პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიულ ეროვნულ ხედვას წარადგენენ.
ახალი კონცეფციის წარდგენას, რომელიც ხვალ, საქართველოს პარლამენტში გაიმართება, მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ თბილისის მერი კახა კალაძე, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო და შვეიცარიის ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტი და მთავრობა, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით.
ცნობისთვის, დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის წარდგენას მოჰყვება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს.