სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა (ერისკაცობაში გოჩა აბულაძე) იქადაგა. for.ge უცვლელად გთავაზობთ ვრცელი და საინტერესო ქადაგების ბოლო ნაწილს, რომელშიც მეუფე სპირიდონი საუბრობს: ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებზე, წართმეულ ტერიტორიებზე, დასავლეთზე, პოლიტიკოსებზე, თბილისში ე.წ. გეიაღლუმის ჩატარების მცდელობაზე, დიპლომატებზე და საქართველოს უღალატო მფარველზე.
მეუფე სპირიდონი: „...სამწუხაროდ, ჩვენი ხალხიდან დღეს ყველას არა აქვს სულიერი აზროვნება, სულიერი განსჯა, როგორც წმიდა მამები ამბობენ. რა თქმა უნდა, ეს ყველა დროში იყო, მაგრამ მეტ-ნაკლებად დღეს ამის დეფიციტი ყველაზე მეტად განიცდება.
დღეს ჩვენ ძალიან ვართ მინდობილნი საკუთარ ძალაზე, საკუთარ გამოცდილებაზე და საკუთარ უნარებზე, რომ ჩვენ ვუშველოთ საქართველოს, გამოვიყვანოთ გაჭირვებიდან, დავიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობა, მაგრამ გადავხედოთ ჩვენს გარშემო სიტუაციას. ჩვენ ძალიან გვაქვს სხვადასხვა ქვეყნების იმედი, მაგრამ აბა შევხედოთ, გონების თვალი შემომავლოთ ჩვენს საზღვრებს, არიან კი ისინი ჩვენი გულწრფელი მეგობრები?!
სულ ახლახანს, თქვენ იცით, აღმოსავლეთით დავით გარეჯზე საშინელი პრეტენზიები განაცხადეს და არა მარტო განაცხადეს, რუკებს უშვებენ, შესაბამისი ქვეყნები და საქართველოს საზღვარი მცხეთამდე მოჰყავთ. სამხრეთ-აღმოსავლეთით იქამდეც კი მიდიან, რომ საერთოდ შლიან საქართველოს კავკასიის და მსოფლიო რუკიდან. ჩრდილოეთით გავიხედოთ, რამდენი ჩვენი ოლქი აქვთ წაღებული - სამაჩაბლო, სოჭის ოლქი, აფხაზეთი. ცოტა ქვემოთ ჩამოვიწიოთ, ჩრდილოეთიდან, კარგად მოგეხსენებათ აფხაზეთის ომში ჩაის ჭიქებით სვამდნენ ქართველების სისხლს, გემახსოვრებათ ტელევიზიით.
სამხრეთით გავიხედოთ, მესამედი ტერიტორიები წაღებული აქვთ, ჩაყლაპულია მთელი ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი და დღეს იქამდეც მიდიან, რომ სკოლებში წიგნებს უშვებენ და ბათუმს თავიანთ ქალაქად აცხადებენ (შესაბამისი ქვეყანა). აი, ასეთ გარემოცვაშია დღეს ქართველი ხალხი.
რა ხდება დასავლეთით?! - სიტყვით იძახიან, რომ ერთიანი საქართველოს მომხრე არიან, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ ეროვნული ღირებულებები და ზნეობრივი ღირებულებები საშინლად დასცენ და განაქარვონ.
ამას წინათ მოგეხსენებათ, ამ საშინელი სოდომური ცოდვების „პარადი“, თუ რა ვიცი რა ჰქვია იმას, რომ მოაწყვეს რუსთაველის პროსპექტზე და ყველაზე საშინელი, გასაკვირი და შემაშფოთებელი ის იყო, რომ უცხო ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები გამოდიან და იძახიან, რომ თურმე აი, ამ ხალხს, არაფერი არ უნდა უთხრა, რომლებიც სოდომის ცოდვებს პროპაგანდას უწევენ თბილისში, მოწამეთა ქალაქში, ასი ათასი მოწამის ქალაქში, დავით აღმაშენებლის, თამარის, აბო თბილელის, დემეტრე თავდადებულის ქალაქში და თურმე ამ ხალხის წინააღმდეგ რაიმეს თქმა დემოკრატიის პრინციპების დარღვევაა.
აი, ეს არის მთელი უბედურება, ზოგს ჩვენი ტერიტორიების მითვისება, დაპყრობა და საქართველო უქართველებოდ უნდა და ზოგს კიდევ ამაზე უარესი - ქართველების გახრწნა და გადაგვარება.
სად არის ჩვენი საშველი, ვის მივენდოთ ჩვენ?! სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ხალხი, ის ადამიანები, რომლებსაც ღმერთმა ბედი ჩააბარა საქართველოსი, რომ საქართველო გამოიყვანონ გაჭირვებიდან, აი, ამ არასულიერების გამო, ზუსტად იმ ხალხზეა მინდობილი და ზუსტად იქ ეძებს შველას, რომლებსაც უნდათ ჩვენი საქართველოს ტერიტორიული დაპყრობა, ან ზნეობრივი გათახსირება. ეს არ არის სწორი, ეს არის დიდი შეცდომა. მტერი შენი, რომელსაც უნდა შენი ტერიტორიების წაგლეჯვა, ან ამაზე უარესი - ზნეობრივი გარყვნა, შეუძლებელია დიპლომატიით და მოხერხებულობით მოატყუო. იმას ფულიც მეტი აქვს შენზე, ტრილიონები და იმას არმიებიც და ატომური ბომბებიც ბევრად მეტი აქვს შენზე.
