მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას თავად გიორგი მარგველაშვილი ახდენს

მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას თავად გიორგი მარგველაშვილი ახდენს

პრეზიდენტი ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და საკითხი სხვა სიბრტყეში გადაიტანოს, - ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებას. 

„ეს ღიმილის მომგვრელი ამბავია. საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს “ქართულ ოცნებას“, რომლის გუნდის წევრიც გახლდათ ბატონი მარგველაშვილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხედვა. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის ხედვა „ქართული ოცნების“ ხედვას ემთხვევა იმიტომ, რომ ისინი ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან. ამ ბრალდებებში შორს აღარ წავალ. მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას თავად მარგველაშვილი ახდენს, როდესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც მერე ასე წინ ხვდება ქართულ საზოგადოებას, ვგულისხმობ ნარკორეალიზატორისა თუ მოძალადის შეწყალებას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით და სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის გამაერთიანებელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით იმ კრიტიკას გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა, რომელიც შეწყალების საკითხს უკავშირდებოდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვას უპასუხა.