წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებაში მონაწილეობა მიიღოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა დიანა ჯაფარიძემ განუცხადა.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომელიც, ნეიტრალური, მიუკერძოებელი და დამოუკდიებელი ორგანიზაცია, თვალ-ყურს ადევნებს ამ საკითხს. ჩვენ ასევე გვაქვს დიალოგი შესაბამის უწყებებთან და ჩვენი ნეიტრალური სტატუსიდან გამომდინარე, მზაობას გამოვთქვამთ, მონაწილეობა მივიღოთ ბატონი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში“, - განაცხადა დიანა ჯაფარიძემ.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მათ რუსეთის საპატრიარქოდან აცნობეს, რომ რუსეთის პატრიარქი უკვე ჩაერთო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.
„ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს”, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.