და თქვენ იცით, ყოველგვარ ცხოვრებისეულ ხერხებს, პოლიტიკას (შეიძლება ასე ვთქვათ) ძალა და ფული წყვეტს. ჩვენ არც ერთი არა გვაქვს, არც მეორე და შესაბამისად, საშინელი აგრესიის ქვეშ ვართ. რა ვქნათ, რა უნცა გავაკეთოთ?! სამაგიეროდ, ჩვენ გვყავს ისეთი მფარველი, ჩვენ გვყავს ისეთი პატრონი, რომლის წინაშე უძლურია, როგორც ჩრდილოეთის მეზობელი, ისე სამხრეთის მეზობელი, ისე აღმოსავლეთის მეზობელი და ისე დასავლეთის მეზობელი, რომელიც იტყვის და აკეთებს - ეს არის უფალი და დედა ღვთისმშობელი და ჩვენ დავიწყეთ ზუსტად ამით, რომ საქართველო მათგან განსაკუთრებით პატივგებული ქვეყანაა. არავის, არც ერთ ქვეყანას ამოდენა პატივი არ რგებია, რომ ის გამხდარიყო ილია თესბიტელის ხალენის ღირსი, ქრისტეს კვართის ღირსი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი.
ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს სისხლს და ხორცს და თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ ძე ღვთისა სულია და მან ხორცი შეისხა დედა ღვთისმშობელში და ხორცი ისესხა (როგორც ამბობენ წმიდა მამები) და სისხლი, ყოვლად წმიდა ღვთისმშბელი მარიამისგან და ჩვენ როცა სისხლს და ხორცს მაცხოვრისას ვეზიარებით, ეს არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სისხლი და ხორცი და მას ეზიარება მთელი მსოფლიო, მართლმადიდებელი.
აი, ჩვენ ვისი ქვეყანა ვართ, აი, ვინ არის ჩვენი პატრონი და რისი უნდა ეშინოდეს საქართველოს, ის დედა ღვთისმშობლის იმედზე უნდა იყოს ყოველთვის, იმიტომ რომ უღალატო მფარველი, ის არის დამცველი.
მე მინდა გაგახსენოთ ერთი ცნობილი ფაქტი,რომელიც ილარიონ ქართველს შეემთხვა, როცა ის საზღვარგარეთ, ერთ-ერთ ბერძნულ მართლმადიდებლურ მონასტერში მივიდა, მიტოვებულ ეკლესიაში, თავის მოწაფეებთან ერთად. ღამე ამ ეკლესიაში ერთი კანდელი ენთო. ღამე მოვიდა კანდელაკი ასანთებად და დაინახა, რომ უცხო ხალხი იყო და რომ გაიგო ივერიელები იყვნენ, უთხრა, წადით აქედანო, გაიქცა და ამ უდიდესი კომპლექსის წინამძღვარს უთხრა, ბერძენს.
ის განრისხდა - მე არ ვიცი ვინ არიან ქართველები, წადი, გააგდეო. მივიდა ეს კაცი, ეს ბერი და ეუბნება ილარიონს, წადით ახლავე აქედანო. წმიდა ილარიონმა მაშინ სუფთა ბერძნულით მიუგო, რომ ამაღამ ნუ გაგვყრით გარეთ და ხვალ დილას ჩვენ თვითონ წავალთო. წამოვიდა, უთხრა იღუმენს, ანუ მონასტრის წინამძღვარს, რომ ასე თქვესო. მაშინ იღუმენმა მიუგო, რომ აცადე და ხვალ დილას თუ არ წავლენ, მაშინ ჯოხით გააგდეო.
და როგორც კი დაიძინა იღუმენმა, მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, თავზე დაადგა და სასტიკად შერისხა და უთხრა - უგუნურო ბერო, რომ იძახი არ ვიცი ვინ არიან ივერიელები, შენ არ იცი რომ ის ჩემი ხალხია, შენ არ იცი რომ ივერია ჩემი წილხვედრია, განა არ იცი, რომ ივერიელების მტერი ჩემი მტერიაო?!
აი, ვისი ქვეყანა ვართ ჩვენ და ის სასწაული, რომელიც დღეს სახეზეა (ყველა რჯულის მტერი თავზე ბუზივით გვეხვეოდა და საქართველო მაინც მოვიდა დღემდე), ეს ხომ ღვთისმშობლის სასწაული და მისი დამსახურებაა?! ამიტომ, ჩვენ უნდა მოვიდეთ დედა ღვთისმშობელთან.
უწმინდესს უყვარს და ხშირად ახსენებს 28-ე ფსალმუნის ბოლო სტროფებს - უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. და პატრიარქი განმარტავდა ხოლმე ყოველთვის, რომ მშვიდობას და ძალას ღმერთი თავის ერს აძლევს. ამიტომ, ჩვენ თუ გვინდა მშვიდობა და ძალა, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ღვთის ერი და მაშინ მივიღებთ მშვიდობას და ძალას...“