როგორც ეუთო, ისე ევროპარლამენტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა - ყველა არის იმ პროცესების გავლენის ქვეშ, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, - განაცხადა დიპლომატმა, კონსტანტინე ჟღენტმა გადაცემაში „EURO ანატომია“, რითაც გამოეხმაურა დროის სიმცირის საბაბით ეუთო/ოდირის უარს, მიავლინოს მისია საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ეუთო/ოდირის არგუმენტი, რომ ერთი თვე სადამკვირვებლო მისიის მოსამზადებლად საკმარისი არ არის, რელევანტური არაა. კონსტანტინე ჟღენტი მიიჩნევს, რომ ეუთო/ოდირის ეს პოზიცია ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელია.
„ეუთო/ოდირის არგუმენტი, რომ ერთი თვე სადამკვივრებლო მისიის მოსამზადებლად საკმარისი არაა, რელევანტური არ არის. ეუთო/ოდირის ეს პოზიცია არის ორმაგი სტანდარტი, რადგან ერთი თვე სავსებით საკმარისი დროა იმისთვის, რომ აქ მისია ჩამოვიდეს. თუ ეს არ არის საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები და არის ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისია, სავსებით საკმარისია ის ერთი თვე, რომ ჩამოვიდეს, დააკვირდეს და დასკვნა გამოიტანოს, ამიტომ ვამბობთ, რომ მათ ბულინგის შეეშინდათ“, - აღნიშნა კონსტანტინე ჟღენტმა.
4 ოქტომბრის არჩევნებზე დასასწრებად, საქართველოს ხელისუფლებამ, ეუთო/ოდირს წერილი 6 სექტემბერს გაუგზავნა, ოფიციალურმა პრაღამ კი 2 სექტემბერს. 9 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ დროის სიმცირის გამო, ეუთო/ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა. ჩეხეთში არჩევნები 3 ოქტომბერს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, ისიც, რომ 2007 წელს სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისია მოწვევიდან სწორედ 1 თვეში ჩამოვიდა.