”მგლის თავზე სახარების კითხვით”, რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება

”მგლის თავზე სახარების კითხვით”, რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება

პრემიერის მიმართვა არ მოიტანს არანაირ სერიოზულ შედეგს. პუტინის მიმართ ასეთი მიმართვებით, რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა არ იცვლება, - ასე გამოეხმაურა ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას რუსეთის ხელისუფლების მისამართით. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ არათანმიმდევრული პოლიტიკა აქვს და ეს განცხადებაც ამის დასტურია.

”ეს მიმართვა არ მოიტანს არანაირ სერიოზულ შედეგს. პუტინის მიმართ ასეთი მიმართვებით, რომ იცვლებოდეს რუსეთის პოლიტიკა, ეს უკვე მოხდებოდა. ივანიშვილის მთავრობა მოვიდა ცრუ დაპირებით, რომ დაალაგებდა ურთიერთობას რუსეთის ხელისუფლებასთან და თან ამას იზამდა ძალიან სწრაფად. დადასტურდა, რომ ეს იყო ცრუ დაპირება და იმ პოლიტიკით, რომელიც მათ გაატარეს, საუბარია მაღალი რანგის დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხის მოხსნაზე, დააზიანა საქართველოს ინტერესები. მათ უნდა მიეცათ აქტიური რეაქცია ოთხოზორიას საზარელ მკვლელობაზე, თუმცა ეს არ გააკეთეს და ახლაც არიან არათანმიმდევრულები. ასე ”მგლის თავზე სახარების კითხვით”, რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება. ჩვენ გვჭირდება თანმიმდევრული პოლიტიკა და კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი შევთავაზეთ მთავრობას ”ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის” სახით”, - განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხზე მორიგ განცხადებას ავრცელებს.

მთავრობის მეთაური მიმართავს რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, „დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“.