სასულიერო პირები დღეს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განუცხადა, რამდენიმე სასულიერო პირი დღეს საპატრიარქოსთან შეიკრიბება, შემდეგ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ჩავა, რის შემდეგაც ერგნეთში გაემართება.
„სასულიერო პირების სურვილია მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს, ასევე ერგნეთთან, ადმინისტრაციულ საზღვართან მივიდეთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ“, – განაცხადა მამა გიორგიმ.
არჩილ ტატუნაშვილის მშობლები გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს შეხვდნენ. გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავს.