღვეული, უფლება იქნება აღდგენილი. მე ასევე გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ დაპირებები არ შესრულდება, ყოველთვის შეგვეძლება, თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ ვიცეკვოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.