პრემიერის განცხადება ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ღია განაცხადია, რომელიც კონკრეტულ გზავნილებს შეიცავს

პრემიერის განცხადება ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ღია განაცხადია, რომელიც კონკრეტულ გზავნილებს შეიცავს

პრემიერის განცხადება ფაქტობრივად ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ღია განაცხადია, რომელიც ძალიან კონკრეტულ გზავნილებს შეიცავს, - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას.

მისივე თქმით, ეს დიდი პასუხისმგებლობით გადადგმული ნაბიჯია და არსებული მძიმე ვითარებიდან გამოსავლის მოძებნისაკენ არის მიმართული.

“პრემიერის განცხადება ფაქტობრივად ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ღია განაცხადი გახლავთ, რომელიც ძალიან კონკრეტულ გზავნილებს შეიცავს. ერთი მხრივ, ეს გახლავთ ჟენევის ფორმატის არსებითი გააქტიურება, მათ შორის უმაღლეს დონეზე ჩართულობით. მოგეხსენებათ, პრემიერმა პირადად ჩართვის მზაობა გამოთქვა იმისათვის, რომ ამ ფორმატში მოხერხდეს კონფლიქტის დარეგულირებისაკენ სვლა და გონივრული ნაბიჯების გადადგმა. მეორე მხრივ კი, პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, რისი მზაობა ჩვენ ადრეც გაგვიცხადებია და რისი პრეცენდენტებიც, არაპოლიტიზირებულ ფორმატში, ადრეც გვქონია და ახლაც გვაქვს საზოგადოებრივ დონეზე. თუმცა მთავარი ის გახლავთ, რომ ამ ყველაფერს ხელი არ შეეშალოს. სამწუხაროდ, ამის გამოცდილებაც ხშირად გვაქვს. ეს არის მტკიცე განაცხადი, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც არ სურს ომი, დაპირისპირება და დაძაბულობის ესკალაცია. არამედ სურს მშვიდობიანი განვითარება არჩეული კურსით და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვა. ამისთვის ყველა ნაბიჯს დგამს ახლაც და მომავალშიც“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხზე მორიგი განცხადება გუშინ გაავრცელა. 

მთავრობის მეთაური მიმართავს რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, „დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“.