აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი არ არის გაკვირვებული ახალი სარაკეტო შეიარაღების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ მზად არის ნებისმიერი საფრთხე მოიგერიოს, - ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა უაითმა განაცხადა.
„ჩვენ არ ვართ გაკვირვებული ამგვარი განცხადებებით. ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ სრულად მზად ვართ“, - აღნიშნა დანა უაითმა.
აშშ-ს თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა არასოდეს ყოფილა მიმართული რუსეთის წინააღმდეგ.
„ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ბირთვული საიმედო შეკავების საშუალებების ქონა და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მზად ვართ ჩვენი ქვეყნის დასაცავად“, - განაცხადა მან.
დანა უაითმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების გამო აშშ არ შეიტანს ცვლილებებს თავის ბირთვულ სტრატეგიაში.
„პენტაგონი დიდი ხნის განმავლობაში აკვირდება რუსეთის ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ამიტომაც, აშშ გაკვირვებული არ არის და მზად არის მოიგერიოს ნებისმიერი საფრთხე. პენტაგონი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ თავდასხმას მოვიგერიებთ“, - დასძინა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.