თურქეთის არმიამ და „სირიის თავისუფალი არმიის“ დანაყოფებმა აფრინში ქურთული დაჯგუფებების შეტევისას 313 მებრძოლი დაკარგეს

თურქეთის არმიამ და „სირიის თავისუფალი არმიის“ დანაყოფებმა აფრინში ქურთული დაჯგუფებების შეტევისას 313 მებრძოლი დაკარგეს

თურქეთის არმიამ და „სირიის თავისუფალი არმიის“ დანაყოფებმა აფრინში ქურთული დაჯგუფებების შეტევისას 24 საათის განმავლობაში 313 მებრძოლი დაკარგეს, მათ შორის რამდენიმე საველე ოფიცერი და მეთაური, - ამის შესახებ ქურთული სააგენტო ANF იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, თურქების მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, თურქეთის არმიისა და მათი მოკავშირეების 1588 წევრია მოკლული. თურქეთის არმიამ ამ დროის განმავლობაში აფრინის ტერიტორიაზე სამოქალაქო დასახლებები 1026-ჯერ, ხოლო სამოქალაქო რაიონები მძიმე არტილერიით 3307-ჯერ დაბომბა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ განაცხადა, რომ თურქეთის არმიამ ქალაქი აფრინი ალყაში მოაქცია და შეტევა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს. თურქეთის გენშტაბის თქმით, ოპერაციის დაწყების შემდეგ სულ 3195 „ტერორისტია“ ლიკვიდირებული.

თურქეთი 20 იანვრის შემდეგ სირიის ჩრდილოეთში, აფრინი რეგიონში სამხედრო ოპერაციას აწარმოებს სახელწოდებით „ზეთისხლის ტოტი“. თურქეთი რეგიონში არსებულ ქურთულ დაჯგუფებებს, მათ შორის „სახალხო თავდაცვის დანაყოფებს“ ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევს.