აშშ-ის ელჩ იან კელის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ჟენევის ფორმატისადმი სწორი მიდგომა აქვს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა სოციალურ ქსელ Facebook-ში ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.
იან კელის თქმით, ქართულ საზოგადოებაში არის იმედგაცრუება იმის გამო, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატში განსახილველ ბევრ საკითხში არათუ პროგრესი, რეგრესი შეინიშნება. მან გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებისადმი, პროგრესს მიაღწიოს ჟენევის დისკუსიების ფორმატში.
„ჩვენ უკვე ჩართული ვართ ჟენევის ფორმატში. მოგეხსნებათ, წელიწადში ოთხჯერ არის ეს შეხვედრები. ალბათ, უკვე დაახლოებით 40-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა. ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში არის გარკვეული იმედგაცრუება ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ ფორმატით ვერ ხდება იმ მიზნების მიღწევა, რასაც ემსახურება აღნიშნული ფორმატი, თუნდაც ის, რომ შეწყდეს „ბორდერიზაცია“, მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდებოდეს, აღდგეს სავაჭრო კავშირები მოსახლეობას შორის და ა.შ. შედეგი არის ის, რომ პროგრესი ვერც ჩვენ და ვერც ქართულმა საზოგადოებამ ვერცერთი მიმართულებით ვერ დაინახა. მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს სწორი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ მხარს ვუჭერთ, გვინდა დავეხმაროთ საქართველოს. ასეთი ტიპის ფორმატში აუცილებელია იყოს ჩართული ისეთი ადამიანები, რომელთაც აქვს გადაწყვეტილების მიღების საშაულება და ძალა. რა თქმა უნდა, იმ მონაწილეებს, რომლებიც ჩართულნი არიან, სურს პროგრესი, თუმცა გვჭირდება ისეთი ხალხი, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა იან კელიმ.