“ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე ინიციატივით გამოდის, რომ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოების რაოდენობა გაიზარდოს და მოძრავი პატრულირება გაძლიერდეს.
კახიძემ განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების გატაცების პრევენციისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
“მინდა გამოვეხმაურო ძალიან სამწუხარო ფაქტს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი მოქალაქის მორიგ გატაცებასთან. ეს პრობლემა ახალი არ არის და ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ როგორც ზოგად, გრძელვადიან დეოკუპაციაზე, ისე ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე, რომ ისინი აღარ დაექვემდებარონ მსგავს დამოკიდებულებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, რომ აღარ გაიტაცონ, ამაში ვგულისხმობ როგორც საგუშაგოების რაოდენობის გაზრდას, ისე გაუქმებული საგუშაგოების აღდგენას და ასევე, მოძრავი პატრულირების გაძლიერებას. უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ ეს პრაქტიკა არ გადაიქცეს სტატისტიკად. ეს არ არის პარტიულ-პოლიტიკური საკითხი, ეს არის ჩვენი ეროვნული პრობლემა, ამიტომ მთავრობას მოვუწოდებ, რომ ამ საკითხზე გავამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ამასთან, ოთარ კახიძემ პარლამენტის მიერ მიღებული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად წარიმართოს.
“ჩვენ მივიღეთ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რომელშიც უნდა მოხვდეს ყველა ის პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად არის ჩართული ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევაში, ამ სიის ფორმირება უნდა მოხდეს ეფექტური გამოძიების განხორციელების შედეგად. სიის დამტკიცება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, მაგრამ თუ შესაბამისმა ორგანოებმა არ მოახდინეს დამნაშავე ფიგურანტების იდენტიფიცირება და დაფიქსირება, ბუნებრივია, ეს მოქმედება დაგვრჩება როგორც ფარატინა ფურცლები და ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმება. მოგიწოდებთ, რომ ამ ყველაფერს შევხედოთ სერიოზულად და დავგეგმოთ კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, რომ აღარ დაექვემდებარონ მსგავს მოპყრობას. გადავდგათ ნაბიჯები მსგავსი ქმედებების პრევენციისთვის“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.