ძლიერი თვითმმართველობა ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ღერძია

ძლიერი თვითმმართველობა ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ღერძია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არც ერთი ხედვა არ გაამართლებს, თუ მის ძირითად პრინციპებს და ეფექტიანი თვითმმართველობის განხორციელების პროცესზე პასუხისმგებლობას ყველა თანაბრად არ გაიზიარებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა საქართველოს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მოხარული ვარ, რომ დღეს ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობ, როგორც დედაქალაქის მერი და როგორც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი.

ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია თვითმმართველობას ჰქონდეს მეტი რესურსი და მეტად განვითარდეს, რადგან სწორედ ძლიერი თვითმმართველობაა ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ღერძი. სწორედ ამ მიდგომით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ერთხელ უკვე გატარდა ძირეული რეფორმა და ახლა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის ამ რეფორმის შედეგების გამყარება, დეცენტრალიზაციის პროცესის გაღრმავება და მისი მდგრადობის უზრუნველყოფა.

მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ განვიხილავთ თვითმმართველობის განვითარების ახალ ხედვას, რომელსაც მომდევნო წლებში ჩვენი საქმიანობა დაეფუძნება. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, არც ერთი ხედვა არ გაამართლებს, თუ მის ძირითად პრინციპებს და ეფექტიანი თვითმმართველობის განხორციელების პროცესზე პასუხისმგებლობას თანაბრად არ გაიზიარებს ყველა - ცენტრალური ხელისუფლება, თვითმმართველობა და მთლიანად, საზოგადოება.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვმართოთ, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემოს და ჩვენი ყოფის გაუმჯობესებაზე, ამიტომაც საჭიროა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის პროცესში, ყურადღება დაეთმოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალეობის ხარისხის ზრდას, გაიზარდოს თვითმმართველობის უფლებამოსილება და რესურსები, გაუმჯობესდეს სერვისები და ეფექტიანად გადაიჭრას მოსახლეობის პრობლემები, რათა თვითმმართველობის ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის შემცირდეს დისტანცია, გაჩნდეს ნდობა და განვითარდეს თანამშრომლობა", - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. "გვინდა დაგიდასტუროთ მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. იგეგმება მნიშვნელოვანი რეფორმები და მზად ვართ, ამ რეფორმებში მივიღოთ მონაწილეობა. გვინდა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ მოსახლეობას, რომ ჩაერთონ რეგიონების, ქალაქების განვითარებაში და ერთად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც დღეს აქტუალურია", - განაცხადა კალაძემ.