ფრანგული მედია საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება, რომლის შედეგად 4 ქართველი „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ საქმეზე ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა.
„2018 წლის 17 აპრილს დაახლოებით 300 ჟანდარმი იყო მობილიზებული საფრანგეთის ტერიტორიაზე ამ მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, რომლის შედეგად საქართველოს 15 და სომხეთის ერთი მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობაში და კალვადოსის რეგიონში და ნორმანდიაში ათასობით ქურდობაში“, - წერს ფრანგული გამოცემა Actu.
როგორც ფრანგული მედია აღნიშნავს, 2016 წელს ნორმანდიაში ძარცვა-ყაჩაღობის ფაქტების ზრდამ გამომძიებლებს საშუალება მისცა გამოევლინათ ე.წ. კანონიერი ქურდები და მთავარი შემსრულებლები, რომელთა ნაწილი საბერძნეთში ცხოვრობდა. მათი ინფორმაციით, მაფიოზური ჯგუფის ოთხი ქართველი ლიდერი კი ორშაბათს 16 აპრილს დააკავეს საფრანგეთში და საბერძნეთში.
ქალაქ რენის პროკურორის ნიკოლა ჟაკეს განცხადებით, „ეს ოპერაცია საქართველოს, საბერძნეთისა და საფრანგეთის შესაბამისი ორგანოების შესანიშნავი თანამშრომლობის შედეგია“.