16:43 14-03-2018
აშშ-ის ელჩი - ჩემი აზრით, “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას არ სურს, ჩიხში მოაქციოს ოპოზიცია მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას სურს განავითაროს საპარლამენტო, მრავალპარტიული დემოკრატია, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის მიღწევის ხარჯზე, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ განაცხადა.
სოციალურ ქსელში მოქალაქე დაინტერესდა, ეთანხმება თუ არა ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დეპარტამენტის განცხადებას ხელისუფლების კრიტიკასთან დაკავშირებით.
“არ ვეთანხმები ამ შეფასებას. მე არ ვეთანხმები, რადგან არ ვხედავ შემაშფოთებელ ტენდენციას, რაც უკავშირდება ერთი პარტიის მიერ მართვას. მიზეზი მარტივია: მე ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას არ სურს, რომ ჩიხში მოაქციოს ოპოზიცია. მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრსაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც სურთ განავითარონ საპარლამენტო, მრავალპარტიული დემოკრატია, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის მიღწევის ხარჯზე, თუმცა არსებობს გარკვეული წუხილები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად თუ გავიხსენებთ 2016 წლის არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველთა დაახლოებით 50%-ის მხარდაჭერა მიიღო “ქართულმა ოცნებამ“, პარლამენტში ადგილები დაახლოებით 80% ერგო მას და ეს არის წუხილის საგანი. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ეს კონსტრუქციული მიდგომა გაგრძელდება და მოხდება, თუმცა მიმაჩნია, რომ მოსახლეობაზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული. უფრო მეტად უნდა ჩაერთოთ პოლიტიკურ ცხოვრებაში, უნდა შეხვდეთ პარლამენტის წევრებს, დაუყენოთ თქვენი მოთხოვნები“, - განაცხადა იან კელიმ.
ელჩის თქმით, მას ბოლო ერთი წლის განმავლობაში კონგრესმენებსა და სენატორებთან ძალიან ბევრი კონტაქტი მოუწია, ვინაიდან იყო წუხილები სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებით.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომიწია ძალიან ბევრი კონტაქტი. ამდენჯერ არ მიკონტაქტია მანამდე, კონგრესმენებთან და სენატის წარმომადგენლებთან, რადგან იყო შეშფოთება და წუხილები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მოსახლეობა და საზოგადოება გარკვეულწილად გახდა უფრო მეტად ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. ინსტიტუციური ჩარჩოები უნდა მოიხსნას და უნდა იყოს მეტი ღიაობა. აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა“, - განაცხადა იან კელიმ.